Accessibility links

საქართველოსა და მსოფლიოში კვების პროდუქტებზე ფასები იზრდება და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ინფლაციის ისეთი შემაკავებელი ფაქტორი, როგორიც ბოლო ორი წლის მანძილზე ნავთობის ფასის ვარდნა იყო, ასევე აღმოფხვრილია და ფასები უკვე ტრანსპორტზეც იცვლება. გადავავლოთ თვალი 2017 წლის იანვრის მონაცემებს:

2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 2,9 პროცენტი შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით გაიზარდა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი გაზრდილია 22,5 პროცენტით. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 4,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფმა 1,27 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (22,4 პროცენტი), ხილისა და ყურძნის (8,9 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1 პროცენტი), ზეთისა და ცხიმის (3,1 პროცენტი), თევზეულის (2,8 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7,2 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,94 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (10,1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16,0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო: ფასები გაიზარდა 18,9 პროცენტით და, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (40,2 პროცენტი);

მოცემულ პერიოდში ფასების 3,3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, რაც 0,99 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასების ზრდა დაფიქსირდა ქვეჯგუფზე - შაქარი, ჯემი, თაფლი, შოკოლადი, საკონდიტრო ნაწარმი (16,0 პროცენტი).

საინტერესოა, რომ კვების პროდუქტზე ფასების ზრდის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში გამონაკლისი არ არის და ნაწილობრივ სწორედ ეს ფაქტორებიც განაპირობებს საქართველოში ფასთა მაჩვენებელს. მიმდინარე წლის იანვარში საფასო ინდექსმა პროდუქტებზე 3,7 %-ით მოიმატა, გასული წლის დეკემბრის თვესთან შედარებით, - ნათქვამია „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ ანგარიშში.

როგორც FAO-ში აღნიშნავენ, ეს მაჩვენებელი მაქსიმალურია 2015 წლის თებერვლის შემდეგ. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, იანვარში ფასები 1,8 %-ით გაიზარდა ზეთზე, რაც ძირითადად ბოლო 30 თვის განმავლობაში პალმის ზეთზე ფასების თანდათანობით გაზრდამ განაპირობა. ფასები 3,4 %-ით გაიზარდა, ასევე, მარცვლეულზე, რაც გამოწვეულია მოსავლის სიმცირით ამერიკის კონტინენტზე. რაც შეეხება შაქარს, ფასები 9,9 %-ით გაიზარდა, ამის მიზეზად კი სახელდება შაქრის უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებში - ბრაზილიასა და ინდოეთში-პროდუქციის წარმოების შემცირება. საფასო ინდექსი ხორცსა და რძის პროდუქტებზე პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG