Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე


ტობიას ვოსი
ტობიას ვოსი

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2018 წელს საქართველო სტუმარი ქვეყანა იქნება. ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი საქართველოსთვის ამ მოვლენის მნიშვნელობაზე, ქართველი გამომცემლების დღევანდელ პრობლემებსა და მათი მოგვარების სავარაუდო გზებზე ლაპარაკობს. ტობიას ვოსს მარიამ შავგულიძე ესაუბრა.

მარიამ შავგულიძე: ბატონო ვოს, პირველ რიგში, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. უფრო ზუსტად, რა მნიშვნელობა აქვს მას დღეს მსოფლიო ლიტერატურისთვის?

ტობიას ვოსი: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს, ხელახლა გაიხსნა და გააგრძელა ომამდელი ტრადიცია. მაშინ, დაახლოებით, 100 წიგნის გამომცემლობა იყო ჩართული. ახლა 7 200-ზე მეტი გამომცემლობა არის ჩვენთან წარმოდგენილი - მათ შორის 4 500-ზე მეტი არის საერთაშორისო ნაწილიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ გერმანული ბაზრობა. ყველა გამომცემლობა, რომელიც საერთაშორისო არეალზე აღიარებულია ან სურს, რომ აღიარებული იყოს, ფრანკფურტის ბაზრობაზე იმყოფება. მთლიანობაში, ჩვენთან 100-ზე მეტი ქვეყანაა წარმოდგენილი. შარშან მათი რიცხვი 106 იყო. ასეთ მრავალფეროვნებას მსოფლიოს ვერც ერთ წიგნის ბაზრობაზე ვერ ნახავთ.

მარიამ შავგულიძე: 2018 წელს საქართველო სტუმარი ქვეყანა იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. რა მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენას, რა უპირატესობა ენიჭება ქვეყანას?

ტობიას ვოსი: ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ 2018 წელს სწორედ საქართველო იქნება ბაზრობის სტუმარი. მანამდე ჯერ საკმაო დროა, მაგრამ ეს კარგიც არის. სტუმარ ქვეყანას სამი წელი მაინც სჭირდება მოსამზადებლად. ეს ძალიან დიდი დავალებაა, რომელიც საქართველოს წიგნის ეროვნულმა ცენტრმა და დეა მეტრეველმა მიიღო, კულტურის სამინისტროსთან ერთად. ეს დიდი გამოწვევაა, რადგან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენი ინტერესია, რომ ქვეყნებმა კავშირი დაამყარონ ერთმანეთთან. სტუმარ ქვეყანას უნდა მიეცეს შანსი, რომ ლიტერატურა არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც წარადგინოს. როგორც გითხარით, 106 ქვეყანაა ჩართული და სტუმარ ქვეყანას ყველა ძალიან სერიოზულად იღებს. მომავალ წელს სტუმარი ნიდერლანდები იქნება, შემდეგ კი საფრანგეთი. სტუმარი ქვეყანა დიდი ყურადღების ცენტრში ექცევა. ეს ყველაფერი პირველი იანვრიდან იწყება და კულმინაცია, რა თქმა უნდა, თავად ბაზრობაა. ვფიქრობ, ევროპაში თითქმის არ არის სხვა ისეთი ღონისძიება, რომელითაც ერთი რომელიმე ქვეყანა ასეთ ყურადღებას იმსახურებდეს.

მარიამ შავგულიძე: ბოლო წლებში ქართულ გამომცემლობებს ერთი პრობლემა შეექმნათ: ისინი ვეღარ გამოსცემენ სასკოლო ლიტერატურას, რაც მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ამის ხარჯზე ახერხებდნენ სხვა ლიტერატურის გამოცემას. როგორ ფიქრობთ, როგორ შეუძლიათ გამომცემლებს ამ პრობლემასა და კრიზისთან გამკლავება?

ტობიას ვოსი: ეს ნამდვილად მძიმე სიტუაციაა. ჩვენ კონტაქტი გვაქვს გამომცემლობებთან და ვიცით ამის შესახებ. ვფიქრობ, ეს გარდამავალი პერიოდი არის განსაკუთრებით მწვავე. როცა რომელიმე სისტემა ასე მოულოდნელად იცვლება, გამომცემლობებისთვის არის ძალიან რთული, რომ ახალ სიტუაციას აუწყონ ფეხი. ძნელია გარედან რაიმე რჩევის მოცემა. ყველა ქვეყანაში წიგნის ბაზარი სხვადასხვანაირად ფუნქციონირებს, ისევე როგორც ეკოსისტემა. ამიტომ შეიძლება კონკრეტული საშუალება ან ღონისძიება, რომელიც გერმანიისთვის წარმატებული იყო, საქართველოსთვის სრულიად უშედეგო აღმოჩნდეს.

მარიამ შავგულიძე: ქართველ ავტორებს კიდევ ერთი პრობლემა ექმნებათ. ხშირ შემთხვევაში, მათთვის ძალიან რთულია წიგნების უცხოურ ბაზარზე გატანა. წიგნების თარგმნა, დისტრიბუცია - არც ისე მარტივია ამ ყველაფრის ორგანიზება. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში გამოსავალი. იქნებ სახელმწიფო უნდა იყოს ამ პროცესში მეტად ჩართული, თუ თავად ავტორებმა უნდა იზრუნონ ამ ყველაფერზე?

ტობიას ვოსი: ამ შემთხვევაში ორი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლებიც ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ. პირველი არის დისტრიბუცია ქვეყნის შიგნით. მნიშვნელოვანია კარგი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება წიგნით ვაჭრობისთვის. როგორც მე ვხედავ, ბოლო წლებში თბილისში რამდენიმე წიგნის მაღაზია დაიხურა. ეს ძალიან საწყენია, რადგან ეს არის ადგილი, სადაც მკითხველი წიგნს ხვდება. სწორედ ამ ინფრასტრუქტურის განვითარება და სტაბილურობაა მნიშვნელოვანი, რაც გამომცემლობებისთვის ამ საქმიანობას მომგებიანს გახდის. გერმანიაში წიგნის გავრცელების ძალიან კარგი სისტემა გვაქვს. ეს შეიძლება სულაც არ გამოდგეს საქართველოში როგორც მოდელი. აქ წიგნის ბაზარს განსხვავებული სტრუქტურა აქვს. აუცილებლად უნდა გაკეთდეს რამე წიგნის ბიზნესის პრობლემის მოსაგვარებლად. თუ საქართველოში არ იქნება ეს ბიზნესი მომგებიანი და განვითარებული, წიგნის ბაზრობაზე სტუმრობაც არ იქნება ბევრის მომცემი. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ვფიქრობ, სახელმწიფომ და გამომცემლობამ ერთნაირად უნდა იზრუნონ ამაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი პატარა ენობრივი ჯგუფებისთვის. მაგალითად შიძლება ნიდერლანდები ან ნორვეგია გამოდგეს, რომლებსაც თარგმნის ძალიან კარგი სისტემა აქვთ, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. ამ სისტემის გარეშე ისინი უხილავები იქნებოდნენ მსოფლიო წიგნის ბაზარზე. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა გამომცემლებმა და ავტორებმა ეს დავალება მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს არ უნდა გადააბარონ. თავადაც უნდა მოინახულონ თუნდაც წიგნის ბაზრობები, თავად გაესაუბრონ გამომცემლებს. ეს ბიზნესი პირისპირ საუბარზეა დამყარებული. ქართველმა გამომცემლებმა გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი და ესპანელი გამომცემლები უნდა გაიცნონ და პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ.

მარიამ შავგულიძე: როგორია ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი გერმანიაში ან ევროპაში. თავად თუ იცნობთ ქართველ ავტორებს?

ტობიას ვოსი: პირველად 2009 წელს მივიღე საქართველოს კულტურის სამინისტროსგან ზარი საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობასთან დაკავშირებით. მაშინ ჩავთვალე, რომ ეს არც ისე ადვილი იქნებოდა. ქვეყანა, რომელიც სტუმრის სტატუსით წარდგება ბაზრობაზე, სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი არის ის, რომ ეს უნდა იყოს ბაზარი, რომელიც ვითარდება. ის ასევე უნდა იყოს საინტერესო საერთაშორისო ბაზრისთვის და, ზოგადად, პუბლიკისთვის. მესამე არის კარგად განვითარებული თარგმნის სისტემა. შარშან ნინო ხარატიშვილის წიგნი „მერვე სიცოცხლე“ გამოქვეყნდა და გერმანულ პრესაში დიდი მოწონება დაიმსახურა. ის შევიდა შემოდგომის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნის სიაში. ეს საკმაოდ კარგი სტარტია და სტუმარ ქვეყანასაც ძალიან დაეხმარება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა გაჩერდეთ. ახლა ერთი კურიოზული შემთხვევა გვაქვს: გერმანიაში ნინოს წიგნი გამოვიდა, რომელიც ჯერ საქართველოში არ გამოცემულა, რადგან ის გერმანულად დაიწერა და ჯერ ქართულად არ თარგმნილა. მე ვფიქრობ, რომ ინტერესი ქართული ლიტერატურისადმი იზრდება. ეს უკავშირდება იმ მოვლენებს, რომლებიც ახლა აქ ვითარდება. წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით ლიტერატურის ფორუმი იმართება, რომელზეც გამომცემლები მთელი მსოფლიოდან არიან მოწვეულნი. ესეც ძალინ კარგი საშუალებაა კონტაქტების დასამყარებლად. სტუმრებსაც ეძლევათ საშუალება საქართველო და ქართველი გამომცემლები გაიცნონ, მაგრამ უდავოა, რომ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG