Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის პრესა კატალონიის კრიზისზე


საპროტესტო აქცია ბარსელონაში
საპროტესტო აქცია ბარსელონაში

ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ სეპარატისტულ კატალონიას პირდაპირი მმართველობა დაუწესა და 21 დეკემბერს არჩევნები დანიშნა. ამ მოვლენებს აქტიურად ეხმაურება ევროპის პრესა. ჟურნალისტების ნაწილი წერს, პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ახლა ამომრჩეველი უნდა მიიმხროს, რომ არჩევნებში სეპარატისტებმა არ გაიმარჯვონო. სხვები აღნიშნავენ, რომ ესპანეთი უკვე ბევრი თვალსაზრისით უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ესპანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული „პაისი“ 31 ოქტომბერს წერს, მადრიდის მხრიდან რეგიონში 21 დეკემბრის არჩევნებამდე პირდაპირი მმართველობის დამყარება, შესაძლოა, ეფექტიანი აღმოჩნდესო: „თუ კონსტიტუციის 155-ე მუხლი კანონიერად, გასაგებად და გონივრულად ამოქმედდება, კატალონია, მაღალი ალბათობით, მალე დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს, ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუმცა კატალონიის საზოგადოების ჭრილობების მოშუშებას უფრო მეტი დრო დასჭირდება. ... სეპარატისტთა ბლოკმა უნდა გაიაზროს, რომ მისი მოთხოვნები - თუ ამით კანონი არ ირღვევა - ისევე ლეგიტიმურია, როგორც სხვების. და ახლა ჩნდება შესაძლებლობა მათ თავიანთი მოთხოვნების მხარდაჭერა გამოსცადონ იქ, სადაც ამას დემოკრატიული ძალები აკეთებენ: საარჩევნო ყუთებთან. ... საზოგადოებრივი უმრავლესობა მწყობრში უნდა მოვიდეს არჩევნებზე გამარჯვებისთვის, რათა კატალონია აღარასოდეს დაუბრუნდეს დღევანდელ კოშმარულ ვითარებას“.

ჩეხეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ჰოსპოდარსკე ნოვინი“ 30 ოქტომბერს წერდა, დამოუკიდებლობის შესახებ ოცნება დასრულდაო: „ერთი წვეთი სისხლის დაუღვრელად კატალონიელებს წაართვეს ის დამოუკიდებლობა, რომელიც მათ სულ ახლახან გამოაცხადეს. ისინი ამბობენ, რომ აკმაყოფილებთ ახალი არჩევნები. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ლიდერებმა გაიაზრეს, რომ მათი ემოციური მხარდამჭერებისგან არავინაა ისე სერიოზულად განწყობილი, რომ მზად იყოს სიცოცხლე შესწიროს ‘სამშობლოს თავისუფლებას’. ამან ბალანსი შეცვალა. სეპარატიზმის სულისკვეთება, რომელიც ევროპას მოედო, ახლა ისევ ბოთლში უნდა დაბრუნდეს. მათ, ვისაც ჩვენს კონტინენტზე იმავე გზის გავლა სურს, - მაგალითად, იტალიის მდიდარ რეგიონებს, - მოუწევთ კარგად დაფიქრდნენ იმაზე, რაც კატალონიას დაემართა. და ეს კარგია“.

შვეიცარიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი“ 30 ოქტომბერს წერდა, პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ახლა კატალონიელი სეპარატისტები უნდა მიიმხროსო: „მისი გეგმის მიხედვით, რეგიონალური პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს ორ თვეზე ნაკლებ დროში, 21 დეკემბერს. ბოლო არჩევნებზე, ორი წლის წინ, სეპარატისტებმა აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვეს. შესაბამისად, რახოიმ ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობა მაინც უნდა შეძლოს, თუკი სურს წინ აღუდგეს სეპარატისტთა ახალ გამარჯვებას. მაგრამ თუ მადრიდის პირდაპირი მმართველობის პირობებშიც კიდევ ერთი სეპარატისტული საპარლამენტო უმრავლესობა შედგება, ეს იქნება რახოის ფიასკო“.

ბელგიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული „სტანდაარდი“ 30 ოქტომბერს წერდა: „ჩანს, რომ დამოუკიდებლობის მოსურნე პარტიებმა გადაჭარბებულად შეაფასეს ხალხის დამოუკიდებლობისკენ სვლის ნება. 2015 წელს მოპოვებული არჩევნების გათვალისწინებით, მათ ჩათვალეს, რომ სურვილები რეალობა იყო. ისინი დააბრმავა რეფერენდუმმა, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა მონაწილეთა 90 პროცენტი დამოუკიდებლობას მიემხრო... ცხადია, რომ კატალონიაში ბევრს სურს მადრიდმა დათმოს გარკვეული უფლებამოსილებები, რადგან ისინი ესპანეთის ხაზინაში იხდიან უფრო მეტს, ვიდრე იქიდან იღებენ. მაგრამ ის, რომ ბევრ კატალონიელს მეტი ავტონომია სურს, არ ნიშნავს, რომ მათ დამოუკიდებელი კატალონიაც უნდათ“.

ხორვატიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „იუტარნი ლისტი“ 28 ოქტომბერს წერდა, მაშინაც კი, თუ დამოუკიდებელი კატალონია კანონს ეწინააღმდეგება, ეს მაინც უფრო სამართლიანი ვითარება იქნებოდაო: „ესპანეთის მთავრობა კონსტიტუციას ამოეფარა და კატალონიელ ერს ართმევს თვითგამორკვევის უფლებას. ეს, შესაძლოა, პოლიტიკური გზა იყოს, მაგრამ ეთიკური გზა არ არის. ეს, შესაძლოა, კანონთან შესაბამისობაში იყოს, მაგრამ სამართლიანი არ არის. ესპანეთის მთავრობას ამ ნაბიჯზე პასუხისმგებლობა ეკისრება, შედეგები კი მთელ ესპანეთზე იქონიებს გავლენას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG