Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანის „უკანასკნელი გაფრთხილება“


რეჯეპ ტაიპ ერდოანი
რეჯეპ ტაიპ ერდოანი
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, მისივე თქმით, „უკანასკნელი გაფრთხილებით“ მიმართა დემონსტრანტებს, დატოვონ სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე გეზის პარკი, რომელიც თურქეთში ანტისამთავრობო გამოსვლების ეპიცენტრია.

ამდენად, პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხუთშაბათს ისევ მკაცრად მიმართა დემონსტრანტებს - სულ ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მათ ლიდერებს შეხვდა და გეზის პარკში მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა. ერდოანის ხუთშაბათის განცხადებით, პოლიცია აღარ შეეგუება გეზის პარკში საპროტესტო ბანაკის არსებობას.

თურქეთში საპროტესტო აქციები ორი კვირაა გრძელდება - დაიწყო მას შემდეგ, რაც 31 მაისს პოლიციამ ძალის გამოყენებით უპასუხა მომიტინგეებს, როცა ისინი სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე გეზის პარკში მშენებლობის გეგმას აპროტესტებდნენ. პოლიციის უხეში ქმედების შემდეგ დემონსტრაცია ერდოანის საწინააღმდეგო უპრეცედენტო მასშტაბის აქციებში გადაიზარდა და თურქეთის ბევრ სხვა ქალაქსაც მოედო. დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებამ, ამასობაში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი შეიწირა, დაშავდა 5000-ზე მეტი. ოთხშაბათს პოლიციამ ანკარაში ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად. იმავე დღეს ერდოანი ანკარაში შეხვდა საპროტესტო აქციების მონაწილე აქტივისტების მომცრო ჯგუფს - როგორც ჩანს, კეთილი ნების საჩვენებლად. ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ მთავრობა გამოდის წინადადებით, გაიმართოს რეფერენდუმი გეზის პარკში მშენებლობის საკითხზე.

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ პრესმდივნის ჰუსეინ ჯელიკის განმარტებით, ინიციატივა ითვალისწინებს რეფერენდუმის მხოლოდ სტამბოლში ჩატარებას:

”ამ შეხვედრის შედეგია ის, რომ შეგვიძლია განვიხილოთ სტამბოლის მცხოვრებთათვის რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობა. მე არ ვგულისხმობ რეფერენდუმს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ სტამბოლის მოსახლეებს შევეკითხებით: გსურთ თუ არა ამ პროექტის განხორციელება? დემოკრატიაში ხალხის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და გავითვალისწინოთ. ამიტომ ჩვენ ისე მოვიქცევით, როგორც ამას სტამბოლის მოსახლეები გადაწყვეტენ”.

ჰუსეინ ჯელიკმა რეფერენდუმის ინიციატივა „კეთილი ნების“ გამოხატვად მოიხსენია და გამოთქვა იმედი, რომ ეს ინიციატივა დემონსტრანტებს დაარწმუნებს გეზის პარკისა და მიმდებარე ტაქსიმის მოედნის დატოვების საჭიროებაში:

„მოვუწოდებ იმათ, ვინც იქ მხოლოდ გარემოს დასაცავად ან საკუთარი აზრის გამოსათქმელად არის შეკრებილი: მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ რეფერენდუმის ჩატარება და შესაბამისი სტრუქტურებისათვის ამის დავალება, დაუყოვნებლივ დატოვეთ გეზის პარკი, რათა ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს და ყველამ, ვისაც გეზის პარკში წასვლა სურს, ამის თავისუფლად გაკეთება შეძლოს“.

რეფერენდუმის შესახებ თურქეთის მმართველი პარტიის ინიციატივას დემონსტრანტების სკეპტიკური გამოხმაურება მოჰყვა.

„ამ რეფერენდუმს აზრი არა აქვს, რადგან არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ასეთი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. საკმარისი იქნება, რომ პრემიერ-მინისტრმა ყური დაუგდოს საზოგადოების მოთხოვნებს. თუ ჩატარდება რეფერენდუმი, რომელიც ადრეც გვინახავს, სტამბოლში სხვა რეგიონებიდან ავტობუსებით ჩაიყვანენ ხალხს, ვინც იქ არ ცხოვრობს“, - უთხრა ანკარელმა დემონსტრანტმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტს.

სკეპტიკურად განწყობილნი ჩანან სტამბოლშიც. ხუთშაბათს, საღამო ხანს გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტები რჩებოდნენ გეზის პარკშიც და მიმდებარე ტაქსიმის მოედანზეც.
XS
SM
MD
LG