Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წითელი ჯვარი“ კონფლიქტის ზონაში 180-ზე მეტ ადამიანს ეძებს


ერგნეთში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სამმხრივი შეხვედრა, რომელიც „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით ტარდება. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს წარმომადგენლები, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმის ფარგლებში, ერთმანეთში ინფორმაციას ცვლიან, ეძებენ ომის დროს დაღუპულთა საფლავებს და, ნეშტების ექსგუმაცია–იდენტიფიკაციის შემდეგ, გადასვენებას ახდენენ. ეს მექანიზმი 2010 წლის თებერვალში შეიქმნა და 2008 წლის ომის დროს დაკარგულთა ბედის გარკვევას ცდილობს. შეხვედრა დახურული ფორმატით მიმდინარეობდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კომენტარზე უარი თქვეს და პირად საუბარში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ სამუშაო შეხვედრაზე დაკარგულთა სიების დაზუსტების პროცესი მიმდინარეობდა. შეხვედრის ბოლოს კომენტარი „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკოორდინაციო მექანიზმის თავმჯდომარემ ასკარ უმარბეკოვმა გააკეთა. მისი განცხადებით, „წითელი ჯვარი“ არის ნეიტრალური ჰუმანიტარული ორგანიზაცია და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ყველა მიმართულებით ეძებს. ერგნეთის შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა 41 დაკარგულის შესახებ, ამ სიაში კი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები არიან. უმარბეკოვის თქმით, სიაში ცვლილებები ხშირად შეაქვთ, რადგან მექანიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მათ ოფისებს დასახმარებლად არაერთი ადამიანი აკითხავს:

„დაკარგულთა რაოდენობა დღითიდღე იცვლება და უფრო მეტი ოჯახი უკავშირდება „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს და ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს, რათა ამ ოჯახებმა დაკარგული ნათესავების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, თუმცა დღეს 41 დაკარგულზე იყო საუბარი. 2012 წელს მოხდა ექსგუმაცია-იდენტიფიკაციის პროცესი და ნეშტები ოჯახებს გადაეცა.“

მექანიზმის ამოქმედების შემდეგ სულ 5 ნეშტის ექსგუმაცია–იდენტიფიკაცია და გადასვენება მოხდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია, რომ თამარაშენთან ახლოს საერთო სამარხი არსებობს, სადაც საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაახლოებით 10 თანამშრომელია დამარხული და დიდი ხანია ქართული მხარე ნეშტების ექსგუმაცია–იდენტიფიკაციას ითხოვს. ასკარ უმარბეკოვი ვერ ამბობს, ეს პროცესი როდის დაიწყება და არ გამორიცხავს, რომ თამარაშენის გარდა კონფლიქტის ზონაში სხვა ადგილებიც არსებობდეს, სადაც საერთო სამარხებია მოწყობილი. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის სპეციალისტები ამ სამარხების ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად მუშაობას გააგრძელებენ:

„თამარაშენი ერთ-ერთი ადგილია, სადაც არის ეს სამარხი, თუმცა ასეთი ადგილები შეიძლება ბევრგან იყოს. ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ მსგავსი ინფორმაცია მივიღოთ როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ისე მედიასაშუალებებისა და ადგილობრივი მოსახლეობისგან. ასეთი ინფორმაციის მიღებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.“

2008 წლის ომის შემდეგ, დღევანდელი მონაცემებით, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი სამივე მხრიდან 41 უგზო-უკვლოდ დაკარგულს ეძებს. საკოორდინაციო მექანიზმის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებს 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დაკარგული 140 ადამიანის სიაც აქვთ, თუმცა ამ სიებში ცვლილებები ხშირად შედის. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკოორდინაციო მექანიზმის მორიგი შეხვედრა მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG