Accessibility links

ერაყში ქურთთა რეფერენდუმის შემდეგ თურქეთი შურისძიებით იმუქრება


ერაყელი ქურთების დროშები

ერაყის მთავრობა გამორიცხავს მოლაპარაკების გამართვას ძირითადად ქურთებით დასახლებული ჩრდილოეთ რეგიონის გამოყოფის შესახებ, თურქეთი კი სანქციებით იმუქრება. ეს განცხადებები მოჰყვა ქურთთა რეგიონში ორშაბათს ჩატარებულ რეფერენდუმს, რომელმაც დამოუკიდებლობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოავლინა.

სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, პირველადი შედეგებით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 72-მა პროცენტმა და მათგან დიდმა უმრავლესობამ - შესაძლოა, 90 პროცენტზე მეტმა - უთხრა „დიახ“ დამოუკიდებლობას. ამ მონაცემებს, სააგენტოს ინფორმაციით,ქურთული სატელევიზიო არხი „რუდავი“ ავრცელებს. რეფერენდუმის საბოლოო შედეგები ოთხშაბათს გახდება ცნობილი.

ქურთთა ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ირბილში ხალხი ქუჩებში გავიდა საზეიმოდ. შენობები ქურთთა დროშებით იყო მორთული, ისროდნენ ფოიერვერკებს, - იტყობინება „როიტერსი“.

ჩვენ არ ვართ მზად განვიხილოთ ან დიალოგი გავმართოთ ამ რეფერენდუმზე, რადგან ის არაკონსტიტუციურია...
ჰაიდერ ალ-აბადი

ეთნიკურად ჭრელ ქალაქ ქირქუქში, სადაც არაბები და თურქომანები რეფერენდუმის წინააღმდეგ გამოვიდნენ, მთავრობამ გააუქმა კომენდანტის საათი, რომელიც კონტროლის შესანარჩუნებლად დააწესა მანამდე.

მეზობელ ირანში, სადაც ასევე სახლობს ქურთთა უმცირესობა, ათასობით ქურთი გავიდა ქუჩებში რეფერენდუმისთვის მხარდაჭერის საჩვენებლად, მიუხედავად თეირანის მხრიდან ძალის დემონსტრირებისა, მათ რეგიონებზე სამხედრო ვერტმფრენების გადაფრენის სახით.

რეფერენდუმმა ბიძგი მისცა შიშს ახალი რეგიონალური კონფლიქტის დაწყების შესახებ. თურქეთმა, რომელიც თავის ტერიტორიაზე ათწლეულებია ებრძვის ქურთთა ამბოხებას, კიდევ ერთხელ გაიმეორა მუქარა, რომ რეფერენდუმს ეკონომიკური და სამხედრო გზებით უპასუხებს.

ქურთისტანის რეგიონალური მთავრობის ხელმძღვანელი მასუდ ბარზანი ამბობს, რომ რეფერენდუმს სავალდებულო ძალა არ აქვს - მისი ფუნქციაა მანდატის შექმნა ბაღდადსა და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკების საწარმოებლად რეგიონის ერაყისგან მშვიდობიანი გამოყოფის თაობაზე.

მაგრამ რეფერენდუმს ერაყში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

„ჩვენ არ ვართ მზად განვიხილოთ ან დიალოგი გავმართოთ ამ რეფერენდუმზე, რადგან ის არაკონსტიტუციურიაო“, განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ, ორშაბათს.

ქურთებმა რეფერენდუმი გამართეს ბაღდადის, ერაყის ძლიერი აღმოსავლელი მეზობელი ირანისა და რეგიონის დანარჩენ მსოფლიოსთან დამაკავშირებელი მთავარი ქვეყნის, თურქეთის მხრიდან მუქარის მიუხედავად.

„ამ რეფერენდუმის გამართვის გადაწყვეტილება, რომელიც კონსულტაციების გარეშე მიიღეს, არის ღალატი“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ გადაკეტავს მილსადენს, რომელსაც ჩრდილოეთ ერაყიდან გლობალურ ბაზრებზე ყოველდღიურად ასიათასობით ბარელი ნავთობი გადააქვს.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი

ერდოანი აცხადებს, რომ ერაყის ქურთებს შიმშილობა დაემუქრება, თუ თურქეთი სანქციებს დააწესებს. მისი თქმით, თურქეთს ასევე შეუძლია მიმართოს სხვა ეკონომიკურ და სამხედრო ზომებს.

ერაყელი ქურთები წარმოადგენენ ნაწილს ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფისა, რომელიც ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ სახელმწიფოს გარეშე დარჩა. მათი განცხადებით, რეფერენდუმი ირეკლავს მათ შენატანს ექსტრემისტულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში - მას შემდეგ, რაც ექსტრემისტებმა ერაყის არმიას სძლიეს და 2014 წელს ერაყის ტერიტორიის მესამედი დაიკავეს.

ამომრჩეველს სთხოვდნენ ბიულეტენზე ეპასუხა „დიახ“ ან „არა“ კითხვაზე: „გსურთ თუ არა ქურთისტანის რეგიონი და რეგიონის გარეთ არსებული ქურთისტანის არეალები დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს?“

რეგიონში - ძირითადად ერაყში, ირანში, თურქეთსა და სირიაში - 30 მილიონი ქურთი სახლობს. ამ ქვეყნების მთავრობები შიშობენ, რომ სეპარატიზმი მათ ქვეყნებშიც გაღვივდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულია“ რეგიონალური მთავრობის გადაწყვეტილებით რეფერენდუმის გამართვის თაობაზე, თუმცა დასძინა, რომ ვაშინგტონის ურთიერთობა ერაყის ქურთისტანის რეგიონის ხალხთან „არ შეიცვლება“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG