Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება „ელექტრო ერევნის“ აქცია


საპროტესტო აქცია ერევანში
საპროტესტო აქცია ერევანში

მეორე კვირა დაიწყო, რაც სომხეთის დედაქალაქში არ წყდება გამოსვლები ელექტროენერგიის გაძვირების გამო. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არ აპირებენ უკან დაიხიონ, მიუხედავად პოლიციასთან შეხლა-შემოხლის გამეორების საფრთხისა.

25 ივნისის ღამე ასობით მოქალაქემ ქუჩაში გაათენა, პრეზიდენტის სასახლის სიახლოვეს. ქალაქის მთავარ გამზირზე უკვე მეოთხე დღეა შეწყვეტილია სამანქანო მოძრაობა.

"არსად გვეჩქარება. თვე და 10 დღე გვაქვს“, - აცხადებს ვაღინაკ შუშანიანი, საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი - ის გულისხმობს 1 აგვისტოს, ანუ დღეს, როცა ძალაში უნდა შევიდეს ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჰოვიკ აბრაჰამიანმა განაცხადა, რომ მთავრობა არ შეცვლის ელექტროენერგიის გაძვირების გადაწყვეტილებას.

თუმცა 25 ივნისს გამართულ მთავრობის სხდომაზე მან განაცხადა, სახელმწიფო გაუზრდის დახმარებას დაახლოებით 105,000 ღარიბ ოჯახს, რათა მათ გაზრდილი გადასახადის დაფარვა შეძლონო.

პრემიერ-მინისტრმა დემონსტრანტებს ბაგრამიანის გამზირის გახსნისკენ მოუწოდა.

პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის მთავრობას მოუწოდა „გამონახოს კომპრომისული გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც დემონსტრანტებმა წამოჭრეს“. 24 ივნისს გვიან საღამოს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ამბობს, მოსკოვი იმედს ამყარებს „სომხეთის მთავრობის საღ აზრსა და სიბრძნეზეო“.

ერევანში საპროტესტო აქცია დაარბიეს
please wait

No media source currently available

0:00 0:09:28 0:00

1 აგვისტოდან სომხეთში 16 პროცენტზე მეტით იგეგმება ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა. საზოგადოების გულისწყრომას სწორედ ეს გარემოება იწვევს. სომხეთის ელექტრომიმწოდებელ უწყებას, სომხეთის ელექტროენერგიის ქსელებს, მთლიანად ფლობს რუსეთის ფირმა „ინტერ-რაო“.

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ორჯერ უშედეგოდ შეეცადა საპროტესტო მოძრაობის ლიდერებთან შეხვედრას. 24 ივნისს, გვიან საღამოს, მან სომხეთი დატოვა, ბრიუსელში გაემგზავრა, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერებთან შესახვედრად.

მოლაპარაკების გამართვაზე უარი თქვეს დემონსტრაციების ორგანიზატორებმა და განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის მიერ ფასის გაზრდის გადაწყვეტილების გაუქმება დააკმაყოფილებთ.

საპროტესტო აქცია ერევანში
საპროტესტო აქცია ერევანში

25 ივნისს, დილით, აქციის ადგილას მივიდა სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელი ვლადიმირ გასპარიანი, თუმცა არ გასაუბრებია დემონსტრანტებს, რომლებმაც უკვე მესამე ღამე გაათენეს ქუჩაში.

24 ივნისს 9 000-ზე მეტი დემონსტრანტი შეუერთდა აქციას, მიუხედავად პოლიციის მოწოდებებისა დაშლილიყვნენ.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, აქციები 24 ივნისს სომხეთის რამდენიმე სხვა ქალაქშიც გაიმართა.

დეპუტატი ტევან პოღოსიანი უარყოფს რუსეთის მედიის მიერ გავრცელებულ აზრს, რომ დემონსტრაციები მორიგი „ფერადი რევოლუციაა“.

„ვითარება სომხეთის ელექტროენერგიის ქსელების ცუდმა მართვამ გამოიწვიაო“, უთხრა მან სააგენტო „ინტერფაქსს“ და დასძინა: „მაგრამ, მართვის გაუმჯობესების ნაცვლად, ზოგიერთი პირი ‘მაიდანს’ ეძებსო“. პოღოსიანმა, ცხადია, იგულისხმა უკრაინაში გამართული ევროკავშირის მომხრე აქციები, რომელმაც 2014 წელს მთავრობის დამხობა მოიტანა.

სომხეთს, ღარიბ ქვეყანას, უკვე მიაყენა დიდი დარტყმა რუსეთში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა.

საპროტესტო აქციას ძლიერი მუხტი შეემატა მას შემდეგ, რაც 23 ივნისს, დილით, პოლიციამ წყლის ჭავლით დაიწყო დემონსტრანტების დაშლა, რასაც კონფრონტაცია მოჰყვა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.

შეტაკებების დროს დააკავეს 230-ზე მეტი პირი, თუმცა უკვე ყველა გათავისუფლებულია.

წყალი ვერ დაგვაშინებსო, უთხრა აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა, შუშანიანმა, რადიო თავისუფლებას: "რაც მეტ წყალს შეგვასხამთ, მით უფრო გავძლიერდებით“.

აქციებზე ძალადობის გამო შეშფოთება გამოთქვეს ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ეუთომ. სომხეთის მთავრობას მოუწოდებენ დაიცვას მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და სრულად და სწრაფად გამოიძიოს ცნობები პოლიციის მიერ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG