Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში და მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურა


ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში
ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხში

მოშლილი ინფრასტრუქტურა, გადათხრილი გზები და მოუწესრიგებელი წყალმომარაგება - ასე შეხვდა ლაგოდეხი წელს ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს და ტურისტულად აქტიურ სეზონს. გადათხრილი გზები როგორც ადგილობრივ მცხოვრებთა, ისე ქალაქის სტუმართა უკმაყოფილებას იწვევს. მუნიციპალიტეტის პირველი პირები კი ამბობენ, რომ გზები უახლოეს მომავალში მოწესრიგდება.

20 დღეზე მეტია, ლაგოდეხი ბლუზის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ყოველ შაბათ-კვირას ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, კონცერტები იმართება. მელომანები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში სხვადასხვა ქვეყნის ბლუზმენებს უსმენენ, თუმცა ადგილზე ჩამოსულ სტუმრებს საერთაშორისო ფესტივალზე დასწრება მთლიანად მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურის ფონზე უწევთ. დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ ლაგოდეხში ყველა ქუჩა წყალმომარაგების სისტემის შეცვლის მიზნით გადათხარეს და ამ დრომდე ქალაქში გადაადგილება არათუ ფეხით, ავტომანაქანითაც კი გაძნელებულია. ბლუზ-ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვიქტორ კერვალიშვილი, გვეუბნება, რომ ფესტივალის სტუმრები განცვიფრებულნი არიან ლაგოდეხის გზებით. კერვალიშვილის თქმით, ერთ-ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა შენიშნა, სირიაში, სადაც საომარი მდგომარეობაა, ვფიქრობ, უკეთესი გზებია, ვიდრე ლაგოდეხშიო.

ლაგოდეხი
ლაგოდეხი

მოშლილი საგზაო ინფრასტრუქტურა ადგილობრივთა უკმაყოფილების მიზეზიცაა. მძღოლები ავტომანქანების დაზიანებას უჩივიან, სხვები კი დაბინძურებულ წყალზე ლაპარაკობენ.

როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე გვეუბნება, გადათხრილ გზებს პრობლემა არ შეუქმნია მათი ვიზიტორებისთვის. სულამანიძე ამბობს, რომ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტთა ნაკადი გაზრდილია.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ დაზიანებული გზების აღდგენა, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება. კახა ჯამბურიას განცხადებით, წინასწარ არაფერი თქმულა იმის შესახებ, რომ ბლუზ-ფესტივალისთვის ლაგოდეხში გზები დაიგებოდა.

გამგებლის განცხადების მიხედვით, თუ ლაგოდეხში დაზიანებული გზების აღდგენა აგვისტოში დაიწყება, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ბლუზ-ფესტივალის დასრულებამდე მაინც ვერ მოესწრება. საერთაშორისო მუსიკალური ღონისძიება, რომელიც 17 ივნისს გაიხსნა, სექტემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG