Accessibility links

დღეს ჩვენი ინტერესის საგანია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერაჭარაში განხორციელებული კვლევა ინვესტიციების შესახებ. ამჯერად ორგანიზაცია 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) გასხვისებული ქონებით დაინტერესდა.

ორგანიზაციის დასკვნის თანახმად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ 2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა.

სიმბოლურ თანხად - 1 ლარად - 2013-2017 წლებში სულ 23 ერთეული ობიექტი გასხვისდა. ამათგან ყველაზე მეტი - 11 ობიექტი - 2013 წელს გასხვისდა (ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში 30 849,6 კვ/მ შენობა-ნაგებობები და მასზე მიმაგრებული 76 015 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები). საინვესტიციო თანხის ოდენობამ ამ წელს, ჯამში, შეადგინა 5 231 600 ლარი, აქედან 9 ობიექტის საინვისტიციო თანხა შეადგენდა მხოლოდ 731 600 ლარს. ამასთან, ინდივიდუალური მეწარმეები და იურიდიული პირები, რომელთაც სიმბოლურ ფასად გადაეცათ ქონება, რეგისტრირებული არიან ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე თვით - ერთ შემთხვევაში ერთი დღით - ადრე. მათ უმრავლესობას ეკონომიკური საქმიანობის გამოცდილება არ ჰქონია.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2014 წლიდან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად - დეველოპერული კომპანიებისთვის გადაცემა დაიწყო, მაშინ როცა ბათუმში ბინათმშენებლობის ბუმია. დევეოლოპერული კომპანიების შერჩევა არ მომხდარა კონკურენტულ გარემოში.

მაგალითად, 2014 წელს დეველოპერულ კომპანია “დს ჯგუფს” ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ #5-ის მიმდებარედ, 1115 კვ/მ (ს/კ05.24.08.123) მიწის ნაკვეთი გადაეცა. აღნიშნული ტერიტორია 2014 წლამდე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრება იყო და მას რეკრეაციული ზონის სტატუსი ჰქონდა.

ექსპერტების აზრით, დადებით ტენდეციად შეიძლება მივიჩნიოთ 2016 წელს ”მეტრო ატლას ჯორჯიასთვის” გაფორმებული ხელშეკრულება. კომპანიას ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად - მნიშვნელოვანი საინვესტიციო პირობით გადაეცა: კომპანიას არანაკლებ 100- ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და ათი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება დაევალა (მაღალმთიან აჭარას აქვს სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების რესურსი და ასეთი ინვესტიციის მოზიდვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას).

საბოლოო დასკვნის თანახმად, 2013-2017 წლებში, 2008-2012 წლებთან შედარებით, სიმბოლურ ფასად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, გასხვისებული ქონების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა (მაგალითად, მხოლოდ 2011 წელს აჭარის მთავრობამ 52 ობიექტი, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გაასხვისა).

თუმცა არის შემთხვევები, როცა ქონება იურიდიულ პირს სიმბოლურ ფასად გადაეცა, მაგრამ კომპანიამ დათქმულ ვადებში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და, შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებებში ცვლილებები შევიდა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აჭარის ა/რ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ ვერ მიაწოდა ის დოკუმენტები, როლებშიც საუბარია დასაბუთებაზე, რის გამოც კომპანიამ წინასწარ შეთანხმებული ვალდებულებები დროულად ვერ შეასრულა, მაგრამ მას მაინც გაუგრძელდა ხელშეკრულება (მაგალითად, შპს “მექანიზტორი”, შპს ”TCF GEORGIA”).

აჭარა ბოლო წლებში, საინვესტიციო თვალსაზრით, განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პორცესზე მუდმივი დაკვირვების წარმოება, რადგან, შესაძლოა, კორუფციული გარიგებები ინვესტორებს არათანაბარ პირობებში აყენებდეს და ეს საინვესტიციო კლიმატზეც შეიძლება აისახოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG