Accessibility links

ამ დღეებში საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გამოაქვეყნა, რომელიც, 2015 წლის მდგომარეობით, 125 301 ოჯახი იყო. რამდენიმე სტატისტიკური მონაცემის საფუძველზე ვცადეთ გაგვერკვია, როგორ ახერხებს ამ ადამიანების უზრუნველყოფას სახელმწიფო და, ზოგადად, როგორია სოციალური მდგომარეობა საქართველოში.

სოციალური სტატისტიკა საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:34 0:00
Direct link

სოციალური გამოკითხვებით, საქართველოში ყველაზე მთავარ პრობლემად მოსახლეობა უმუშევრობას ასახელებს - ეს მაშინ, როცა, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობა 12 პროცენტს არ აღემატება. საქართველოში პრობლემაა ისიც, რომ არაფორმალური დასაქმების წილი საკმაოდ მაღალია და ამიტომ, ცხადია, ეს დასაქმებულები ვერ ხვდებიან ოფიციალურ სტატისტიკაში და არც გადასახადს იხდიან. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ 12-პროცენტიანი უმუშევრობის პირობებში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 498 395 ოჯახია და აქედან 125 301 ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს.

საქართველოში, ისევ და ისევ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 3,7 მილიონი ადამიანია. თუ ვივარაუდებთ, რომ ერთი ოჯახი საშუალოდ სამ-ოთხსულიანია, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანთა რაოდენობა 1,5–2 მილიონ ადამიანამდე აღწევს, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის თითქმის 50 % სიღარიბის ზღვარს მიღმაა.

ამ ფონზე საინტერესოა კიდევ ერთი ციფრი: ამ 3,7 მილიონ ადამიანზე საქართველოში სამუშაო ძალა, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანია, ამ 2 მილიონიდან კი 1,1 მილიონზე მეტი ავტომანქანა მოდის, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს ავტომანქანა ჰყავს.

აქვე კიდევ ერთი ციფრი: დასაქმებული ადამიანებიდან 1 მილიონ ადამიანამდე არის თვითდასაქმებული. მარტივად რომ ვთქვათ, იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც, გადასახადს არ იხდიან, სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული. როგორც იცით, ამ სექტორში მიწის მფლობელი ადამიანები სახელმწიფომ უკვე დასაქმებულებს მიათვალა.

შესაბამისად, თუ კარგად დავფიქრდებით, ეს ციფრები რეალურად პარადოქსულ სიტუაციას ქმნის. რომ შევაჯამოთ, 12 %-იანი უმუშევრობის დროს მოსახლეობის 50% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, სამუშაო ძალიდან 300 000-მდე ადამიანი უმუშევარია, დასაქმებულად ჩათვლილი ადამიანების ნახევარზე მეტს მანქანა ჰყავს და გადასახადს კი ბიუჯეტში მაქსიმუმ 700 ათასამდე ადამიანი იხდის, საიდანაც 2/5-ზე მეტი საბიუჯეტო სექტორშია დასაქმებული, რაც ნიშნავს, რომ 3,7 მილიონი ადამიანის არსებობას საქართველოში 500 000-მდე ადამიანის მიერ გადახდილი გადასახადი და შექმნილი პროდუქტი უზრუნველყოფს.

ამ გადასახადისა და ასეთი ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში სახელმწიფო უმწეოთათვის შემდეგი მოცულობის შემწეობის გადახდას უზრუნველყოფს: სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი 2012 წელს იყო და 163 183-ს შეადგინა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:

2008 წელი - 131 182; 2009 წელი - 153 434; 2010 წელი - 144 877; 2011 წელი - 13 2505; 2012 წელი - 163 183; 2013 წელი - 150 607; 2014 წელი - 141 776; 2015 წელი - 125 301;

საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისთვის 60 ლარია, ხოლო ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ერთსულიანი ოჯახისთვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე ემატება 48 ლარი. სპეციალური ფორმულით გამოითვლება ზუსტი ოდენობა, რომელიც საკმარისი, ცხადია, არ არის. არსებობს თუ არა მოცემული სტატისტიკის პირობებში ამ მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა ან, საერთოდ, არის თუ არა ეს სტატისტიკა ზუსტი და აჩვენებს თუ არა ქვეყნის რეალურად მდგომარეობას? ეს, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გახლავთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG