Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო


ფილიპ დიმიტროვი
ფილიპ დიმიტროვი
ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ბრიუსელში 26 მაისს გამოაქვეყნა 2010 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში. საქართველოს შესახებ ანგარიში კი თბილისში ზუსტად ერთი კვირის თავზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა წარადგინა. მან პრეზენტაციის დაგვიანების მიზეზიც ახსნა. ელჩის თქმით, ანგარიშის გამოქვეყნება ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის კეთრინ ეშტონისა და სამეზობლო პოლიტიკის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის შტეფან ფულეს განცხადებებს დაემთხვა, სწორედ იმ განცხადებებს, რომლებიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი ეტაპის დაწყებისა და ახალი მიდგომის მაუწყებელია.

შუალედური ანგარიშის წარდგენას, რომელიც 2010 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული "სამოქმედო გეგმის" შესრულებას ეძღვნებოდა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა დაახლოებით 20 წუთი მოანდომა. პოლიტიკური დიალოგი და მმართველობა, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური და სოციალური რეფორმა, თანამშრომლობა მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროებში, განათლება და ჯანმრთელობა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც 28 გვერდიან ანგარიშში ევროკომისია წერს.

თუკი კანონზომიერებას დავარღვევთ და ანგარიშის პრეზენტაციას ბოლოდან დავიწყებთ, მაშინ აუცილებლად უნდა მოვისმინოთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფილიპ დიმიტროვის მცირე რეზიუმე ანგარიშთან დაკავშირებით: ”ბევრი გაკეთდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი”.

ანუ, ისევ და ისევ ფილიპ დიმიტროვს თუ დავესესხებით, საქართველო გარკვეულ პროგრესს განიცდის, თუმცა, ქვეყნის წინაშე კვლავ დგას მთელი რიგი გამოწვევები. ამჯერად მივყვეთ თანმიმდევრულად და ჯერ პროგრესულ ნაბიჯებზე გავამახვილოთ ყურადღება: ”მართალია, იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ ყველა პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა არის გარკვეული პროგრესი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაში, არჩევნების ჩატარების მიმართულებით, პროგრესული ნაბიჯია საქართველოს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ხელს უწყობს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დამყარებას. მიღწეულია პროგრესი ქალთა უფლებების თვალსაზრისით, ვაჭრობისა და ბიზნესის საკითხებში, განსაკუთრებული პროგრესი შეინიშნება ადმინისტრაციული კორუფციის დაძლევასთან დაკავშირებით”, - ამბობს ფილიპ დიმიტროვი.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ, ფილიპ დიმიტროვის განმარტებით, პროგრესი მიღწეული მმართველობის სისტემაში კორუფციის დაძლევისა და საკონსტიტუციო ცვლილებების თვალსაზრისით, კვლავ შეშფოთების საგნად რჩება კორუფცია პოლიტიკურ დონეზე. ამის მიზეზებად მოყვანილია პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე სუსტი კონტროლი, შესყიდვებისა და პრივატიზაციის პროცესში ნაკლები გამჭვირვალობა, სუსტი ანგარიშვალდებულება მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ სარეზერვო ფონდების განკარგვაში. რაც შეეხება კონსტიტუციურ რეფორმას, ანგარიშში მითითებულია, რომ, მიუხედავად ახალი შესწორებებისა, ისინი არ უზრუნველყოფს პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებას, რადგან ძალზე გართულებულია პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის აუცილებელი ხმების მოპოვება. კრიტიკის საგანი იყო ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების ტემპი და პროცესი, რადგან კონსტიტუცია პარლამენტმა იმ დღეს მიიღო, რა დღესაც ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა.

გასაკეთებელი საქმეებისა და გამოწვევების ჩამონათვალში აღმოჩნდა ძალისხმევა დემოკრატიის გაძლიერებისათვის, განსაკუთრებით მედიისა და პლურალიზმის სფეროში. ძირითად გამოწვევებს შორის მოიაზრება უმცირესობათა უფლებები და ინტეგრაცია, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შრომის უფლებებს, დასაქმებასა და სოციალურ პოლიტიკას, სოფლის მეურნეობის გაძლიერებასა და სიღარიბის დაძლევას. ერთ-ერთი საკითხი, რამაც 2010 წელს ევროპის შეშფოთება გამოიწვია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაადამიანური და ღირსების შემლახავი პირობების არსებობაა. ახლა უკვე რიგში მედიაში არსებული პრობლემები, კონკრეტულად კი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მედიამფლობელთა გამჭვირვალობა დგას. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მედიამფლობელთა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით 2011 წლის დასაწყისში კანონში მაუწყებლობის შესახებ გარკვეული ცვლილებები შევიდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, პრობლემა ჯერ კიდევ არ არის მთლიანად აღმოფხვრილი. ამის შესახებ რადიო თავიუფლებასთან მედიამკვლევარი ნინო დანელია საუბრობს:

”ცვლილების მიხედვით, 2011 წლის ბოლომდე უნდა იყოს უზრუნველყოფილი მედიამფლობელთა და ასევე ფინანსური გამჭვირვალობა. ცხადია, ეს პროცესი მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად რეალურად შესრულდება ეს კანონი, რადგან ჯერჯერობით იმ მედიასაშუალებებს, ვგულისხმობ ნაციონალურ არხებს, რომლებიც ამ კუთხით საზოგადოებისათვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენენ და რომელთა მფლობელების რეგისტრაციაც მოხდა ოფშორულ ზონებში, ამ კანონით არ უსარგებლიათ. თუმცა, ცხადია, იმედს ვიტოვებ, რომ 2011 წლის ბოლომდე ეს პრობლემა მოგვარდება.”

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დასავლური განვითარების უზრუნველსაყოფად ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა 2006 წელს აიღო. საქართველოს მთავრობას არა აქვს სამართლებრივი პასუხისმგელობა იმაზე, რომ ევროკომისიის ან ევროკავშირის რეკომენდაციები აუცილებლად შეასრულოს, თუმცა სწორედ მათი რეკომენდაციების შესრულებაზეა დიდწილად დამოკიდებული საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოება, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი. ის ევროკომისიის დასკვნებს პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ასეთი დასკვნები საზოგადოებაში გარკვეულ ოპტიმიზმს ბადებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ უფრო მეტი ყურადღების მიქცევაა საჭირო დოკუმენტების იმ ნაწილზე, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კრიტიკულად არის შეფასებული.

”საბოლოო ჯამში, 2011 წლის დასრულების შემდეგ თუკი ანგარიში ნეგატიური იქნება და აღმოჩნდება, რომ საქართველომ ვერ შეასრულა ის გეგმა, რომლის შესრულებასაც, ნაცვლად ხუთი წლისა, სამ წელიწადში აპირებდა, ამან შეიძლება ნამდვილად მიაყენოს ზიანი ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოების პერსპექტივას”, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.
XS
SM
MD
LG