Accessibility links

ესპანეთის პოლიციამ დააკავა ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი


ესპანეთში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

14-მდე გაიზარდა ორი ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში, სადაც კვლავ გრძელდება ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია მთავარი ეჭვმიტანილის დასაკავებლად. ესპანური მედიის ცნობით, სამართალდამცველებს ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი პირი ჰყავთ დაკავებული. ექსტრემისტულმა გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა 17 აგვისტოს ბარსელონაში მოწყობილ ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ თავდასხმაზე, რაც მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა დაგმო.

ბარსელონის ცენტრში პარასკევს ათასობით ადამიანმა - მათ შორის ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსემ და პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ - წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. წუთიერ დუმილს მოჰყვა შეკრებილთა ტაში და შეძახილები "არ მეშინია".

მთელი ესპანეთის სახელით, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ბარსელონას, რომელსაც ჯიჰადისტების ტერორიზმი დაატყდა თავს, როგორც მანამდე მსოფლიოს სხვა ქალაქებს. მთელი ესპანეთი განიცდის იმას, რასაც აქ, ბარსელონაში, განიცდიან...
მარიანო რახოი

ესპანეთში ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც სავარაუდო ისლამისტი ექსტრემისტი ბარსელონაში მიკროავტობუსით დაეჯახა გამვლელებს და 13 ადამიანი მოკლა, ვიდრე მიმალვას შეძლებდა.

18 აგვისტოს მსხვერპლის რაოდენობა ერთით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ქალი, რომელიც მძიმედ დაიჭრა ქალაქ კამბრილსში განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

ქვეყნისათვის ამ უმძიმეს წუთებში ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ბარსელონიდან მიმართა თანამემამულეებსა და დაზარალებულებს.

„მთელი ესპანეთის სახელით, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ბარსელონას, რომელსაც ჯიჰადისტების ტერორიზმი დაატყდა თავს, როგორც მანამდე მსოფლიოს სხვა ქალაქებს. მთელი ესპანეთი განიცდის იმას, რასაც აქ, ბარსელონაში, განიცდიან“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ესპანეთის ხელისუფლებასა და ხალხს თანაგრძნობას უცხადებენ მსოფლიოს ლიდერები. ბარსელონაში მომხდარი „ბარბაროსული“ ტერაქტი დაგმო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა, რომელმაც გაიხსენა მადრიდში 2004 წლის 11 მარტს მოძრავ საგარეუბნო მატარებლებში მომხდარი აფეთქებები, რამაც 13 წლის წინ 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტერორიზმი კიდევ გაგვამწარებს, მაგრამ ვერასოდეს დაგვამარცხებსო, განაცხადა 18 აგვისტოს ბერლინში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

„ადამიანების დასახოცად მოწყობილმა ამ თავდასხმებმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, როგორი სრული კაცთმოძულეობით მოქმედებს ისლამისტური ტერორიზმი. ამ წუთებში ჩვენ ისიც ვიგრძენით, თუ რამდენად ახლოს ვართ ერთმანეთთან დაკავშირებულნი ესპანელები, გერმანელები, თავისუფალი ადამიანები მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

17 აგვისტოს მსხვერპლი, შესაძლოა, უფრო დიდიც ყოფილიყო, პოლიციას დროულად რომ არ მოეხდინა რამდენიმე სავარაუდო თავდამსხმელის განეიტრალება. 17 აგვისტოს ბარსელონის სამხრეთით მდებარე კამბრილსში ხუთი პირი, რომლებსაც ბუტაფორიული ასაფეთქებელი ქამრები ეკეთათ, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მას შემდეგ, რაც ისინი ავტომანქანით დაეჯახნენ გამვლელებს. პოლიცია აცხადებს, რომ კამბრილსის ინციდენტი კავშირშია ბარსელონაში მიკროავტობუსით მოწყობილ თავდასხმასთან. ესპანური მედიის ცნობით, სამართალდამცველებს ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი პირი ჰყავთ დაკავებული. სამი მათგანი მაროკოელია, ერთი კი - ესპანელი.

ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ბარსელონაში, ტურისტებით სავსე ლას რამბლასის ბულვარზე. დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, რის გამოც შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG