Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედი“, პატარკაციშვილი და კოდუას ჩანაწერი - სააკაშვილი-რუხაძის კამათი სასამართლოში

რაზე იკამათეს მიხეილ სააკაშვილმა და ირაკლი რუხაძემ
რაზე იკამათეს მიხეილ სააკაშვილმა და ირაკლი რუხაძემ

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, - რომლის წინააღმდეგაც ახლა 2007 წლის 7 ნოემბრის საქმე განიხილება, - თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმედ მიყვანილ ბიზნესმენ ირაკლი რუხაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

დაპირისპირება უკავშირდებოდა მილიარდერ ბიზნესმენს, ბადრი პატარკაციშვილს, მის გარდაცვალებას, ტელეკომპანია „იმედსა“ და პატარკაციშვილი-სააკაშვილის ურთიერთობებს.

„ტელევიზიაში უცვლიდა რკინიგზას“

ირაკლი რუხაძემ სასამართლოში გაიმეორა ის, რაც არაერთხელ უთქვამს გადაცემებსა თუ პოდკასტებში 2000-იანი წლების შუა პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.

მან განაცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილი, - რომელიც 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონში გარდაიცვალა, - „ფაქტობრივად“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს „იმედში“ განვითარებულმა მოვლენებმა „მოკლა“.

„არ ვიცი, რა ხდებოდა 2006 წელს, როცა [სანდრო] გირგვლიანის ინციდენტი მოხდა, მაგრამ ეს იყო ამბავი, როდესაც ჩვენი ურთიერთობა აირია ხელისუფლებასთან. მოგვიანებით ვითარება დალაგდა რკინიგზის თემის გარშემო... სააკაშვილი პატარკაციშვილს ტელევიზიაში უცვლიდა საქართველოს რკინიგზას“, - განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე. მისი ჩვენება სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ მოისმინა.

კოდუას ჩანაწერი - თარგამაძის ეპიზოდი

IPN-ის ცნობით, ირაკლი რუხაძემ დაკითხვისას ახსენა ცნობილი ჩანაწერიც, რომლის ეთერში გაშვებაც ბადრი პატარკაციშვილმა „იმედის“ მაშინდელ თანამშრომელს, გიორგი თარგამაძეს დაავალა, თუმცა თარგამაძემ აღნიშნული მასალის ეთერში გაშვებაზე უარი თქვა.

  • თარგამაძე ამჟამად ოპოზიციური ტელევიზია „ფორმულის“ ტელეწამყვანია, მაშინ „იმედის“ საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაცემებს ხელმძღვანელობდა’
  • რუხაძეს თარგამაძის შესახებ ამ კონტექსტში წარსულში არაერთხელ უსაუბრია, - მათ შორის, 2025 წლის მაისში, პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ეს არის ბადრი პატარკაციშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ უფროსის, ერეკლე კოდუას საუბრის ჩანაწერი - 2007 წლის ჩანაწერი ლონდონთან ახლოს პატარკაციშვილის ვილაში.

  • ჩანაწერში პატარკაციშვილი, - რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, - კოდუას სთავაზობდა 100 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობას;
  • „მე საქართველოში ვარ ასეთი ბუნჩულა ბაბუა... ჩემი ბეგრაუნდი იკითხონ რუსეთში, სადაც ცოტა სხვანირად მიცნობენ. მე ჯერ გასროლაც კი არ დამიწყია. ამიტომ მე აბსოლუტურად მზად ვარ იმისათვის, რომ მოვილაპარაკოთ“, - ამბობდა ის;
  • ჩანაწერში ორივე ადამიანი არჩევნების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის „ნეიტრალიზების“ გზებზე საუბრობდა;
  • აუდიოჩანაწერს, - რომელიც 2007 წელს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, - პატარკაციშვილის ოჯახმა სიყალბე და ფაბრიკაცია უწოდა;
  • რადიო თავისუფლების არქივის თანახმად, ბადრი პატარკაციშვილი მოგვიანებით ამბობდა: „მე მაინტერესებდა, რამდენად შორს წამსვლელები არიან და როცა ვკითხე - იმისთვის, რომ დაიძაბოს სიტუაცია, შეგიძლია თუ არა ვინმე მოკლა? მიპასუხა, რომ პრობლემა არაა, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ რეჟიმის აბსოლუტურ კრიმინალურობაში“.

რა თქვა რუხაძემ

ირაკლი რუხაძემ, - რომელიც პატარკაციშვილის მოკავშირე იყო, - 2026 წლის 14 სექტემბერს სასამართლოში განაცხადა, რომ „იმედის“ დარბევის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილს, - რომელიც ინგლისში იმყოფებოდა, - სატელიტური ტელეფონით ესაუბრებოდა.

„საღამოს სახურავზე ავედი და დავურეკე. მითხრა, რაღაც გავუგზავნე თარგამაძეს, უნდა გაუშვას და არ უშვებსო. მთხოვა, თარგამაძესთან მიდი და უთხარი, რომ გაუშვასო“, - თქვა რუხაძემ.

„მივედი თარგამაძესთან და მითხრა, „აუ, ირაკლი, იმიტომ არ ვუშვებ მაგ ჩანაწერს, რომ ნახო დამეთანხმები, რომ რისკიანია მისი გაშვებაო“. მითხრა, „საღამოს მოდი და ერთად გადავწყვიტოთ მისი გაშვებაო“, - ასე გაიხსენა ინტერაქცია ბიზნესმენმა.

„მერე, დღის განმავლობაში ის ჩანაწერი გაუშვა „რუსთავი 2“-მა, ოღონდ გადაკეთებულად. ბადრიმაც მითხრა, ეს არის გადაკეთებული ჩანაწერიო. თქვა, რომ ამას ასე არ დავტოვებ და ვიბრძოლებო. რეალურად რაც მოხდა ისაა, რომ ფაქტობრივად, ამან ბადრი მოკლა...მე ვიცი, რომ თარგამაძეს მისცა პატარკაციშვილმა აუდიოჩანაწერი იმისთვის, რომ გაეშვა ეთერში“, - განაცხადა რუხაძემ.

მისი თქმითვე, გარდაცვალებამდე ბადრი პატარკაციშვილი „იყო ღრმა დეპრესიაში, ტყეში დადიოდა, ოჯახს არ ელაპარაკებოდა. საკმაოდ შეცვლილი იყო“.

„ტყუილია“ - სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა, - რომელიც სხდომას ბრალდებულის სკამიდან ადევნებდა თვალს, - განაცხადა, რომ რუხაძე იტყუება.

„ტყუილია, არ იყო მონტაჟი [ეგ ჩანაწერი]. ტყუილებს ნუ ლაპარაკობ“! - მიმართა მან ბიზნესმენსა და „იმედის“ ყოფილ მფლობელს.

„მას შემდეგ, რაც პატარკაციშვილი მხილებულ იქნა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, ეს დაიჯერეს მისმა ჟურნალისტებმა და დახურეს თავად ტელევიზია“, - თქვა მან.

„სააკაშვილთან რა პრეტენზია გაქვთ? ბადრი პატარკაციშვილმა დახურა ტელევიზია, მას შემდეგ, რაც არ დაემორჩილნენ თავისი ჟურნალისტები. წერტილი“ - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

ფოტო არქივიდან: ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, მიხეილ სააკაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი
ფოტო არქივიდან: ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, მიხეილ სააკაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი

„თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურაო. შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას: „ყველაფერს ვიღონებ სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად“. არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება“? - ჰკითხა მან რუხაძეს.

შემდეგ სააკაშვილმა ბიზნესმენს უთხრა: „თქვენ წახვალთ ისევ სოროში, საიდანაც ივანიშვილს მოახსენებთ, როგორც შეასრულეთ თქვენი დავალება დღეს სასამართლოში“.

მან სასამართლო პროცესს „კენგურუს სასამართლო“ უწოდა - ანუ სასამართლო, რომლის დროსაც უხეშად ირღვევა სამართლიანობის პრინციპები.

„ჩემი ტყვეობა დროებითია და მე შევალ საქართველოს ისტორიაში, როგორც მისი აღმაშენებელი, თქვენ შეხვალთ, როგორც ტურები და გიენები“, - თქვა მან.

„ნახევარ-სიმართლე ორივე მხრიდან“ - ხუხაშვილი

პოლიტიკის კომენტატორმა გია ხუხაშვილმა, - რომელიც ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული ფიგურა იყო, - სასამართლოს შემდეგ მხარეთა განცხადებები „ნახევარ-სიმართლეებად“ დაახასიათა.

ხუხაშვილმა, - რომელსაც გამოცემული აქვს მემუარები, სათაურად „კუ­ლი­სებს მიღ­მა - რა ღირს სა­ქარ­თვე­ლო“, - დაწერა, რომ როგორც ამ პროცესების მონაწილე, შეეცდება, საზოგადოებას უამბოს, თუ რა ხდებოდა პატარკაციშვილსა და სააკაშვილს შორის.

„სააკაშვილი თვლიდა, რომ ბადრი გირგვლიანის თემას პოლიტიკურად იყენებდა ხელისუფლების წინააღმდეგ“, - დაწერა ხუხაშვილმა.

გია ხუხაშილი
გია ხუხაშილი

მისი შეფასებით, ირაკლი რუხაძე მართალს ამბობს, რომ შედგა შეთანხმება მათ შორის, - „თუმცა არა ტელევიზიის რკინიგზაში გაცვლის თაობაზე, არამედ ერთობლივი კომპანიის შექმნაზე, რომელშიც ხელისუფლება ჩადებდა რკინიგზას, ხოლო ბადრი მაგთის საკონტროლო პაკეტს და ტელევიზიას“.

ხუხაშვილის ვერსიით, ეს იქნებოდა „3-მილიარდიანი კონტრაქტი, რომელშიც იმედის წილი 400 მილიონს შეადგენდა“.

  • „ეს თემა ბადრიმ ჩემთან განიხილა, რაზეც ვუთხარი, რომ არ ვურჩევდი ამის გაკეთებას რიგი, მათ შორის პირველ ყოვლისა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე - არ შეიძლებოდა რკინიგზა, როგორც სტრატეგიული აქტივი ჩვენი გეო-პოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, მთლიანად კერძო მფლობელობაში გადასულიყო“, - წერს გია ხუხაშვილი.
  • მისი განცხადებითვე, ბადრი პატარკაციშვილმა აღნიშნული გარიგება, „რომელიც უკვე პრაქტიკულად ფინალურ ეტაპზე იყო გასული, ჩაშალა“.
  • „მიშამ ჩათვალა, რომ ეს ომის გამოცხადებას ნიშნავდა და დაიწყო კიდეც ომი. ამიტომ, როდესაც მიშა და მისი მოწმეები ბადრის აკავშირებდნენ და აკავშირებენ რუსეთთან, ეს არის ცინიზმი, რადგან თვითონ შესთავაზეს პარტნიორობა „რუსეთის კაცს“, - წერს ხუხაშვილი.
  • ხუხაშვილი წერს იმასაც, რომ მისი შეფასებით, „თარგამაძე სწორად მოიქცა, როდესაც არ გაუშვა ის ჩანაწერი, რადგან ხელისუფლებამ ისიც თავის სასარგებლოდ გამოიყენა“.
კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG