Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია - ოპოზიციას შეკითხვები აქვს


თელავი
თელავი

თელავში ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ღირებულება 6 მილიონ 400 ათასი ლარია. ოპოზიცია განმარტებას ითხოვს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებსა და პროექტში შესულ ცვლილებებზე, რამაც, თავის მხრივ, ბიუჯეტის გაზრდა გამოიწვია. ბრალდებები მუზეუმის დირექტორისა და მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის მიუღებელია.

ერეკლე მეორის მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია

  • რეაბილიტაციის პროექტის დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია.
  • სამუშაოები 5 წლის წინ, 2012 წელს, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაიწყო.
  • ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაზე 14 მილიონი ლარი დაიხარჯა, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოყო.
  • განახლებული კომპლექსის შეფასებას ფართო საზოგადოება მიმდინარე წლის მაისიდან შეძლებს.
    თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი. 2017 წელი
    თელავის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი. 2017 წელი

პროექტი, რომელიც თელავში ერეკლე მეორის მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, დასრულდა. სამუშაოები 5 წლის წინ, 2012 წელს, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაიწყო, თუმცა ახალმა ხელისუფლებამ მაშინდელი პროექტი დაიწუნა და ახალი მოამზადა, ახალი პროექის მომზადებასა და განხორციელებას კი 5 წელზე მეტი დრო დასჭირდა. მართალია, ერეკლე მეორის მუზეუმის კომპლექსი დამთვალიერებლისთვის ჯერ არ გახსნილა, მაგრამ დაინტერესებულ პირებს მისი ნახვის შესაძლებლობა უკვე აქვთ. მათ შორის, ვინც კომპლექსი უკვე ნახა, ლეიბორისტული პარტიის თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკა ვარდოშვილიც არის. ვარდოშვილის თქმით, პროექტის მასშტაბები მნიშვნელოვნად არის შემცირებული, თუმცა იმაზე მეტი თანხა დაიხარჯა, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. ვარდოშვილს არ მოსწონს არც რეაბილიტირებული სასახლის დიზაინი და არც შესრულებული სამუშაოების ხარისხი.

ერეკლე მეორის მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“. როგორც ამ პარტიის წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი ამბობს, მათი მთავარი შეკითხვა ეხება შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და პროექტის ბიუჯეტს, რომელიც, მისივე თქმით, სამი მილიონით გაიზარდა.

ერეკლე მეორის სახლ-მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია პრობლემებს ამუქებს. მისი თქმით, როდესაც პროექტის სახალხო განხილვა შედგა, პრეტენზია არავის ჰქონია. ურჩუხიშვილი იმასაც ამბობს, რომ დეტალებზე ვერ ილაპარაკებს, თუმცა შეუძლია თქვას, რომ ყველაფერი, რაც დაგეგმილი იყო, გაკეთდა.

თელავი
თელავი

ერეკლე მეორის მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია. როგორც პროექტის მენეჯერმა ჯუღა სიხარულიძემ გვითხრა, მთლიანი სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ 400 ათასი ლარია. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დასახელებულ პრობლემებს ხარისხთან დაკავშირებით, სიხარულიძის თქმით, სამუშაოები ხარისხიანად არის შესრულებული, თუმცა, თუკი ერთი წლის განმავლობაში რაიმე პრობლემა გამოვლინდა, სამუშაოების შემსრულებელი ვალდებულია მოაგვაროს.

ერეკლე მეორის მუზეუმის კომპლექსი ბოლო 5 წლის განმავლობაში დამთვალიერებლისთვის დახურული იყო. განახლებული კომპლექსის შეფასებას ფართო საზოგადოება მიმდინარე წლის 18 მაისიდან შეძლებს. 18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა და კომპლექსიც იმ დღეს უნდა გაიხსნას.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG