Accessibility links

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი დატოვა


საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვოს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები მოთხოვნის მხრიდან სუსტია. შესაბამისად, გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ფასების ზრდას არ ელის.

ეროვნულ ბანკში მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდის საგარეო შოკების გადმოცემისა და აქციზის გადასახადის დაგეგმილი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია ფასების ერთჯერადი ზრდა, მაგრამ ამ ფაქტორს ინფლაციური მოლოდინების შეზღუდვის პირობებში მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება ინფლაციის მაჩვენებელზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას მოკლევადიან პერიოდში.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო თვეების მანძილზე წლიური ინფლაცია ნულოვან ნიშნულთან ახლოსაა და ნოემბერში 0.2 პროცენტი შეადგინა. მათი განმარტებით, დაბალი ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე წინა პერიოდებში შემცირებულ ფასებთან ერთად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნაა.

განცხადებაში ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით მთავარ აქცენტს კვლავ გარე შოკებზე აკეთებს. კერძოდ, ნათქვამია, რომ ბოლო ხანებში გაძლიერდა საგარეო შოკების გადმოცემა საქართველოს ეკონომიკაზე. დოლარის გლობალური გამყარება, ევროსა და თურქული ლირის გაუფასურება მოლოდინებითა და სავაჭრო არხებით აისახა აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლით კურსზე.

თუმცა ეროვნული ბანკი დადებით პროგნოზს აკეთებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა ექსპორტის მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში საქონლის ექსპორტი წლიურად იზრდება. ასევე ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილებიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ის მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 იანვარს გაიმართება.

გუშინ მიღებული გადაწყვეტილება კი იმას ნიშნავს, რომ ლარში აღებულ სესხებზე ამ ეტაპზე განაკვეთები არ გაიზრდება. საუბარია საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობის ფინანსურ რესურსზე: 2016 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 720,1 მილიონი ლარის მოცულობის 19 167 სესხი იყო გაცემული. სესხების აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზე არის მიბმული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG