Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის დახმარება სოფლის მეურნეობას


საქართველო და ევროკავშირი, ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ENPARD-ის - ფარგლებში, 3-მილიონი ევროს მოცულობის პროგრამას იწყებენ. საპილოტე პროექტი ლაგოდეხში საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაცია CARE-ის, ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციისა და ესპანური პარტნიორი ორგანიზაციის ETEA-ის ფონდის მიერ (ანდალუზიის რეგიონალური განვითარების ფონდი) ხორციელდება. ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ პროექტებისა, რომლებიც საქართველოში ევროკავშირის ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

პროექტი ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობითაა დაფინანსებული, ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში. სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. „სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე", - აცხადებენ ENPARD-ში. საქართველოში მიმდინარე ევროპის სამეზობლო პროგრამას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ENPARD-ს, ჯამურად, 52 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტი აქვს.

2015 წლის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ, რაც გულისხმობს 888 ფერმერული კოოპერატივის ჩამოყალიბებასა და 54 რეგიონალური საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის შექმნას. ამ კოოპერატივებისთვის პროგრამა სხვადასხვა საგრანტო კომპონენტს ითვალისწინებს.

ამას გარდა, აგრარულ სექტორში აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების გასაძლიერებლად ENPARD-მა დააფინანსა ორი პროექტი. თითოეულის ბიუჯეტი 350 ათასი ევროა (918,000 ლარი) და 18 თვეს გასტანს. პირველი პროექტი, რომელსაც ახორციელებს ლიმერიკის უნივერსიტეტი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად, მიმართული იქნება კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისა და სექტორის საგანმანათლებლო და კვლევითიინსტიტუტების ცოდნის გაძლიერებისაკენ. პროექტის ფარგლებში გაძლიერდება სოფლის მეურნეობის პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი (RAPDI).

მეორე პროექტის განმახორციელებელია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის - CENN-ისა და PMC-ს - კვლევებთან ერთად, იმუშავებს რეგიონალური უნივერსიტეტების კვლევითი ცოდნის გაღრმავებაზე ტრენინგებისა და მთავარ საკითხებზე ერთობლივი კვლევების ჩატარების გზით. პროექტის ფარგლებში ჩართული მხარეები განავითარებენ საკუთარ უნარებს, რათა შეძლონ რეგიონალურ განვითარებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს კონსულტაციები გაუწიონ სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირონ მათ ჩართულობას რაიონული განვითარების გეგმების შემუშავებაში. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს რაიონული განვითარების პასუხისმგებელი უწყებების როლის განსაზღვრას საქართველოს სოფლის მეურნეობის საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG