დემონსტრაციაზე, რომელზეც რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ლიდერები: ირაკლი ფავლენიშვილი, ანა წითლიძე, პეტრე ცისკარიშვილი, ხატია დეკანოიძე, ლაშა ფარულავა და სხვები.
„ბატონო [დონალდ] ტრამპ, ქართველი ხალხი ითხოვს მეგობარ აქტს“, - ეწერა აქციაზე მიტანილ ერთ-ერთ ბანერს, რომელზეც სააკაშვილი და აშშ-ის პრეზიდენტი იყვნენ გამოსახულნი.
ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ აქციის რიყის პარკში გამართვა სიმბოლურია, რადგან „მიხეილ სააკაშვილმა ეს ტერიტორია ხალხს დაუბრუნა, ბიძინა ივანიშვილმა კი ისევ ოლიგარქებს გადასცა“.
„რიყის დოქები“, რომელიც ენმ-ის მმართველობისას აშენდა ხელოვნების ცენტრის შექმნის მიზნით, რამდენჯერმე გაყიდვის შემდეგ ახლა იშლება.
„არა სისხლიანი, არამედ აღმშენებლობის ცხრა წელი“
„აფხაზეთი საქართველოა, სამაჩაბლო საქართველოა! ჩვენ ვართ დაბადებული გამარჯვებისთვის. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა მან.
კიდევ ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ თქვა, რომ „მიხეილ სააკაშვილი ზუსტად ხუთი წელია, რუსული რეჟიმის ტყვეა“:
„ზუსტად 14 წელია, რუსული რეჟიმი ცდილობს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის სახელს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ცდილობს მოკლას ეს პარტია, ვარდების რევოლუციის მონაპოვარი და მემკვიდრეობა“, - თქვა მან.
პარტიის დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ს მმართველობის ცხრა წელი იყო „არა „სისხლიანი ცხრა წელი“, არა ძალადობის ან რაიმე ცუდის ცხრა წელი, არამედ აღმშენებლობის, წესრიგის დამყარების, ქვეყნის განვითარების ცხრა წელი“.
ანა წითლიძემ განაცხადა, რომ „ერთადერთი, ვისიც ივანიშვილს ეშინია, არის სააკაშვილი“ და „მხოლოდ მას შეუძლია დაასრულოს ოლიგარქიული რეჟიმი“.
„თავისუფლება პოლიტპატიმრებს“
მან ჩამოთვალა თანაპარტიელები, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენია: „მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, გიორგი ბარამიძე, ბაჩო ახალაია, ზვიად კუპრავა და ძალიან ბევრი არამიანი“.
მისი თქმით, რეპრესიების მიუხედავად, „ჩვენ ვართ ყველაზე გაუყიდავი, პრინციპული, ეროვნული, ქართული პარტია, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს და გააგრძელებს აღმშენებლობის ცხრა წელს საქართველოში“.
სააკაშვილის ჩამოსვლა და დაპატიმრება
2013 წლიდან საქართველოდან წასული მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მალულად დაბრუნდა ქვეყანაში. ის პოლიციამ არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს, დააკავა.
- სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიების ნაწილი, სამოქალაქო ორგანიზაციები, ასევე ევროპარლამენტი;
- სხვადასხვა სასამართლო პროცესის დასრულების შედეგად, სააკაშვილს 2034 წლის 1 აპრილამდე უწევს პატიმრობა.
გარდა უკვე განხილული სასამართლო საქმეებისა, ის ასევე ბრალდებულია რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე „საბოტაჟის საქმეზე“ - საქმე აღძრულია სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების მუხლით.
გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საქმის განხილვაც, - სააკაშვილი აქაც ბრალდებულია სხვა ექს-მაღალჩინოსნებთან, გიგი უგულავასთან, დავით კეზერაშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან ერთად.
1 ოქტომბერი, - სააკაშვილის დაპატიმრების თარიღი, - ასევე, 2012 წელს „ქართული ოცნების“ კოალიციის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დღეა.
- „ნაციონალური მოძრაობა“ წინა დღეებში აცხადებდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განუცხადა ამ აქციისთვის ნებართვის გაცემაზე.
- მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ამ ადგილას თბილისის მერიას დაწყებული ჰქონდა 3-4 ოქტომბრისთვის, „თბილისობის“ აღსანიშნავი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები;
- უწყებამ პარტიას მოუწოდა, აქციის დრო და ადგილი შეეცვალა;
- აქციის დაწყებამდე 20 წუთით ადრე შსს-მ მოუწოდა დემონსტრანტებს, „არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს“ და გააფრთხილა, „რიყის დოქებთან“ ახლოს არ მისულიყვნენ „უსაფრთხოების მომეტებული რისკების“ გამო;
- საბოლოოდ აქცია დაძაბულობის გარეშე რიყის პარკში, ამფითეატრის ტერიტორიაზე ჩატარდა.
ფორუმი