Accessibility links

ჯარიმებისგან გათავისუფლება - გარკვეული პირობებით


პარლამენტში შესულია კანონპროექტი, რომელიც 2007 წლიდან 2015 წლის 20 აპრილამდე მრავალსართულიანი სახლების უკანონო მშენებლობებს, გარკვეული პირობებით, ჯარიმებისგან ათავისუფლებს.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს კანონში "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“. ინიცირებული პროექტის მიხედვით, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესი იმ სუბიექტებს შეეხება, რომელთა მიერ 2007 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 20 აპრილამდე სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდაა ნაწარმოები მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოები: შენობა-ნაგებობის, მზიდი ელემენტების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია.

აღნიშნული პირები ჯარიმა-საურავის გადახდისგან გათავისუფლდებიან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია აღნიშნული ნორმის ამოქმედების მომენტისათვის, ან გამოსწორდება, ან გამოსწორება კანონით დადგენილი წესით დადასტურდება მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ნორმის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში.

კანონპროექტით სტიმულირდება სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების ნებაყოფლობითი გამოსწორება დამრღვევი პირების საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლების გზით, ამასთან, იქმნება უკვე დამთავრებული მშენებლობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის კანონისმიერი ბერკეტი.

ინიციატორთა ინფორმაციით, აღნიშნული კანონის მიღება თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს საშუალოდ 1 360 000 ლარით შეამცირებს. ამასთან, კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.

აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება მეხუთე კლასისათვის მიკუთვნებულ შენობა-ნაგებობებსა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლებზე.

რაც შეეხება დღეს არსებულ საჯარიმო სანქციებს, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობა ან/და რეკონსტრუქციის წარმოება ისჯება 8 000-ლარიანი ჯარიმით, აგრეთვე, ამ კანონის შესაბამისად, უნებართვო შენობა-ნაგებობა ექვემდებარება დემონტაჟს. დედაქალაქის ტერიტორიაზე სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა კი ითვალისწინებს ჯარიმას მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარის, მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარის, მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარის ოდენობით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG