Accessibility links

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა განსაკუთრებული შედეგებით


საქართველოს სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

2016 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობიდან საქართველო, ქართველი გამომცემლობები რამდენიმე დღის წინ, შეიძლება ითქვას, რომ ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდნენ. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით დაგეგმილი ღონისძიებები და ეროვნული სტენდი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია 2018 წლისკენ, როდესაც საქართველო ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება.

გაყიდული საავტორო უფლებები, შეხვედრები და მოლაპარაკებები უცხოელ გამომცემლობებთან, ახალი კონტაქტები თუ კონტრაქტები, ახალი აღმოჩენები – 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გამორჩეული და განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა ქართული ლიტერატურისა და ქართული გამომცემლობებისთვის. დეა მეტრეველს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამის თქმის საფუძველს ის ინტერესი აძლევს, რომელიც, მისი თქმით, წლევანდელ ბაზრობაზე უცხოელმა გამომცემლობებმა ქართული სტენდის მიმართ გამოავლინეს. ცხადია, ყველაფერი რამდენიმე დღით არ შემოიფარგლება. ამგვარ ინტერესს წინ დატვირთული, დაძაბული და საკმაოდ შრომატევადი საქმე უძღვის. მზადება წიგნის დღესასწაულისთვის მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, ე.წ. მოსავლის აღება კი ფრანკფურტში სწორედ ბაზრობის დღეებში ხდება. თუკი წინა წლებში საქართველოს უწევდა იმის მტკიცება, რომ ამ ქვეყანაში ღირებული ლიტერატურა იქმნება, ლიტერატურა, რომელიც მსოფლიოსთვის საინტერესო უნდა იყოს, წელს, ფრანკფურტის 68-ე ბაზრობაზე, დეა მეტრეველის თქმით, ქართველ გამომცემლებს, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას, შეიძლება ითქვას, ამის მტკიცება აღარ დასჭირვებია:

მზადდება ქართველი ავტორების ძალიან მაღალი დონის პორტფოლიოები, ძალიან მაღალი დონის შინაარსები, საცდელი თარგმანები და ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ გარემოს, იმ მოცემულობას, რომ შედეგიც ადეკვატური იყოს. იმედი გვაქვს, რომ არათუ 2018 წელს წარვსდგებით არაერთი თარგმანით ამ საერთაშორისო პლატფორმაზე, არამედ უახლოეს მომავალშიც ეს პროცესი იქნება უკუშეუქცევადი...
დეა მეტრეველი

„მინდა გითხრათ, რომ ინტერესი წლიდან წლამდე იმდენად აშკარაა, რომ არათუ ჩვენ ვნიშნავთ შეხვედრებს აქტიურად, არამედ გვიკავშირდებიან უცხოელი გამომცემლები, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ ქართველი ავტორებისა და ლიტერატურის შესახებ, რაც უპრეცედენტო მოვლენაა წელს. აქამდე ეს პროცესი, პირიქით, ქართველი მხარისგან იყო ინიცირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან სწორ პოლიტიკას აწარმოებს სახელმწიფო, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის კუთხით. არაერთი საავტორო უფლება გაიყიდა უკვე ბაზრობის მსვლელობისას, რაც ასევე მნიშვნელოვანია და არათუ იყიდება საავტორო უფლებები, არამედ არის ისეთი შემთხვევები, როცა ერთ ავტორზე სამი გამომცემლობა ცდილობს, რომ მოიპოვოს საავტორო უფლება და კონკურენციაში არიან ერთმანეთთან, რაც ძალიან ნიშანდობლივი იყო წელს საქართველოსთვის“.

72 კვ. მეტრზე მოწყობილ ქართულ სტენდზე რამდენიმე ასეული წიგნის, ათი გამომცემლობისა და ასევე, წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს კიდევ აქვს ერთი, ასევე განსაკუთრებული მიზეზი – 2018 წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ესტაფეტას ის საფრანგეთისგან გადაიბარებს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ უცხოური გამომცემლობები, ლიტერატურული აგენტები, კრიტიკოსები სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან იმ ქვეყნის ლიტერატურული ისტორიითა თუ აწმყოთი, რომელიც, სულ რაღაც, ერთ წელში ამ საპატიო ტიტულს ჩაიბარებს. თუკი ორიოდ სიტყვით ვიტყვით იმის შესახებ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსს, მაშინ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საერთაშორისო ბაზრობის პრეზიდენტ იურგენ ბოოსის სიტყვები, რომელიც მან 2014 წელს საქართველოში სტუმრობისას რადიო თავისუფლებას უთხრა:

„ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ფრანკფურტის ფესტივალის ფარგლებში მოვიცვათ, მხოლოდ რამდენიმე დღით არ შემოიფარგლება. მზადება იწყება რამდენიმე ხნით ადრე და ეს პროცესი თვეების მანძილზე გრძელდება. ჩვენ შევეცდებით, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რას ნიშნავს ქართული კულტურა, და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერ განაცალკევებთ ქართულ ლიტერატურას მთლიანად ქართული კულტურისგან, ქართული მუსიკისგან, ფილმებისგან და ა.შ. ჩვენ ამ სფეროებს ერთად უნდა მოვუყაროთ თავი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ მსოფლიოსთვის საერთო სურათის ჩვენებას. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ ხუთი დღის მანძილზე, რა პერიოდშიც ფესტივალი მიმდინარეობს ხოლმე, ფრანკფურტს 10 000-მდე ჟურნალისტი სტუმრობს და 60-დან 70 %-მდე სტატიებისა, რომლებიც იმ პერიოდში იწერება, იწერება სტუმარი ქვეყნის შესახებ. სტუმარ ქვეყანას 100-მდე სხვა ქვეყანა ეცნობა. ქართული კულტურის შესახებ ინფორმაცია მთელ მსოფლიოში გავრცელდება“.

და თუკი დავუბრუნდებით 2016 წლის ფრანკფურტის ბაზრობასა და იმ მთავარ აქცენტებს, რომლებიც საქართველომ წლევანდელ ბაზრობაზე გამოკვეთა, მაშინ უნდა ითქვას, რომ წელს ფოკუსი გაკეთდა სწორედ იმ ბიზნესშეხვედრებზე, რომლებზეც დამოკიდებული იქნება უახლოეს მომავალში ქართველ ავტორთ ნაწარმოებების თარგმნა და უცხოეთში გამოცემა. დეა მეტრეველის თქმით, საუბარია, როგორც გერმანულენოვანი ქვეყნების გამომცემლობებზე, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებზეც:

„მზადდება ქართველი ავტორების ძალიან მაღალი დონის პორტფოლიოები, ძალიან მაღალი დონის შინაარსები, საცდელი თარგმანები და ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ გარემოს, იმ მოცემულობას, რომ შედეგიც ადეკვატური იყოს. იმედი გვაქვს, რომ არათუ 2018 წელს წარვსდგებით არაერთი თარგმანით ამ საერთაშორისო პლატფორმაზე, არამედ უახლოეს მომავალშიც ეს პროცესი იქნება უკუშეუქცევადი“.

დეა მეტრეველი და ტრაიან პოპი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
დეა მეტრეველი და ტრაიან პოპი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

2018 წელს საქართველო ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს და 2018 წელს ბაზარზე უფრო მეტი და მეტი ქართველი ავტორი გამოჩნდეს. ფაქტია, რომ მე ვარ გერმანელი გამომცემელი, რომელსაც ყველაზე მეტი ავტორი ჰყავს გამოცემული საქართველოდან“....

2018 წელს საქართველო ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს და 2018 წელს ბაზარზე უფრო მეტი და მეტი ქართველი ავტორი გამოჩნდეს. ფაქტია, რომ მე ვარ გერმანელი გამომცემელი, რომელსაც ყველაზე მეტი ავტორი ჰყავს გამოცემული საქართველოდან“....

ტრაიან პოპი

ის, რომ უცხოელ გამომცემლობებთან ურთიერთობა უკვე სხვა, გაცილებით აქტიურ ფაზაშია გადასული, ამას ადასტურებს ერთ-ერთი გერმანული გამომცემლობის, „პოპ ფერლაგის“ ხელმძღვანელის, ტრაიან პოპის ინტერვიუც, რომელიც მან ფრანკფურტში, რადიო „თავისუფლების“ მოლდავურ სამსახურს მისცა:

„რამდენიმე ხნის წინ ერთ პოეტს შევხვდი საქართველოდან. ჩემზე ახალგაზრდა დათო ბარბაქაძეს. მას ავსტრიაში რამდენჯერმე შევხვდი. ვიყიდე წიგნი, თარგმნილი გერმანულად და დათომ მიამბო თავისი კოლეგების, ცნობილი მწერლების შესახებ, ცოცხალი და გარდაცვლილი მწერლების შესახებ. 2018 წელს საქართველო ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდეს და 2018 წელს ბაზარზე უფრო მეტი და მეტი ქართველი ავტორი გამოჩნდეს. ფაქტია, რომ მე ვარ გერმანელი გამომცემელი, რომელსაც ყველაზე მეტი ავტორი ჰყავს გამოცემული საქართველოდან“.

2016 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ქართულმა გამომცემლობებმა უცხოურ გამომცემლობებს საკუთარი პროდუქტი, ანუ, ავტორები და წიგნები კატალოგების საშუალებით გააცნეს. 30 ავტორისგან შემდგარი კატალოგი შესთავაზა გამომცემლობებს წიგნის ეროვნულმა ცენტრმაც. როგორ და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ავტორები კატალოგისათვის ამის შესახებ დეა მეტრეველი საუბრობს:

„აქ ჩვენ ვიხელმძღვანელეთ იმ პრინციპით, თუ რომელი ავტორები არიან „დასაბინავებლები“ ამა თუ იმ უცხოურ გამომცემლობაში. ანუ ავტორები და წიგნები, რომლებიც არ არის გამოცემული და არ არის კონკრეტული შემოთავაზებები. ჩვენ მივეცით საშუალება სხვა ავტორებსა და სხვა ნაწარმოებებს, რომ წარმოეჩინათ საკუთარი თავი უცხოელი გამომცემლებისთვის. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეადგინა ეს სია, მე არ მიყვარს სიტყვა სიის გამოყენება, ეს შესათავაზებელი ნაწარმოებების ნუსხა მომზადდა წიგნის ეროვნულ ცენტრში და ჩვენი მრჩეველი კატალოგის შედგენისას იყო ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შვიდი კაცისგან შედგება და რომელიც დაკომპლექტებულია ლიტერატორებით, კრიტიკოსებით, მთარგმნელებით და მათი რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით მოვამზადეთ ეს კატალოგი“.

გვანცა ჯობავასთვის, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარისა და ამასთანავე, გამომცემლობების „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერისათვის, წლევანდელი ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა განსაკუთრებით დატვირთული გამოდგა. გვანცას თქმით, ფესტივალის დღეებში გამართულმა რამდენიმე ათეულმა შეხვედრამ, გასული წლებისგან განსხვავებით, ნაყოფიერად ჩაიარა, თუმცა, წინასწარ დეტალებზე საუბარი არ სურს:

გვანცა ჯობავა
გვანცა ჯობავა

„ვფიქრობ, რომ ძალიან რეალურია ის მოთხოვნები, რომლებიც შემოვიდა ამა თუ იმ ავტორზე, მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, რომ, როდესაც უკვე ყველაფერი გადაწყდება და ნამდვილად რეალური გახდება, შემდეგ გავახმოვანოთ. ჯერ კიდევ ბევრ უცხოელ გამომცემელს უნდა ქართველი ავტორის გამოცემა, მაგრამ უჭირს გადაწყვეტილების მიღება, რადგან ისინი ამბობენ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული შემთხვევაა ის, რომ უნდა გამოვცეთ უცნობი ქვეყნის უცნობი ავტორი და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს სიაში აღმოჩნდეს საუკეთესო თქვენი ქვეყნიდან. ამიტომ კითხულობენ ბევრს, გვთხოვენ, რომ გავუგზავნოთ ბევრი ავტორი, ეძებენ და ბევრი მათგანი ბოლო ეტაპზე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი ავტორი იქნება მათ სიაში“.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გასული საუკუნის შუა წლებიდან იღებს სათავეს. რამდენიმე წლიანი წყვეტის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს, ის ხელახლა გაიხსნა და გააგრძელა ომამდელი ტრადიცია. მაშინ, ბაზრობაში,დაახლოებით, 100 წიგნის გამომცემლობა იყო ჩართული. ახლა კი ბაზრობა 7 200-ზე მეტ გამომცემლობას, 100-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ქართველი გამომცემლობები ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში 90-იანი წლების მიწურულიდან მონაწილეობენ, თუმცა მასშტაბური ეროვნული სტენდით საქართველო ფრანკფურტის ბაზრობაზე 2008 წლიდანაა წარმოდგენილი.

წელს პირველად სტუმრობდა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობას დრამატურგი დათო გაბუნია. მას იქ განსაკუთრებული მისია ჰქონდა. კონკრეტულად კი, უცხოელი გამომცემლებისთვის, კრიტიკოსებისა და ლიტერატურული აგენტებისთვის, მას 30 წუთში უნდა მოეთხრო რამდენიმე ქართველი მწერლის, კლასიკოსების, თანამედროვე მწერლების და მათი შემოქმედების შესახებ. დისკუსია არაფორმალურ რეჟიმში წარიმართა და მას ცნობილი გერმანელი გამომცემელი, ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ბარბარა ვაიდლე გაუძღვა. დათო აღწერს იმ გარემოს, რა გარემოშიც ქართველი გამომცემლობები წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე მუშაობენ:

„მათ ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდათ. ისინი სულ სადღაც გარბოდნენ, სულ ვიღაცას ელოდნენ ქართულ სტენდთან და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მერე გარკვეულ პრაქტიკულ შედეგს გამოიღებს და მხოლოდ მოლაპარაკების დონეზე არ დარჩება. მე, როგორც ვიცი, რამდენიმე ძალიან წარმატებულ პროექტს მოაწერეს ხელი და ვნახოთ, იმედია, ძალიან მალე ვნახავთ ბევრ ქართველ ავტორს სხვადასხვა ენებზე თარგმნილს“.

რა მთავარი გზავნილითა და კონცეფციით წარსდგება საქართველო 2018 წელს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ფრანკფურტში, ამის შესახებ პროექტის ხელმძღვანელი დეა მეტრეველი წინასწარ არ საუბრობს. თუმცა, რადიო „თავისუფლებასთან“ ასახელებს თარიღს, როდესაც ეს დეტალები ცნობილი გახდება. მისი თქმით, 2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში გაიმართება პირველი პრესკონფერენცია, სადაც ისინი ისაუბრებენ იმ გეგმებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც საქართველო, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყანა, შესთავაზებს ფრანკფურტს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG