Accessibility links

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეუძლებელი ერთიანობა


"ნაციონალური მოძრაობის" დემონსტრაცია 2016 წლის 5 ოქტომბერი.

საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებულმა განხეთქილებამ, როგორც ჩანს, შეუქცევადი ხასიათი მიიღო. 9 იანვარს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს უნდა ემსჯელათ ფრაქციის თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას, გადაყენების თაობაზე, თუმცა ფრაქციის სხდომა რამდენიმე დღით გადაიდო. „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება, ასევე, 20 იანვრისთვის დანიშნული მეშვიდე ყრილობისათვის, რომლის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს მნიშვნელოვანი ნაწილი.

9 იანვარს დანიშნული ფრაქციის სხდომა, რომელშიც თბილისის ყოფილი მერი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, მონაწილეობს, კონსულტაციების გაგრძელების მიზნით სამი დღით გადაიდო, თუმცა ფრაქციის წევრები სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, აკაკი ბობოხიძე და თავმჯდომარე ნიკანორ მელია მაინც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ნიკა მელია
ნიკა მელია

ნიკა მელიას თქმით, ეჭვს იწვევს თავად ფრაქციის სხდომის გადადების ფაქტი, რომელიც უცნაურად დაემთხვა ზუსტად იმავე დროს ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ბანკთან“ მიმდინარე სასამართლო დავის გადადებას. გარდა ამისა, როგორც ნიკა მელია ამბობს, ასევე აზრს მოკლებული იყო ფრაქციის სხდომის გადადება გიგი უგულავას შუამავლობით:

„გიგი უგულავა არ არის არანაირი შემრიგებელი ადამიანი. ის არის მხარე, გიგა ბოკერიას გუნდის წევრი“.

ე. წ. გიგა ბოკერიას გუნდის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანიც ამბობს, რომ პარტიაში დაწყებული სამწუხარო პროცესი და 9 იანვარს პარლამენტის შენობაში მომხდარი ღია დაპირისპირება ფრაქციის წევრებს შორის ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მეორე მხარეს - ე. წ. მიხეილ სააკაშვილის გუნდსა და ყრილობის საორგანიზაციო ექვსეულს - უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება:

„გამიჯვნა მოხდა იმიტომ, რომ შეიქმნა ერთი ფრთა, რომელიც ემორჩილება ექვსეულის გადაწყვეტილებას, და არსებობს ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც ემორჩილება მეორე მხარე. ეს გაყრა პრაქტიკულად მოხდა. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გაყოფილია. ეს მოინდომა ამ ხალხმა, როცა შექმნა არალეგიტიმური ორგანო. ამიტომ ფრაქცია უკვე გაყოფილია“.

სააკაშვილი ნელ-ნელა კარგავდა ერთპიროვნულ მმართველობას, ანუ პარტიაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შენარჩუნების გამო დაიწყო განხეთქილება. იმთავითვე ცხადი იყო, რომ პარტია ერთიანობას ვერ შეინარჩუნებდა და მივედით კიდეც ლოგიკურ დასასრულამდე. პარტია აუცილებლად გაიყოფა...
ვახტანგ ძაბირაძე

აღსანიშნავია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილი არ აპირებს 20 იანვრისათვის დანიშნული პარტიის მეშვიდე ყრილობაზე დასწრებას, თუმცა, როგორც ლევან ბეჟაშვილი, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ყრილობის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, ამბობს, ყრილობა ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება ლეგიტიმური.

„ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხი ნამდვილად არ დგას ეჭვქვეშ. არსებობს პოლიტსაბჭოს 30 ნოემბრის ლეგიტიმური გადაწყვეტილება, რომელმაც განსაზღვრა ყრილობის თარიღი და დელეგატების რაოდენობა, შექმნა საორგანიზაციო კომისია და ჩვენც ვაგრძელებთ ყოველ რაიონში შეხვედრებს. პარტიის 95 პროცენტი ფიქრობს, რომ 20 იანვარს ყრილობა უნდა ჩატარდეს. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ვინმეს გარიცხვა ან გაკიცხვა. ჩვენი მთავარი მიზანია ჩავატაროთ ყრილობა და პარტიულმა აქტივმა, 7 ათასმა დელეგატმა, გადაწყვიტოს, რა სჭირდება პარტიას, ვინ უფრო უნდა ლიდერად და ა.შ. ბუნებრივია, უმცირესობაც ვალდებული იქნება დაემორჩილოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას. თუ ისინი სხვაგვარად ფიქრობენ და სხვა გზა მიაჩნიათ სწორად, მაშინ თავად უნდა მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება“, უთხრა ლევან ბეჟაშვილმა რადიო თავისუფლებას.

პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ პარტიის ის წევრები, რომლებიც მიხელ სააკაშვილს დაუპირისპირდნენ, აუცილებლად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, დაპირისპირება გამოიწვია პარტიაში ხელისუფლების საკითხმა და არა იდეოლოგიურმა ან ტაქტიკურმა უთანხმოებამ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

„სააკაშვილი ნელ-ნელა კარგავდა ერთპიროვნულ მმართველობას, ანუ პარტიაში ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შენარჩუნების გამო დაიწყო განხეთქილება. იმთავითვე ცხადი იყო, რომ პარტია ერთიანობას ვერ შეინარჩუნებდა და მივედით კიდეც ლოგიკურ დასასრულამდე. პარტია აუცილებლად გაიყოფა. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისეთი ვეღარ იქნება, როგორი ერთიანიც იყო, და როგორი მცირეც უნდა იყოს ბოკერია-ბაქრაძის ჯგუფი, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ არ ექნებათ 5- პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჯერჯერობით ეს ხმები იქნება, რაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ მათკენ წამოვა. ჩემი აზრით, ეს არის ხმათა მინიმალური რაოდენობა, რომლებსაც ისინი აუცილებლად წამოიღებენ. შესაბამისად, სააკაშვილისა და იმ მეორე ჯგუფის პროცენტული ნაწილი დაიკლებს, მაგრამ ის მაინც მეტი იქნება, ვიდრე სხვა პარტიებისა“, უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო თავისუფლებას.

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა ერთი ნაწილი არ კარგავს პარტიის ერთიანობის შენარჩუნების იმედს. მხარეების მორიგებას ცდილობს თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა:

„პარტია არის კრიზისში. თუ გვეყოფა პასუხისმგებლობა, რომ პარტიამ ეს კრიზისი გაიაროს, მაშინ პარტია გაივლის. თუ ვერა, მაშინ დანარჩენი რესურსი ისე გაილევა, როგორც ტელეფონის აკუმულატორის პროცენტული მაჩვენებელი. ძალიან ცოტაა დარჩენილი - 5%, 2% და ყოველდღე მცირდება“.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ. პარტიის წევრები ვერ შეთანხმდნენ, პარლამენტის ბოიკოტსა და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღებაზე, სააკაშვილის როლზე პარტიის მარცხში, პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევასა და პარტიის ყრილობის ჩატარების წესზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG