Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტი აშშ-თან დაძაბულობის ფონზე


ევროკავშირის სამიტი
ევროკავშირის სამიტი
საფრანგეთი და გერმანია ვაშინგტონს მოუწოდებენ ჯაშუშობის ახალ წესებზე შეთანხმებისაკენ მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია ცნობამ, რომ შეერთებული შტატები გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მობილურ ტელეფონს უსმენდა. ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირის სამიტზე.

ევროკავშირის ლიდერები შიშობენ, შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებს შორის უნდობლობამ ზიანი არ მიაყენოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს შეშფოთება გამოთქმულია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის სამიტზე მიიღეს.

ამასთან, ბრიუსელში ითქვა, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები შეეცდებიან, მიმდინარე წლის ბოლომდე შეუთანხმდნენ აშშ-ს დაზვერვის სამსახურების მუშაობის წესებზე. ეს განცხადება ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ გააკეთა პარასკევ დილით, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ: „სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მიიღეს ინფორმაცია საფრანგეთისა და გერმანიის გეგმაზე, ითხოვონ შეერთებულ შტატებთან ორმხრივი მოლაპარაკებები, რათა ამა წლის მიწურულამდე მიაღწიონ შეთანხმებას ამ სფეროში ურთიერთობაზე. მათ აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ევროკავშირის სხვა ქვეყნების მიერთებას ამ ინიციატივასთან“.

ევროკავშირის ლიდერებმა პარასკევს გააკეთეს კიდევ ერთი განცხადება, რომელშიც ყურადღება მახვილდება ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო ურთიერთობასა და ამ ურთიერთობის მნიშვნელობაზე.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ პარიზსა და ბერლინს სურთ დაზვერვის საკითხში შეერთებულ შტატებთან გარკვეულ ჩარჩოზე შეთანხმება. მერკელი როგორც აღნიშნავს, „ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მივიღოთ სამომავლო საყრდენი და, როგორც დღეს უკვე ვთქვი, ნდობა უნდა აღვადგინოთ - ეს გულისხმობს იმას, რომ ნდობა შერყეულია. ამას დღეს აქ ღრმა შეშფოთებით აღნიშნავენ, ზოგადად, ევროპის საბჭოს წევრებიც. მაგრამ ყველამ იცის: მსოფლიოში იმდენი საერთო ამოცანა გვაქვს, რომ ერთად გვეკისრება პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე და ახლა საქმე ეხება მომავლის ხედვას - არა მარტო კარგ სიტყვებს, არამედ ნამდვილ ცვლილებებს“.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-ის ცნობით, აშშ-ის მხრიდან ჯაშუშობით გამოწვეული მკვეთრი უკმაყოფილების მიუხედავად, მერკელი მიუღებლად მიიჩნევს ვაჭრობის სფეროში ვაშინგტონთან მოლაპარაკების შეწყვეტას.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ როგორც აღნიშნავს, სატელეფონო საუბრების მოსმენა ან ელექტრონული ფოსტის თვალთვალი ბევრი ევროპელისთვის მიუღებელია იმის გამოც, რომ იწვევს ასოციაციას წარსულის ტოტალიტარულ რეჟიმებთან, ფაშიზმსა და კომუნიზმთან, რომლებმაც მძიმე ზიანი მოუტანა მათ ქვეყნებს. „ცხადია, ბოლო თვეებსა და დღეებში გამჟღავნებულმა ინფორმაციამ დარტყმა მიაყენა პირადი ცხოვრებისა და პირადი მონაცემების დაცულობას. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რადგან ჩვენთვის, ევროპელებისათვის, ეს არის ფუნდამენტური ფასეულობები. სწორედ ამიტომ არის, რომ გავაგრძელებთ მუშაობას პირადი მონაცემების დაცვის შესახებ შეთავაზებული კანონპროექტის დასამტკიცებლად“.

ამასობაში, ბრიტანეთის გაზეთმა „გარდიანმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ვაშინგტონი უსმენდა 35 მსოფლიო ლიდერის სატელეფონო საუბრებს. ცნობაში, რომელიც ეყრდნობა აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენისაგან მიღებულ ინფორმაციას, დაკონკრეტებული არ არის ამ ლიდერების ვინაობა.

ევროკავშირის სამიტზე განხილულ საკითხებს შორის იყო არალეგალური მიგრაციაც, ისევე როგორც აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრებთან ურთიერთობა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა ნოემბრის ბოლოს, ვილნიუსის სამიტზე, მოლდავეთსა და საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოახდინოს: „ჩვენ ასევე მოვამზადეთ ვილნიუსის სამიტი ჩვენს ექვს აღმოსავლელ პარტნიორთან. სამიტი ხუთ კვირაში გაიმართება. იმედი გვაქვს, რომ გადავდგამთ მნიშვნელოვან და მეტიც - ისტორიულ ნაბიჯებს, განსაკუთრებით, უკრაინასთან მიმართებით. თუ იქნება მიზანმიმართული ქმედება და ხელშესახები პროგრესი, (...) ასევე მზად ვართ, მოვახდინოთ პარაფირება მოლდავეთსა და საქართველოსთან ასეთივე (ასოცირების) შეთანხმებებისა, რომლებსაც შესაძლოა ხელი მოვაწეროთ მომავალ შემოდგომაზე, გაისად“.

ევროკავშირის სამიტი პარასკევს დასრულდა.
XS
SM
MD
LG