Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორელი ჟურნალისტები არჩევნების დღეს თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


ადგილობრივი ჟურნალისტების შეხვედრა გორში
ადგილობრივი ჟურნალისტების შეხვედრა გორში
გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ინიციატივით, ადგილობრივი ჟურნალისტების შეხვედრა გაიმართა. ჟურნალისტებმა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და ამ არჩევნების გაშუქების გეგმებზე ისაუბრეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების სტატისტიკით არის ცნობილი, წინასაარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი დარღვევა გორშია დაფიქსირებული. არაერთხელ ჰქონდა ადგილი ჟურნალისტების ცემის და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. აქედან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ რაიონში არჩევნები დაძაბული იქნება და შესაძლოა ჟურნალისტებზე ძალადობა ისევ გაგრძელდეს. ჟურნალისტები შეთანხმდნენ, რომ ასეთ დროს სოლიდარულები იქნებიან და ნებისმიერი ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მასშტაბურად გავრცელდება. გარდა ამისა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ჟურნალისტებს ტექნიკური ბაზის გამოყენებას სთავაზობს. პირველ ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციის გასავრცელებლად ცენტრის კომპიუტერების და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის გამოყენება შეეძლებათ. ცენტრის წარმომადგენლის ვასილ დოლიძის განცხადებით, არჩევნების დღეს აქ სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციაც გეგმავს აქტივობას და ჟურნალისტებს მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ.

ადგილობრივმა ჟურნალისტებმა კოორდინირებულ ქმედებებსა და ინფორმაციის შესაძლო გაცვლის თაობაზეც იმსჯელეს. გორში 80-ზე მეტი საარჩევნო უბანია და შეუძლებელია რომელიმე მედიასაშუალებას არჩევნების დღეს ყველა უბნიდან ამომწურავი სურათი ჰქონდეს, ამიტომ ჟურნალისტთა კოორდინირებული მოქმედება მეტი უბნის დაფარვის შესაძლებლობას ქმნის. ამ საკითხზე ჟურნალისტებმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, თუმცა ტექნიკური დეტალები ჯერჯერობით შესათანხმებელია. გაზეთ „ხალხის გაზეთის“ რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების დღეს ჟურნალისტების თანამშრომლობა, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის იქნება სასარგებლო, რადგან საარჩევნო უბნებიდან დარღვევების თუ ინციდენტების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება იქნება შესაძლებელი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი საბა წიწიკაშვილი მიიჩნევს, რომ მხოლოდ რედაქციებში საკუთარი კორესპონდენტების მიერ ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება საკმარისი არ არის, მაგრამ თუ ჩართულობის ცენტრი საარჩევნო მედიაცენტრის ფუნქციასაც შეიძენს, მაშინ ჟურნალისტებს უფრო მეტი ეცოდინებათ საარჩევნო უბნებში მიმდინარე პროცესების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებმა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დაგეგმეს. მომავალ შეხვედრაზე ამ ორგანიზაციებიდან ინფორმაციის მიღების მექანიზმებზე იმსჯელებენ. ეს შეხვედრა უახლოეს დროში გაიმართება და მის ორგანიზებას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი უზრუნველყოფს.
XS
SM
MD
LG