Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური ხარჯები იზრდება, პენსია კი - არა


30 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. განხილვის დაწყების შემდეგ შესაძლოა კანონპროექტი რამდენჯერმე შეიცვალოს, მაგრამ მისი ძირითადი პრიორიტეტები თითქმის უცვლელი დარჩება. ერთ-ერთი მათგანია სოციალური სფერო, რომლის დაფინანსება ბიუჯეტის თითქმის მესამედს შეადგენს. მიუხედავად ამისა, პენსიის მოცულობა არ გაიზრდება.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 9 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენს. ამავე პროექტში აღნიშნულია, რომ მთავრობა 1 მილიარდ 300 მილიონი ლარის საბიუჯეტო ვალს იღებს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი შედგენილია მმართველი პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით:

”2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ეყრდნობა მთავრობის პროგრამას ”ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის”, ეყრდნობა კოალიცია ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამას და საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიას - ‘სტრატეგია 2020’”.

ფინანსთა მინისტრის მიერ დასახელებული დოკუმენტების საფუძველზე შექმნილი პროექტის შინაარსი, ფაქტობრივად, იმეორებს 2014 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს. ბიუჯეტი სოციალურია: ჯანდაცვისა და სიციალურ ხარჯებზე მისი თითქმის 30 პროცენტი იხარჯება. მიმდინარე წლისგან განსხვავებით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 92 მილიონი ლარით გაიზარდა და ის 2 მილიარდ 750,0 მლნ ლარს მიუახლოვდა. მიუხედავად ამ ზრდისა, პენსიების მოცულობა უცვლელი დარჩება. გაზრდილი ხარჯების ძირითადი ნაწილი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებს და სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციასა და აღჭურვას მოხმარდება. ამის გამო საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ პოლიტიკურ გუნდს აკრიტიკებს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის, კომენტარი:

”2015-ში გამოვა, რომ უკვე მესამე წელია პენსია აღარ იზრდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკური ზრდა არ აქვს ქვეყანას. გარკვეული პროგრამები, რომლებსაც ისინი ახერხებენ და აფინანსებენ, ფინანსდება აღებული ვალებით, რაც თავის თავად ძალიან ცუდია”.

პეტრე ცისკარიშვილის მიერ ნახსენები ვალების აღებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების აუცილებლობით ხსნის:

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

”მომავალ წელს ჩვენ ავიღებთ საგარეო ვალებს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. რაც შეეხება გასტუმრებას, მომავალ წელს 345 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევს საგარეო ვალებში და საშინაო ვალს დაახლოებით 160 მილიონი ლარით შევამცირებთ”.

ფინანსთა მინისტრისა და, საერთოდ, მთავრობის ამგვარ პოზიციას აკრიტიკებს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გაზრდილი ვალები მომავალ თაობებს დააწვება ტვირთად:

”ჯამში, წელს და მომავალ წელს მარტო თქვენ იღებთ 3 მილიარდ ლარს ახალ ვალს. ამიტომ რომ ჰყვებით ამ ზღაპრებს რაღაც მიღწევებზე, ეს ყველაფერი კეთდება ვალით. ამას ფასი აქვს მაშინ, როცა ამას აკეთებ ეკონომიკით. და როდესაც ამას ვალით აკეთებ, პრობლემაა, იმიტომ რომ მომავალმა თაობებმა უნდა გადაიხადონ”.

ვალის საკითხის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ ეკონომიკის ექსპერტებს. ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ხელმძღვანელის ნოდარ ჭიჭინაძის აზრით, საგარეო ვალის ზრდა ძველი ვალების მომსახურების აუცილებლობამ განაპირობა:

”2013, 2014 და უკვე 2015-ში საკმაოდ დიდი მოცულობით გვიწევს, საშუალოდ ნახევარი მილიარდი ლარის გადახდა გვიწევს ყოველწლიურად, რაც წინა წლებში არ გვქონდა. ახლა, როდესაც ტვირთი გაგვეზარდა იმ ფონზე, რომ სოციალურ ნაწილზე დიდი თანხა იხარჯება და ბიუჯეტი არ გვყოფნის ბევრ მიმართულებაზე, პრინციპში ხდება რეფინანსირება, ახალი ვალის აღება და ძველის გასტუმრება, რაც თავისთავად დადებითი მოვლენა არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ”.

არც ერთი მიმართულებით მკვეთრი ცვლილება, წლევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, პრაქტიკულად დაგეგმილი არ არის. განსაკუთრებული აქცენტი, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების თვალსაზრისით, ბიუჯეტში არ იკვეთება...
ნინო ევგენიძე

2015 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი შემოსავლებისა და ვალის ურთიერთდამოკიდებულებას, ბიუჯეტის დეფიციტისა და ინფრასტრუქტურული ხარჯების საკითხებს ”საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე განმარტავს:

”პირველ რიგში, თვალშისაცემია, რომ საგადასახადო შემოსავლები დაგეგმილია 640 მილიონით მეტი. საერთოდ, მიმდინარე შემოსავლების ნაწილი დაგეგმილია 600 მილიონით მეტი, ვიდრე 2014 წელს იყო, ხოლო ხარჯები 350 მილიონი ლარით მეტი. ამან გამოიწვია ის, რომ დეფიციტი მცირდება. ანუ ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად მთავრობას აღარ უწევს ვალით აღებული ფულის დახარჯვა, მაგრამ, სამაგიეროდ, მთლიანი ბიუჯეტი, თუ გავითვალისწინებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ხარჯებს, მაშინ ბიუჯეტი დეფიციტურია, 900 მილიონი ლარის დეფიციტია. მაგრამ დეფიციტი ფარდობით მაჩვენებელში რომ ვნახოთ, მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ 2014 წელს იყო 3 პროცენტი, რაც დაწესებული ლიმიტია. ახლა იქნება 2,8 პროცენტი. ცოტა გაუმჯობესება ამ კუთხით არის”.

ბესიკ ნამჩავაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მთავრობა ინფრასტრუქტურული ხარჯების მთლიანად ათვისებას ვერ ახერხებს, ამიტომ ამ მიმართულებით დაფინანსების მოცულობა შედარებით ნაკლები ტემპით იზრდება. არადა, ეკონომისტების ნაწილი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით აუცილებლად მიიჩნევს ინვესტირების გაზრდას ინფრასტრუქტურის განვითარებაში, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ძირითადად იმეორებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის ტენდენციებს, - ამბობს ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:

პენსიის მიღების მოლოდინში
პენსიის მიღების მოლოდინში

”არც ერთი მიმართულებით მკვეთრი ცვლილება, წლევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, პრაქტიკულად დაგეგმილი არ არის. განსაკუთრებული აქცენტი, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამების თვალსაზრისით, ბიუჯეტში არ იკვეთება, ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე კი, სულ, ბიუჯეტის დაახლოებით 10 პროცენტია გამოყოფილი”.

მთავრობა ვარაუდობს, და ბიუჯეტის პროექტიც ამ ვარაუდის მიხედვით არის შედგენილი, რომ მომავალ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5 პროცენტით გაიზრდება. როგორც ცნობილია, ბოლო ორი წლის მანძილზე ასეთი პროგნოზები რამდენჯერმე შეიცვალა. კერძოდ, 2013 წელს ფიქრობდნენ, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 36 მილიარდი ლარი გახდებოდა, რაც ვერ განხორციელდა. 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში კი წერია, რომ მომავალ წელს ეკონომიკის მხოლოდ 32 მილიარდ ლარამდე გაზრდა მოხერხდება.

XS
SM
MD
LG