Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებული პირველი ევრობონდი


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისა, და EBRD-ის რეგიონალური დირექტორის, ბრუნო ბალვანერას, ერთობლივ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ქართული ეროვნული ვალუტით დენომინირებულ პირველ ევრობონდს გამოუშვებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამან ლარიზაციის პროცესს უნდა შეუწყოს ხელი.

გადმოწერა

EBRD იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც 2014 წელს ადგილობრივ ბაზარზე ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები გამოუშვა. ახლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იამსვე გააკეთებს ევროპის ბაზარზე.

„აღსანიშნავია, რომ ევრობონდების ბაზარს საკმაოდ ბევრი ინვესტორი ჰყავს, რომელთაც უკვე დღეიდან ექნებათ შესაძლებლობა ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები შეიძინონ. ვიმედოვნებთ, რომ ლარით დენომინირებული ფასიან ქაღალდებზე ხელმისაწვდომობა გაზრდის ქართული ბაზრის ცნობადობას და ხელს შეუწყობს ქართული კაპიტალის ბაზრების მიმზიდველობას ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

2016 წლის იანვარში საერთაშორისო დეპოზიტარმა Clearstream-მა ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარი უცხოელ ინვესტორებს გაუხსნა. EBRD-ის მიერ ქართული ლარით დენომინირებული ევრობონდების გამოშვებაც მათთან თანამშრომლობით ხდება. 120 მილიონი ლარის ევრობონდი (46.7 ევროს ეკვივალენტი) ემისიის შემდეგ სწორედ Clearstream-ში განთავსდება.

ემისია განხორციელდა სს "თიბისი ბანკის" დახმარებით, რომელიც გახდა კიდეც განთავსების გარანტორი. კუპონის განაკვეთი EBRD-ის ლარით დენომინირებულ ევრობონდზე მიბმულია ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთზე. მას შემდეგ, რაც EBRD აღნიშნული ბონდის ლონდონის საფონდო ბირჟის ლისტინგში ჩართვაზე განაცხადებს, ბონდები ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის მისაღებ გირაოს ბაზაში ჩაერთვება.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ტრანსაქცია შესაბამისობაშია საქართველოში EBRD-ის სტრატეგიასთან, გააღრმავოს ფინანსური შუამავლობა და განავითაროს ადგილობრივი ვალუტა და კაპიტალის ბაზრები, რათა ხელმისაწვდომი გახადოს ფინანსები ადგილობრივი კერძო სექტორისთვის.

დღემდე EBRD-მა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში - მთლიანობაში 205 პროექტში - 3.1 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა. EBRD-ის მიერ ქართული ლარით გაცემულ პირველ სესხს ხელი 2010 წლის მარტში მოეწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG