Accessibility links

ევროკავშირი მხარს უჭერს ჩანაწერს უკრაინის ევროპულ მისწრაფებაზე


დონალდ ტუსკი, პეტრო პოროშენკო, ჟან-კლოდ იუნკერი

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა უკრაინელი მოქალაქე, მათ შორის რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომლის დაბადების დღეც დაემთხვა კიევში ევროკავშირ-უკრაინის სამიტს. უკრაინის ლიდერებს სურთ, რომ სამიტზე მიიღონ ერთობლივი განცხადება, რომელშიც ლაპარაკი იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს სრულად შეასრულონ მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. როცა ამის თაობაზე ლაპარაკობდა, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა რუსეთს უწოდა „აგრესორი“, რომელსაც სურს უკრაინის სუვერენიტეტს ძირი გამოუთხაროს.

„28 ივნისს ევროკავშირმა გადაწყვიტა კიდევ გაეხანგრძლივებინა რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ამასთან დაკავშირებით მსურს პატივი მივაგო ცნობილ უკრაინელ რეჟისორსა და მწერალს, ოლეგ სენცოვს, რომელიც ყირიმში დააპატიმრეს და გაასამართლეს. როგორც თქვენ თქვით, პეტრო (პოროშენკოს მიმართავს), დღეს მისი დაბადების დღეა. მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონოდ დაპატიმრებული უკრაინის ყველა მოქალაქე“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

უკრაინელ რეჟისორს რუსეთში მისჯილი აქვს ოცწლიანი პატიმრობა, ყირიმში ტერაქტების მზადების ბრალდებით. სენცოვი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. 13 ივლისს, ევროკავშირ-უკრაინის სამიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, დონალდ ტუსკმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, გადასცა საბოლოო დოკუმენტი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მაღალი შეფასება მისცა უკრაინის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ევროპასთან და განაცხადა, რომ „საკუთარი მომავლის არჩევაში უკრაინელ ხალხს ხელს ვერავინ შეუშლის“.

სამიტის წინ უკრაინული მედია იუწყებოდა იმ უთანხმოების შესახებ, რომელიც სამიტის საბოლოო განცხადების თაობაზე იყო ბრიუსელსა და კიევს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ცდილობდა დაერწმუნებინა ევროკავშირის ლიდერები, მიეღოთ ერთობლივი განცხადება, რომელშიც საუბარი იქნებოდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

პრესკონფერენციის დროს ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერებმა თავი აარიდეს ასეთი ფორმულირების შემცველი, შემაჯამებელი განცხადების შესახებ საუბარს. დონალდ ტუსკმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების პრეამბულა შეიცავს თეზისს უკრაინის ევროპულ პერსპექტივაზე.

"მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირი აღიარებს უკრაინის ევროპულ მისწრაფებას და მიესალმება ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ტუსკმა, რომელმაც დასძინა, რომ ის, თავის მხრივ, მხარს უჭერს ამ დებულებას.

კიევში ევროკავშირ-უკრაინის სამიტში მონაწილეობდა ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ იუნკერი, რომელმაც უკრაინის ხელისუფლებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „კორუფცია ძირს უთხრის ამ დიდი ქვეყნის მიერ გამოჩენილ ყველანაირ ძალისხმევას“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG