Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო კონკურსების ჩატარების ტენდენციები


ავტორი: ირინა გურული

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კონკურსი საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალებაა, რომელიც გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უკვე წლებია სახელმწიფო შესყიდვების - მათ შორის, მსგავსი კონკურსების ჩატარების - მონიტორინგს ატარებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის მარტამდე, მთლიანობაში, 104 კონკურსი გამოცხადდა, შედეგად კი სახელმწიფო უწყებებსა და კომპანიებს შორის 3.9 მლნ ლარის ღირებულების 37 ხელშეკრულება გაფორმდა.

ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონკურსების ჯამურ ღირებულებასა და ხელშეკრულებების ღირებულებას შორის სხვაობა 4 მილიონი ლარია, რაც ნიშნავს, რომ კონკურსების შედეგად სახელმწიფო უწყებებმა რვა თვის განმავლობაში თითქმის 4 მლნ ლარი დაზოგეს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია დაბალი იყო.

ორგანიზაციის დასკვნით, კონკურსები გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და გამოქვეყნებული დოკუმენტების ანალიზის შედეგად რაიმე სახის კანონდარღვევა არ ფიქსირდება, თუმცა დაბალი კონკურენცია ორგანიზაციას კითხვებს მაინც უჩენს.

ანგარიში აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად კონკურსს, როგორც შესყიდვის საშუალებას, ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი მიმართავს. ამის მიზეზი, ბუნებრივია, ისაა, რომ ფონდის საქმიანობა მოიცავს შესყიდვის იმ კატეგორიებს (არქიტექტურული და საინჟინრო საქმეები), რომლებზეც შესყიდვა კონკურსის წესით ხდება. ამ უწყებაზე კონკურსების მთლიანი ღირებულების 82 % (3.2 მლნ ლარი) მოდის. 150 000 ლარზე მეტის ღირებულების რვა ხელშეკრულება აქვს გაფორმებული იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს კი - 400,000 ლარის ღირებულების ერთი ხელშეკრულება. შედარებით უფრო მცირე ღირებულების ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული 10-ზე მეტ სახელმწიფო დაწესებულებას.

კონკურსებზე დახარჯული თანხების ნახევარზე მეტი ერთ კომპანიაზე - შპს „სტუდია 21”-ზე - მოდის, რომელმაც, ჯამში, 1.8 მლნ ლარის ღირებულების ორი კონკურსი მოიგო. ყველა სხვა კომპანიის ჯამური შემოსავლები ნახევარ მილიონ ლარზე ნაკლებია.

104 გამოცხადებული კონკურსიდან თითქმის ნახევარში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია, 38 კონკურსს კი მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა. ჯამში, ხელშეკრულებები 31 სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმდა.

ცნობისათვის: 2014 წელს გამოცხადებული 228 კონკურსიდან 140-ში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნით, კონკურსის ახალი წესის შემოღებამ ჯერჯერობით დადებითად ვერ იმოქმედა კონკურენციის ზრდაზე.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ 12 ხელშეკრულებაში გაფორმების შემდეგ სხვადასხვა სახის ცვლილებები შევიდა. საყურადღებოა შპს „ვოლსა” და სსიპ 112-ს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც გაუქმდა, რადგან სამუშაოების შესრულება ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის კაბელების აღმოჩენის გამო ვერ მოხერხდა. მსგავსი შემთხვევები მიუთითებენ შესყიდვების დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რის შედეგადაც გარკვეული რისკების წინასწარ გათვლა ვერ ხერხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG