Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ინტერნიუსის“ ახალი პროექტი - გამოწვევა ქართული მედიისთვის


პროექტის პრეზენტაცია
პროექტის პრეზენტაცია

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ინტერნიუსი - საქართველო“ ამერიკულ ინტერნიუსთან ერთად საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აფინანსებს. მისი მიზანია ამ სამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება.

„ინტერნიუსი - საქართველო“ 4 თებერვალს თელავში იწვევს კახეთის რეგიონის სკოლების უფროსი კლასის მოსწავლეებს და სტუდენტ-ბაკალავრებს ღონისძიებაზე „ევროპული კაფე“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება ლექცია-ტრენინგი თემაზე „ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები“.

გადმოწერა

კონკრეტული ღონისძიების პარტნიორია ადგილობრივი გამოცემა „კახეთის ხმა“ და მასთან არსებული თელავის მედიაკაფე. გამოცემის ხელმძღვანელის, მაია მამულაშვილის, თქმით, რეგიონებში ახალგაზრდებისთვის სადისკუსიო სივრცის არსებობა ძალზედ მნიშვნელოვანია:

„ახალგაზრდებს ადგილზე ძალიან სჭირდებათ სივრცე, რომ გაცვალონ მოსაზრებები, იმსჯელონ იმ საკითხებზე, რაც საერთაშორისო ახალგაზრდებისთვის არის მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, ჩვენი, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია და საკვანძო თემები, რომელიც აინტერესებთ და ეს [„ევროპული კაფე“] არის ძალიან კარგი შესაძლებლობა მათთვის...ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვეს. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც აზერბაიჯანულენოვანი თემიდან ძალიან დაინტერესდნენ“.

რეგიონული პარტნიორების ვალდებულება იქნება, ამ მასალების გამოყენებით, შექმნან კიდევ უფრო საინტერესო მასალები ადგილობრივი გარდატეხით, ანუ ადგილობრივ კონტექსტში და იმავე თემებზე. ოთხი თემა უკვე შერჩეულია. ესაა, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული პროექტები. ეკოლოგიური მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიგრაციაზე გვექნება მასალები...
მაია მიქაშავიძე

„ევროპული კაფე“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. ის იმ ახალი რეგიონალური პროექტის ერთ-ერთ კომპონენტია, რომლის განხორციელებაც ქართულმა „ინტერნიუსმა“ ამერიკულ „ინტერნიუს ნეტვორკთან“ ერთად, შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო. მის პრეზენტაციას, რომელიც 27 იანვარს გაიმართა, ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ინტერნიუსი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა გენადი უჩუმბეგაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ პროექტს "დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში" ამერიკულ „ინტერნიუს ნეტვორკთან“ ერთად განახორციელებენ „ინტერნიუს უკრაინა“ და „მოლდოვას დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაცია“. უჩუმბეგაშვილის სიტყვებით, პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოში მედიის გასაძლიერებლად და ონლაინსივრცეში ხელმისაწვდომი ჟურნალისტური კონტენტის გასაუმჯობესებლად.

საქართველოში პროექტის დირექტორი მაია მიქაშავიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აკონკრეტებს, რომ პროექტი კონკურსის გზით შეარჩევს ცხრა ადგილობრივ მედიაორგანიზაციას, პროექტის პარტნიორებს. ისინი მიიღებენ და საკუთარ ვებგვერდებზე განათავსებენ თემატურ მულტიმედია პაკეტებს. თავის მხრივ, მულტიმედია პაკეტებს პროექტის პარტნიორი სტუდიები და ჟურნალისტური ჯგუფები თბილისში დაამზადებენ:

„ჟურნალისტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით იგეგმება თემატური, საინფორმაციო მულტიმედიური პაკეტების, ანუ მასალების ციკლის, მომზადება. მათ დაამზადებენ თბილისში ჟურნალისტური ჯგუფები, სტუდიები, რომლებიც კონკურსში გაიმარჯვებენ და გაავრცელებენ რეგიონებში“.

მაია მიქაშავიძის თქმით, ადგილობრივი მედიასაშუალებები არ იქნებიან მულტიმედია პაკეტების მხოლოდ გამავრცელებლები, ისინი უკვე მიღებული მასალების საფუძველზე შექმნიან ადგილობრივი აუდიტორიისთვის კიდევ უფრო საინტერესო კონტენტს:

„რეგიონული პარტნიორების ვალდებულება იქნება, ამ მასალების გამოყენებით, შექმნან კიდევ უფრო საინტერესო მასალები ადგილობრივი გარდატეხით, ანუ ადგილობრივ კონტექსტში და იმავე თემებზე. ოთხი თემა უკვე შერჩეულია. ესაა, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული პროექტები. ეკოლოგიური მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიგრაციაზე გვექნება მასალები“.

„ინტერნიუსმა“ უკვე გამოაცხადა ორი კონკურსი - ერთი რეგიონალური მედიასაშუალებებისთვის, მეორე კი იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მულტიმედია კონტენტს დაამზადებენ. ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღებას აპირებს ჟურნალი „ლიბერალი“, რომლის რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი, ამბობს, რომ მათი გამოცემისთვის რეგიონალურ პარტნიორებთან თანამშრომლობა სარისკო საქმეა, რადგან ამის გამოცდილება, მაგალითად, პირადად მას არ აქვს. თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს სიახლე საინტერესო გამოწვევა იქნება, იმის მიუხედავად, რომ თითოეული მონაწილისთვის გათვალისწინებული საგრანტო თანხა მცირეა:

„დამატებითი თანხის მოძიება, რომელიც დაგეხმარება განავითარო [მულტიმედია] ეს მიმართულება, მოგცემს არამხოლოდ კონკრეტულ პროდუქტს...შენ გრჩება გამოცდილება, კადრები, რომლებმაც ეს პროცესი გაიარეს, გრჩება კონტაქტები, გრჩება ცოდნა. ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი, თორემ ამგვარი პროდუქციის მომზადებისთვის ეს თანხა ბევრი არ არის“.

კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს მარნეულის ტელევიზიაც. მისი დირექტორის, შალვა შუბლაძის, თქმით, ტელეკომპანია „მარნეულს“ გასაახლებელი და დასახვეწი აქვს ვებგვერდი, ასათვისებელია სხვადასხვა აპლიკაცია, რადგან ტელეაუდიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი - მათ შორის, მარნეულშიც - გადაცემებს ინტერნეტში უყურებს:

„ერთი კადრი დავდეთ ფეისბუკში და რამდენიმე საათში 5 ათასზე მეტი ნახვა ჰქონდა. საიტზეც ხომ იგივე იქნებოდა, არა? ოფიციალური ფეისბუკგვერდი ძლიერდება, მაგრამ საიტი ხომ არ ძლიერდება. საიტის გაძლიერება მჭირდება. მის გარეშე ვერ ვიმუშავებ“.

პროექტის პრეზენტაცია
პროექტის პრეზენტაცია

როგორც „ინტერნიუსში“ ამბობენ, პროექტის ტექნოლოგიური კომპონენტის ფარგლებში შეიქმნება ე.წ. „ინოვაციების ფონდი“, რომელიც დახმარებას შესთავაზებს პარტნიორ მედიასაშუალებებს, სხვადასხვა რესურსებისა და ნიუსრუმების ტექნოლოგიური გაუმჯობესებისათვის. სწორედ ამის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ორი რადიოსადგურის მფლობელი რამაზ სამხარაძე, როცა მედიასაშუალებების ციფრულ კონტენტზე ლაპარაკობს:

„ვებგვერდები აუცილებელია რომ იყოს ე.წ. მობილფრენდები, ისეთი, როგორიც ჩვენ გვაქვს. სხვანაირად მედია ვერ იქნება ახლოს თავის მომხმარებლებთან. ჩვენ, მაგალითად, ვცდილობდით და ახლაც ვცდილობთ ახლოს ვიყოთ აუდიტორიასთან. ამიტომ ძალიან გამეხარდება, თუ აღნიშნული პროექტი დაეხმარება რეგიონულ მედიას, მათ შორის თბილისურ მედიას, რომელსაც არ აქვს განვითარებული ეს მიმართულება“.

რამაზ სამხარაძის თქმით, მისი ერთ-ერთი რადიოსადგური, „ჰერეთი“, რომლის ეთერი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას მოიცავს და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რაიონებშიც ვრცელდება, „ინტერნიუსის“ მიერ განმოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას აპირებს.

საგულისხმოა, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი “მედიააპლიკაციების ჰაკატონი” ადგილობრივ მედიას, IT სპეციალისტებსა და აქტივისტებს დააკავშირებს, რათა შეიქმნას ადგილობრივი მედიისთვის სასარგებლო აპლიკაციები და ონლაინინსტრუმენტები. სამი ქვეყნის ჟურნალისტები და IT სპეციალისტები კიევშიც შეიკრიბებიან, რათა მონაწილეობა მიიღონ “მედიაინოვაციების ლაბორატორიაში” და შექმნან ონლაინპლატფორმები, რომლებიც აუდიტორიის მეტი ჩართულობის საშუალებას იძლევა. პროექტის ეს კომპონენტი განსაკუთრებით იზიდავს ბადრი ნანეტაშვილს, შიდა ქართლის ტელეკომპანია „თრიალეთის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, რომლის აღიარებით, ციფრულ გამოწვევებს საკუთარი ძალებით ვეღარ უმკლავდებიან. ვებგვერდიც კი, რომელიც მისივე თქმით, საფუძვლიან განახლებას მოითხოვს, საკუთარი ძალებით დაამზადეს:

“კარგი იქნება ტექნიკურ მხარეში გავერკვეთ. ამ თვალსაზრისით ჩვენ არ ჩაგვტარებია სემინარები, არ ჩაგვტარებია არაფერი. ჩვენი ძალებით ვიგებთ, რა ახალი საშუალებები არსებობს ინტერნეტში. ხან რას ვაგნებთ, ხან რას. ამიტომ კარგი იქნება თუ დაგვეხმარებიან ამ ყველაფრის უცებ ათვისებაში. მეტი მნახველი გვეყოლება”.

ბადრი ნანეტაშვილის თქმით, ცალკე თემაა მისივე დაფუძნებული რადიო „თრიალეთი“, რომელიც სულაც ტელევიზიის ვებგვერდზეა მიბმული.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG