Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყისა და იემენის მოქალაქეები არ შეუშვეს კაიროდან ნიუ-იორკში მიმავალ თვითმფრინავში


დონალდ ტრამპის განკარგულებების თანახმად, მკაცრდება აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა
დონალდ ტრამპის განკარგულებების თანახმად, მკაცრდება აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა

შაბათს ერაყის ხუთი და იემენის ერთი მოქალაქე არ შეუშვეს ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავში, რომელიც კაიროდან ნიუ-იორკში ასრულებდა რეისს. ზემოხსენებული პირები, რომლებიც აშშ-ში კაიროს გავლით, ტრანზიტული გზით მიემგზავრებოდნენ, სამშობლოში დააბრუნეს მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოქმედი ვიზები ჰქონდათ.

"როიტერსის" ცნობით, ეს გადაწყვეტილება ეგვიპტის ხელისუფლებამ მიიღო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საიმიგრაციო წესების გამკაცრების თაობაზე გაცემული განკარგულებების შესახებ.

გაეროს ლტოლვილთა უწყებამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ვაშინგტონს მოუწოდეს, თავშესაფრის მინიჭებაში უარი არ უთხრან მათ, ვინც ცდილობს, თავი დააღწიოს სამხედრო მოქმედებებსა და პოლიტიკურ დევნას.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა მალალა იუსაფზაიმ დაგმო დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანებულებები. ასევე, ნობელის პრემიის თორმეტმა ლაურეატმა და მსოფლოს ათასობით მეცნიერმა ხელი მოაწერა პეტიციას ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG