Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოხალისის წერილი ტრანსილვანიიდან


ავტორი: თამთა ჯაფარიძე

გიორგი ზერეკიძის დღიურებს ვკითხულობდი და ვფიქრობდი, ნეტა ოდესმე მეც თუ ჩავერთვები-მეთქი, ამ პროექტში. მხოლოდ მერეღა შევამჩნიე განცხადება „თავისუფალი სივრცის“ შესახებ და გადავწყვიტე, მეცადა... მკითხველს თავს ასე წარვუდგენ - ბლოგერი, მოხალისე და მომავალი ჟურნალისტი. მართალია, უნივერსიტეტი უკვე დავამთავრე, თუმცა სანამ რეალურად არ დავკავდები ამ საქმით, „მომავალი ჟურნალისტი“ მერქმევა.

ამ ბლოგპსოტში კი მინდა ჩემს ახლანდელ ცხოვრებაზე გიამბოთ - უკვე ორი თვეა, რაც რუმინეთის ერთ პატარა, უნგრულ ქალაქში მოხალისედ ვარ წამოსული.

ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, რას გულისხმობს ეს და როგორ მოვხვდი აქ - ევროკავშირის პროექტ Youth in action-ის ფარგლებში არსებობს ასეთი პროგრამა EVS ანუ ევროპელ მოხალისეთა სერვისი. მასში არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიოა ჩართული - მე შევხვდი ახალგაზრდებს განადან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან და ა.შ.

როდესაც აქ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ რადიოში უნდა მემუშავა... მართლაც კვირაში სამჯერ დავდივარ იქ, თუმცა ბევრს ვერაფერს ვაკეთებ - მე უნგრული არ ვიცი, იმათ კი ჩემი ინგლისური არაფერში სჭირდებათ. მიმღები ორგანიზაციისათვის ეს პირველი პროექტია, ახლა სწავლობენ... ჰოდა, ერთად მოვიფიქრეთ, რომ ონლაინ რადიოს შექმნა უფრო კარგი იდეაა, მეტი თავისუფლება გვექნება. ანალოგიური სიტუაციაა სატელევიზიო პროექტში დაკავებულ მოხალისეებთანაც, თუმცა მათ მაინც მეტი შესაძლებლობა აქვთ - ქმნიან პატარა დოკუმენტურ ფილმებს, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი კადრებია. რადიო კი ამის საშუალებას, რა თქმა უნდა, არ იძლევა.

შედარებით წარმატებული, ჩემი აზრით, ე.წ. რესაიქლინგია - ანუ ერთი შეხედვით გამოუსადეგარი და გადასაყრელი ნივთების გადამუშავება. ჩვენი ქალაქის ბავშვებს ყოველკვირეულად უტარდებათ ვორქშოფები და ბევრ საინტერესო რამეს სწავლობენ. ამ პროცესს რომ ვუყურებ, ვფიქრობ რომ მოხალისეობასთან ყველაზე ახლოს სწორედ ეს პროექტი დგას. ასევე, ვიცნობ სხვა ახალგაზრდებს, რომლებიც უსახლკარო ბავშვებთან, სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებთან და მოხუცებთან მუშაობენ. ძალიან ხშირად შეხვდებით „ჯიფსი“ ბავშვებთან დაკავშირებულ თემატიკასაც - აქაურობა ბევრს ხომ სწორედ ბოშების ქვეყანა ჰგონია.

წამოსვლამდე ხშირად მეკითხებოდნენ, მანდ რა გინდა, სხვა ადგილი ვერ იპოვეო? სიმართლე გითხრათ, ერთი წუთითაც არ ვნანობ ჩემს არჩევანს რუმინეთთან დაკავშირებით. შესაძლოა, აქ არასოდეს მემოგზაურობა, ახლა კი შანსი მეძლევა ბევრი საინტერესო სიახლე აღმოვაჩინო.

აი, პროექტს რაც შეეხება, მართლაც შეიძლებოდა უფრო სოციალური სფეროდან ამომერჩია, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ აქ საკუთარი ინიციატივის გამოჩენას არავინ გიშლის: ვინმეს დახმარება გინდა? - კი ბატონო, დაეხმარე!

თავისუფალ დროს, ძირითადად, მოგზაურობაში ვატარებ - 2 თვეა აქ ვარ და უკვე უამრავი საინტერესო ადგილი მოვინახულე. რა უცნაურია, საქართველოში 21 წელი გავატარე და იქ არ მივლია ამდენი. ალბათ, იმის ბრალია, რომ თავს ჯერ კიდევ ტურისტად ვგრძნობ - ვიცი, რომ რამდენიმე თვის შემდეგ წავალ და, შესაძლოა, უკან არც არასოდეს დავბრუნდე. სწორედ ამიტომ ვცდილობ, ბევრი რამ მოვასწრო. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ სამშობლოშიც იმავე შემართებით გავაგრძელებ.

კიდევ ერთი პირობა, რომელიც დავდე, მოხალისეობის, როგორც ცხოვრების სტილის დამკვიდრებაა. მე ვიცნობ ადამიანებს, რომელთათვისაც EVS მხოლოდ და მხოლოდ უცხოეთში წასვლის, გართობისა და მოგზაურობის პერსპექტივაა.

გულწრფელად ვიტყვი, თავიდან ჩემი მთავარი მოტივაციაც საზღვარგარეთ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება იყო, მაგრამ ახლა, როცა აქ ვარ, როცა 2 თვე გართობასა და მოგზაურობაში გავატარე, მართლა მიჩნდება სურვილი რაიმე სასარგებლო გავაკეთო - კარგი, საჭმლის მომზადება უკვე ვისწავლე, ახალი მეგობრები შევიძინე, ბევრი ფოტოც გადავიღე სხვადასხვა ქალაქში და კარგადაც ვიხალისე... თუმცა „მოხალისეობა“ ხომ ამას არ გულისხმობს?!

ჩემი აზრით, აქ წამოსული ახალგაზრდები პირველ რიგში, სწორედ საკუთარ თავს ვეხმარებით - ჩვენს ასაკში ხშირად არ ვიცით რა გვინდა, სად გვინდა და ა.შ. შეიძლება, პათეტიკურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ, ეს პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო ფართოდ გამოვაღოთ ფანჯარა მსოფლიოში და მცირედი, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG