Accessibility links

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა საქართველოს ტურისტული სფეროს გასული წლის საბოლოო შედეგები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა, ვიზიტორთა რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა. თითქმის ნახევარი მილიონით გაიზარდა უშუალოდ იმ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაყვეს. გაზრდილია 2016 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც.

2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათას 825 საერთაშორისო მოგზაური (ვიზიტორი) ეწვია, რაც თითქმის ნახევარი მილიონით (449 731) მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე. 2016 წელს ასევე თითქმის ნახევარი მილიონით (432 802) გაიზარდა იმ სტუმართა რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ერთი დღე-ღამით ან მეტი დროით სტუმრობდნენ. ასეთ ვიზიტორებს ტურისტებს უწოდებენ და მათი რიცხვი შარშან 2 მილიონ 714 ათას 773-ს შეადგენდა. 4 იანვარს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გასული წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ტურიზმის სფეროს ახალ რეკორდზე ილაპარაკა:

„რეკორდი მოიხსნა როგორც ტურისტების რაოდენობის მხრივ, ასევე იმ შემოსავლების მხრივ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა და ამ შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა... შემომსვლელთა ნაკადი მატულობს როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, სადაც ჩვენ აქტიურ მარკეტინგულ და საინფორმაციო კამპანიებს ვაწარმოებთ, ასევე იმ ახალი ბაზრებიდან, რომლებიც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ. მათ შორის არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, ინდოეთი და ირანი, რომელიც ხელახლა შემოუერთდა ჩვენს ქვეყანას, ტურისტული ნაკადების თვალსაზრისით“.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, გასული წლის მანძილზე საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7.6 პროცენტით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს, საქართველოში ჩამოსული სტუმრების რაოდენობის მიხედვით, ლიდერობდა 5 ქვეყანა: პირველი ადგილზეა აზერბაიჯანი, საიდანაც ვიზიტორების ზრდამ 9 %-ზე ოდნავ მეტი შეადგინა; მეორე ადგილზეა სომხეთი, თითქმის 2-პროცენტიანი ზრდით; მესამეა თურქეთი, საიდანაც, წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების ნაკადმა თითქმის 10 პროცენტით იკლო; მეოთხე პოზიციაზეა რუსეთი - ამ ქვეყნიდან ტურისტების ნაკადმა 1 წლის მანძილზე 12 პროცენტით მოიმატა - და მეხუთეა უკრაინა, საიდანაც საქართველოს სტუმრების რიცხვი თითქმის 22 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა ერთ მილიონს. პოზიტიური ტენდენციით გამოირჩევა ევროკავშირის მიმართულებაც. საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით, 2016 წლის მანძილზე ლიდერობდნენ ლატვია +24 %, ლიტვა +16 %, ჩეხეთი + 15%, ბულგარეთი +12 % და გერმანია +11 %.

ამგვარ მზარდ სტატისტიკას, რომელსაც შემოსავლების მატებასთან ერთად ეკონომიკის ზრდაც მოჰყვება, მიესალმება ტურიზმის ბევრი სპეციალისტი, მაგრამ ზოგიერთი მათგანი არსებულ ტემპს არასაკმარისად მიიჩნევს. ტურისტული კომპანია „გუდაური ჰელისკინგის“ დამფუძნებლისა და ტურიზმის სფეროს ექსპერტის, ვატო ასათაშვილის, აზრით, ტურიზმის სფეროში საჭიროა სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა:

„ვინაიდან განვითარებადი ქვეყანა ვართ, მინიმუმ გვჭირდება ორნიშნულიანი მაჩვენებელი, რათა, დაახლოებით, 10 წლის განმავლობაში მაინც მივაღწიოთ აღმოსავლეთ ევროპის ტურიზმის განვითარების დონეს. ანუ ერთნიშნულიანი მაჩვენებლებით ჩვენ კონკურენტუნარიანი ქვეყანა რეგიონშიც კი ვერ გავხდებით, არათუ აღმოსავლეთ ევროპაში ანდა, მთლიანად, ევროპის დონეზე“.

ვატო ასათაშვილის მიერ ნახსენები ზრდის ტემპი საქართველოში 2009 წლიდან 2013 წლის ჩათვლით აღინიშნა, მაგრამ 2013 წლის შემდეგ პერიოდში ტურიზმის მიმართ არსებულმა დამოკიდებულებამ ზრდის ტემპი მკვეთრად შეამცირა. მოგვიანებით მთავრობის დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ ზრდამ ჯერჯერობით მაინც ვერ გადააბიჯა ერთნიშნა მაჩვენებელს. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მიიჩნევს, რომ ორნიშნა ზრდის ტემპი არსებული ავიარეისების პირობებში შეუძლებელი იქნება. მისი განცხადებით, ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, 2025 წლამდე განსაზღვრულია ყოველწლიური 7- პროცენტიანი ზრდა.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებაში აღნიშნულ ტურიზმის ეკონომიკურ სარგებელს ეკონომიკის ექსპერტებიც მიესალმებიან, მაგრამ ბევრი მათგანი აღნიშნავს როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის დაბალ ხარისხს, ასევე ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ნაკლებ მზაობას მაქსიმალური მოგება მიიღონ ტურიზმის განვითარებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG