Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმადიდებლურ წიაღში აღმოცენებული ანა ოუს ქართული ისტერია


ავტორი: ლევან ჯაფარიძე

„ისტერია –ეს არის ნერვულ–ფსიქიკური დაავადება, რომელიც უვითარდებათ ფსიქიკური ზეგავლენით დასუსტებული ნერვული სისტემის მქონე პირებს და რაც არის პიროვნების რეაქცია იმ სიტუაციაზე, რომლის გადატანაც მას არ შეუძლია.“ ეს დიაგნოზი თავის დროზე დოქტორმა ბრუერმა დაუსვა ანა ოუს, მე კი შევეცდები მისი ისტორიის კვალდაკვალ ეს დიაგნოზი დავუსვა საქართველოს.

„ 21 წლის ანა ოუ დღის უმეტეს ნაწილს ინვალიდი მამის მოვლაში ატარებდა, როცა მას მტანჯველი ხველა დაეწყო. ეს იყო პირველი ნიშნები მისი ისტერიისა, შემდეგ ეს ყველაფერი უფრო და უფრო გაურთულდა, რაღაც პერიოდი საერთოდ დამუნჯდა კიდეც. მამის გარდაცვალების შემდეგ კი უარი თქვა საჭმელზე.“ ჩვენც სამოცდაათწლიანი მახინჯი იდეოლოგიის მონობის ქვეშ, როცა უცნობი ინვალიდი „მამების“ მოვლით ვიყავით დაკავებულები დაგვეწყო ისტერიული ხველა, დაავადების პირველი ნიშანი. საბჭოთა რკინის ფარდის დამსხვრევის შემდეგ კი უგალიოდ დარჩენილებმა და დაბნეულად მომღიმარებმა თავისუფლების ტყვეობაში დავიწყეთ „წინაპარი მამის“ ძიება და დღესაც უშედეგოდ ვეძებთ, ოღონდ არა რეალურ დროსა და სივრცეში, არამედ საკუთარ თავში. სწორედ ამ დროს ვვარდებით ისეთ სიტუაციაში, რომლის გადატანაც არ შეგვიძლია და სიმპტომებიც შესაბამისად გვირთულდება, რომლებიც სხვადასხვაგვარად ვლინდება რეალურ ცხოვრებაში და ბევრი უბედურება გვატყდება თავს, ამ პროცესში ჩვენ გადავიატანეთ არაერთი ომი, მათ შორის სამოქალაქო, ვქმნიდით და დღესაც ვქმნით „მამებს“(მიკროავტორიტარებს), ეს კი ზუსტად გაგრძელებაა ანას ისტორიისა.

ისტერიული ორსულობა

„გარკვეული დროის შემდეგ ის დოქტორ ბრუერს გვერდიდან არ შორდება და ერთხელაც აცხადებს, რომ ის მისგან ორსულადაა.“ ის ეძებს ვინმეს, რომელიც უპატრონებს. ასეთმა ავადმყოფურმა წარმოსახვამ განავითარა ეს ისტერიული ორსულობა ჩვენშიც, როცა ყოველთვის ვეძებთ პატრონს. მაინც, რა არის ამის წინაპირობა?

„შავი ჭირი მათ უქმად ტოვებდა, აიძულებდა, უაზროდ ეხეტიალათ პირქუშსა და განწირულ ქალაქში.“ მე მგონი ნაცნობი სიტუაციაა, როცა ქალაქში გაბნეულ სკვერებში, სადარბაზოებსა თუ სამზარეულოებში თავს ვირთობთ უაზრო ფიქრით, ბაასით, რომელიც ჭორაობას უფრო გავს, ვსხედვართ და ვუცდით ბედს, რომელიც ვერა და ვერ გვპოულობს. „განდევნის გრძნობა“ - ესეც ერთ-ერთი ნიშანი ისტერიისა, როცა ქედმაღლობითა თუ უვიცობით შენ თავს შენვე დევნი, ასეთ დროს კი ნატრულობ ან „ძველ დიდებას“ ანდა გინდა რაც შეიძლება დააჩქარო „მეხსიერების მწველ ისრებად ქცეული დროის სრბოლა.“ სენი თანდათან გაცლის ყოველგვარ ძალას, უსუსურს გხდის, თავს რაც შეიძლება დაბლა გახრევინებს და გაიძულებს ამ „უმაქნისად ქცეული მეხსიერებით სიცოცხლეს“. ასეთ დროს ნელ-ნელა იღებ მლოცველის პოზას, ამიტომ ლოგიკურია, რომ ტაძრები სავსეა ხალხით, რომლებიც ელიან სასწაულს, მესიას. ისინი იოლად იჯერებენ და მიჰყვებიან „ზე კაცების“ მითითებებს, სწორედ ამ „ზე კაცისგან“ დაორსულებული საზოგადოება შობს კიდევ უფრო დიდ სიმახინჯეს ვიდრე თავადაა.

ეკლესია

ისტერიული ორსულობის შედეგია ის, რომ დაუსრულებლად გვაწუხებს დემოკრატიული საწყისებიდან აღმოცენებული მოძალადე რეჟიმები, ხოლო ისტერიულ ორსულობას ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს ეკლესია თუნდაც პატრიარქალური აზროვნების გამძაფრებით, იმით რომ რელიგია საჭიროა ადგილის დასამკვიდრებლად საზოგადოებაში, საქართველოში რელიგიასთან არ აქვთ პირადი დამოკიდებულება, რწმენა მხოლოდ რიტუალებსა და ქადაგებების მოსმენაში გამოიხატება და აი სწორედ ამ რიგი ქადაგებებით ეკლესია გავლენას იხვეჭს ხელისუფლების კვალდაკვალ და ზოგჯერ მასთან ერთადაც, ამის მიზეზად კი სარწმუნოების დაცვა მოყავს, ნაცვლად იმისა რომ იღწვოდეს ადამიანის შინაგანი თავისუფლების გასამძაფრებლად, ტოკვილის თქმით: „რამდენადაც რელიგიის მამოძრავებელი ძალები დევს თვით ადამიანის ბუნებაში, მას არ სჭირდება საერო ხელისუფლების მხარდაჭერა. პირიქით, თუკი იგი დაკავშირებულია საერო სახელმწიფოსთან და იყენებს მის ხელისუფლებას, მაშინ რელიგია იწვევს ეჭვებს და სიძულვილს.“ მართმადიდებლური ეკლესია ყოველთვის დაახლოებულია ხელისუფლებასთან და ერევა კიდეც ქვეყნის მართვაში. იმავე ტოკვილის თქმით: „სიძულვილს იმსახურებს ყველა ადამიანური ინსტიტუტი, განსაკუთრებით პოლიტიკური რელიგია. რელიგია, რომელიც ემსახურება მთავრობას, ეხმარება მას ადამიანების ჩაგვრაში, იმის მაგივრად, რომ ამავე ადამიანებს თავისუფლებისათვის ამზადებდეს”. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები, სიმპტომები, რომლებიც თან ახლავს ისტერიას, რწმენის გაუკუღმართება და ასე შემდეგ, შობს გაანგარიშებულ ველურობას, გამოთვლილ ბოდვას, პატიმრობას -ძალადობებს ყოველდღიურად რომ ხდება ჩვენ თვალწინ, რომლებსაც ზოგჯერ ვამჩნევთ, ზოგჯერ კი არ გვინდა, შევამჩნიოთ.

საბოლოო დიაგნოზი

„ დიდი ცხოვრებისეული ტრავმა, რომელიც ილექება ადამიანის ცნობიერებაში, ხდება გამომწვევი მიზეზი მსგავსი ისტერიული გამოვლინებებისა. როცა ადამიანის გონებაში დაგროვილია სტრესი და გაუმხელელი გრძნობები, ისინი ისტერიული სიმპტომების სახით გამოვლინდებიან ხოლმე“ –ასეთი იყო ფროიდისა და ბრუერის დასკვნა. მოგვიანებით ფროიდმა განავრცო ის, რაც ბრუერს სახალხოდ არ გამოუქვეყნებია - „გაუმხელელი სექსუალური მისწრაფება და დაუკმაყოფილებლობა არის საფუძველი ყველა მსგავსი ისტერიული ნევროზისა.“

ჩემი აზრით, სრულად შეგვესაბამება ეს დიაგნოზი ჩვენ, ქართველებს, რომლებსაც დაგროვილი გვაქვს დიდი ისტორიული ტრამვები, სტრესები, რომლებზეც ღიად არ ვსაუბრობთ, თუმცა ჯერ საჭიროა მინიმუმ კარგად ვიცოდეთ ისტორია, ვისაუბროთ მტკივნეულ თემებზე, ყოველგვარი მიჩქმალვის გარეშე, დღეს ჩვენ უახლეს ისტორიაშიც კი ბევრი რამ ბუნდოვანებით არის მოცული. რაც შეეხება გაუმხელელ სექსუალურ მისწრაფებებსა და დაუკმაყოფილებლობას, ეს თითოეულ ჩვენგანს ცალ–ცალკე და ყველას ერთად გვაწუხებს, როცა უმანკოება ფიზიონომიური ნიშან-თვისებაა, ამიტომ ჩამოვყალიბდით მორალისტურ საზოგადოებად, სადაც ადამიანები დაუსრულებლად ჭორაობენ, განიკითხავენ. მახინჯები ქმნიან სახეებს, რომლებსაც თუ არ დაემსგავსები, გაირიყები, ასეთ საზოგადოებაში ქრება ინდივიდუალიზმი, იმპროვიზაცია, რაც სიცოცხლისთვის არის დამახასიათებელი, ცხოვრება მონოტონური ხდება, თანდათან ვიწროვდება და საბოლოოდ ქრება.

ანა ოუ სანატორიუმში ყოფნის შემდეგ გამომჯობინდა და გერმანიის წარმატებული სოც-მუშაკიც გახდა, მისი ნამდვილი სახელი და გვარი, ბერტა პაპენჰეიმია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG