Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: თურქეთი შეძლებს, ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთის ენერგომატარებლებს


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ ანკარამ შესაძლოა ალტერნატივა მოუძებნოს რუსეთისგან ნავთობის და გაზის შესყიდვას, იმ ფონზე, როცა ორმხრივი ურთიერთობები გაუარესების გზაზეა, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. 5 დეკემბერს ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ერდოანმა თქვა, „სხვა მომწოდებლების პოვნა შესაძლებელიაო“. სავარაუდოდ, მას მხედველობაში ჰქონდა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ყატარი და აზერბაიჯანი. ერდოანი ამ კვირაში ესტუმრა ყატარს, სადაც მიაღწია შეთანხმებას გათხიერებული ბუნებრივი აირის შესახებ. თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმეტ დავუთოღლუ კი აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც, გავრცელებული ცნობებით, ენერგეტომატარებლების მიწოდების შესახებ გამართა შეხვედრები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს გათხიერებული აირის აშშ-ისგან და ალჟირისგან შესყიდვის შესაძლებლობის თაობაზე. თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი 24 ნოემბერს ჩამოაგდო სირიის საზღვართან ახლოს, რამაც მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები ცივი ომის შემდგომი პერიოდისთვის უპრეცედენტოდ გააუარესა. თურქეთი ძალზე დამოკიდებულია ენერგეტიკის უცხოურ წყაროებზე. ამ ქვეყანაში მოხმარებული ნავთობის 91 და გაზის 98,5 პროცენტი უცხოეთიდან შედის - ძირითადად რუსეთიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG