Accessibility links

ერგნეთის შეხვედრის შემდეგ საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლეს


ოსურმა მხარემ ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა

ოთხშაბათ საღამოს ოსურმა მხარემ ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი ერგნეთის საგუშაგოზე რუსეთის მესაზღვრეებმა ქართველ პოლიციელებს გადასცეს. ნუკრი თვაური, აკაკი პაპუკაშვილი, ზაურ გიგაური და ზურაბ გედევანიშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევთან ახლოს ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ისინი სოფლის სალოცავში იყვნენ მისულები, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. როგორც აკაკი პაპუკაშვილი ამბობს, სოფლის ეკლესიასთან არც მავთულხლართებია და არც სპეციალური ნიშნები, ამიტომ მათთვის გაურკვეველი იყო, სად იწყებოდა ოკუპირებული ტერიტორია, თუმცა, ტრადიციულად, ეს ეკლესია სოფლის სალოცავი იყო. დაკავებულები ჯერ ახალგორში, შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს. დღეს იქ სასამართლო პროცესი გაიმართა და ისინი 2 000 რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სწორედ საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით დაიწყო, შეთანხმებას დუშეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების გადაცემის საკითხზე მალე მიაღწიეს. გასული თვის განმავლობაში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. აქედან 15 უკვე თავისუფალია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ დაკავებების გაზრდილი სტატისტიკა მაისის თვეში ჯონჯოლის კრეფის სეზონს დაუკავშირა. ამ დროს, ტრადიციულად, საქართველოს ყველაზე მეტ მოქალქეს აკავებენ ხოლმე. მხარეების წარმომადგენლებმა ერთი წლის წინ სოფელ დისევთან დაკავებული გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ მას დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობის ბრალდება წაუყენა და ცხინვალის სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ყველა ამნისტიის აქტის გამოცემას ელოდება, თუმცა მოხვდება თუ არა ანატოლი ბიბილოვის მიერ გამოცემულ აქტში გიორგი გიუნაშვილის საქმე, ამას თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენელი, დავით სანაკოევი, ვერ აკონკრეტებს. მისი თქმით, ამნისტია მხოლოდ მსუბუქი დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებულ პირებს შეეხებათ. ქართული მხარე კი გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლებას ითხოვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე მოუწოდებს ოსურ მხარეს გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, დაეყრდნოს ქართული მხარის მიერ მიწოდებულ მასალებს და გიუნაშვილი დაუყონებლივ გაათავისუფლოს.

ერგნეთის შეხვედრა
ერგნეთის შეხვედრა

ერგნეთის შეხვედრაზე დავით სანაკოევმა კიდევ ერთხელ დააანონსა სოფელ არანგარონთან სადემარკაციო სამუშაოების დაწყება. ოსური მხარე არანგარონს სოფელ იონჩას უწოდებს და ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებს ავლევსა და ცერონისს ესაზღვრება. ოსური მხარე მავთულხლართების გაბმას ახლო მომავალში დაიწყებს. სანაკოევის აზრით, დემარკაცია ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ პრობლემებს მოაგვარებს. ქართული მხარე სანაკოევის ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ახალი „ბორდერიზაციის“ პროცესის გამო პროტესტს გამოთქვამს. ქემოკლიძის აზრით, სწორედ ხელოვნური ბარიერები უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარულ პრობლემებს და ზღუდავს მათი გადაადგილების თავისუფლებას.

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის 79 -ე შეხვედრა 11 ივლისს გაიმართება, მანამდე კი მხარეები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG