Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საბოლოო შედეგები გორის 32-ე საარჩევნო ოლქში


გორი
გორი
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები შეაჯამა. შედეგების შეჯამებამ ჩაშლილ მე-4 უბანში განმეორებითი არჩევნების გამო გადაიწია. კვირას გორის მე-4 საარჩევნო უბანში განმეორებითი არჩევნები მშვიდად ჩატარდა. ამ არჩევნების მიმართ მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინტერესი მაღალი იყო. მე-4 უბანზე სიით 1582 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მაგრამ კვირას არჩევნებზე მხოლოდ 433 ამომრჩეველი მივიდა. ამიტომ უბნის დახურვისას ხმების დათვლამდე უკვე ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა გაიმარჯვა, რადგან იგი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ამ არჩევნებამდე 494 ხმით უსწრებდა, ხმების დათვლის შემდეგ კი მისი უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ვახტანგაშვილმა 397 ხმა მიიღო, ტატიშვილმა კი 32. მე-4 უბანში არჩევნები საოლქო კომისიის ზედამხედველობით მიმდინარეობდა. კომისიამ ორშაბათს უკვე შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მალხაზ ვახტანგაშვილმა 32894, მისმა უშუალო კონკურენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ტატიშვილმა კი 32033 ხმა მიიღო. საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ, ხარვეზების მიუხედავად, არჩევნებმა გორის მუნიციპალიტეტში მშვიდად ჩაიარა.

კვირას მე-4 საარჩევნო უბანთან იქვე მცხოვრები ადამიანებიც შეიკრიბნენ და შედეგების გამოცხადებას გვიანობამდე ელოდებოდნენ. მათი აზრით, ეს არჩევნები უნდა გახდეს მაგალითი მომავალი არჩევნებისთვის.

კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებული კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ხმების დათვლის პროცესს ბოლომდე ელოდებოდა. მან შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დგება დრო, როცა ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ არჩევნების გზით იქნება შესაძლებელი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გორის 32-ე საარჩევნო ოლქის საბოლოო შედეგი უკვე გამოაქვეყნა. მალხაზ ვახტანგაშვილმა გიორგი ტატიშვილს 861 ხმით გაუსწრო.
XS
SM
MD
LG