Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის კონგრესი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ქვეყნების შესახებ


ხუთშაბათს აშშ-ის სენატის კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთი გააკრიტიკა ზეწოლის გამო, რომელსაც კრემლი ახდენს აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებზე, ევროკავშირისკენ რომ ისწრაფვიან. სენატში მოსმენებზე საქართველოში კორუფციასთან წარმატებული ბრძოლაც ქებით მოიხსენიეს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ევროპის საკითხთა ქვეკომიტეტს ქრის მერფი თავმჯდომარეობს. მოსმენებზე მან აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის იმ ქვეყნების ირგვლივ ილაპარაკა, რომლებიც შეიძლება ერთ დღეს ევროკავშირის წევრები გახდნენ:

„უკრაინა, მოლდავეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და ბელორუსია თავისუფალი უნდა იყვნენ საკუთარი მომავლის განსაზღვრაში. ჩვენი მესიჯი კი შემდეგია: ევროატლანტიკური ინსტიტუტების კარები ღიაა და თუ დააკმაყოფილებთ საჭირო პირობებს, ჩვენ მხარში ამოგიდგებით“.

მერფიმ გააკრიტიკა რუსეთი იმის გამოც, რომ ის კრძალავს ევროპის კავშირთან დაახლოების მსურველთა პროდუქტის იმპორტს, თუმცა მას საქართველო ამ კონტექსტში არ უხსენებია:

„სამწუხაროდ, ამ ვითარებას რუსეთი უნაშთო თამაშად მიიჩნევს და ძლიერ ზეწოლას ახდენს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებზე, რათა ხელი ააღებინოს ევროკავშირთან ურთიერთობის გაძლიერებაზე. აიკრძალა ღვინის იმპორტი მოლდავეთიდან, შოკოლადის ნაწარმისა უკრაინიდან, სასუქისა ბელორუსიიდან და ეს სია შეიძლება გავაგრძელოთ. ასეთი ქმედება რუსეთისთვის უსარგებლო და კონტრპროდუქტიულია, რადგან ევროკავშირი დაინტერესებულია თავის საზღვრებთან სტაბილური, წარმატებული მეზობლების ყოლით და რუსეთიც ასევე უნდა იყოს“.

ქართველებმა, მე ვიტყოდი, დიდი ნახტომი გააკეთეს კორუფციასთან ბრძოლის მხრივ. ამას მიაღწიეს, პირველ რიგში, მცდელობით, ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი გაეხადათ ყველა სამთავრობო ხელშეკრულება, რაც აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყვნებშიც შეიძლება გაკეთდეს...
ვიქტორია ნულანდი
ევროკავშირი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, ვილნიუსში, გადაწყვეტს, გააფორმებს თუ არა უკრაინასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმებას. იქვე, ამ სამიტზე, გადაწყდება, მოხდება თუ არა ანალოგიური დოკუმენტების საქართველოსა და მოლდავეთთან ინიცირება. ვაშინგტონში, სენატის ქვეკომიტეტის შეხვედრაზე, მიწვეული იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და აზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდი, რომელმაც სენატორების შეკითხვებს უპასუხა. ნულანდმა განაცხადა, რომ ვილნიუსის სამიტი უკრაინისთვის, მოლდავეთისთვის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მათი ოცნების, სრულად იქნენ ინტეგრირებული ევროპაში, განხორციელების გზაზე. მისი თქმით, სამივე სახელმწიფომ რთული სამუშაო გასწია იურიდიული და სამართალდაცვითი სტრუქტურების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და ეკონომიკური და ენერგეტიკული ბაზრების ევროპაში უფრო ფართოდ ინტეგრაციისათვის. ნულანდმა, კერძოდ, საქართველოზე შემდეგი თქვა:

„ქართველებმა, მე ვიტყოდი, დიდი ნახტომი გააკეთეს კორუფციასთან ბრძოლის მხრივ. ამას მიაღწიეს, პირველ რიგში, მცდელობით, ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომი გაეხადათ ყველა სამთავრობო ხელშეკრულება, რაც აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყვნებშიც შეიძლება გაკეთდეს“.

ნულანდმა უკრაინის შესახებ განაცხადა, რომ მან, ევროპის კავშირის სტანდარტთან კანონმდებლობის ჰარმონიზების მხრივ, 18 პუნქტი დააკმაყოფილა და გასაკეთებელი კვლავ აქვს, რათა ვილნიუსში უმრავლესობამ დაუჭიროს მხარი:

„უკრაინამ უნდა გაატაროს სამი მნიშვნელოვანი რეფორმა, რათა დააკმაყოფილოს ვილნიუსში დოკუმენტების ხელმოწერისთვის საჭირო პირობები. მან უნდა დაამტკიცოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების, ასევე საარჩევნო კანონი, და იმოქმედოს, რათა სამკურნალოდ ციხიდან გაათავისუფლონ ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო“.

ნულანდმა სენატის ქვეკომიტეტს აცნობა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ყოველთვის ცდილობენ დააჯერონ მოსკოვი, რომ ისიც ნახავს ხეირს, თუ მისი უფრო წარმატებული მეზობლები მეტად იქნებიან ინტეგრირებული ევროკავშირში, რაც რუსეთის საქონლის ექსპორტისთვისაც ნიშნავს 500 მილიონ მომხმარებელს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG