Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“


ავტორი: ციალა ქათამიძე

ის ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე დაიბადა... მას დიდხანს ელოდნენ და... ისიც გაჩნდა... დიდი ზღვისფერი თვალებითა და კულულა თმით... ბუნდოვნად ახსოვს ბავშვობა - ძმებთან ერთად ეზოში ფეხბურთის თამაში... ფიჭვნარში მოსეირნე დედ-მამა... საღამოს - ვახშამი ბებია-ბაბუასთან... პირველი ზღაპარი... პირველი წინგი... მოგიზგიზე ბუხარი... ტალღებზე მოლივლივე თოლიები... ხმაურიანი ტალღები... ზღვა... ხან ლურჯი, ხან მოვარდისფრო, ხან ცისფერი... ხანაც, შავი ზღვა... სკოლა... პირველი ზარი... დედასთან განშორებით გამოწვეული პირველი ცრემლი... პირველი სიყვარული... ეს ყველაფერი მართალია, ძალიან ბუნდოვნადაა ჩარჩენილი მის მეხსიერებაში, მაგრამ ის გრძნობა რაც მაშინ ჰქონდა, არასოდეს ტოვებს... ჰქონდა მთავარი - სულიერი სიმშვიდისა და სილაღის განცდა...
უცებ ყველაფერი ავტომატის და ქვემეხების ხმამ შთანთქა... მამა და ძმები სადღაც წავიდნენ... ირგვლივ ყველაფერს თითქოსდა შავი ფარდა გადაეფარა, ომის ფარდა... მას შემდეგ, ზღვაც შავი ფერია... გამუდმებით...
როცა ძალიან უჭირს... ზღვის სანაპიროზე მიდის, გონებით ცდილობს დაუბრუნდეს იმ ვარდისფერ სამყაროს... მაგრამ არ გამოსდის... გაჰყურებს ზღვას... ის კი არც ვარდისფერია და არც ლურჯი... მას კვლავ შავი ფარდა გადაკვრია... შეჰყურებს ზღვისფერ სამყაროს, გაჰყურებს ტალღებს, ცას... მეორე ნაპირს... აინტერესებს: იქ, რა ფერია სამყარო... იქნებ იქ ზღვა ლურჯია... ან ცისფერი, ან სულაც მოვარიდისფრო... ან იქნებ, იქაც შავია ზღვა... უნდა იცოდეს მაინც... თუმცა, ამაზე ფიქრიც კი აშინებს... არათუ, ამ ფიქრის ვინმესთვის გამხელა...
ეს ალისას ისტორიაა... თითქოსდა განსაკუთრებული არაფერია... უამრავი მსგავსი ისტორია გვაქვს მონასმენი - ტელევიზიით, გაზეთით თუ პირად საუბრებში... იმ მომენტში გულდასმით ვუსმენთ, გვტკივა, განვიცდით, მაგრამ მალევე გვავიწყდება... მე კი ალისა და მისი ემოცია დღემდე ვერ დავივიწყე... ვერ დავივიწყე პატარა, მეოცნებე გოგონა... ლამაზ სამყაროზე მეოცნებე...
P.S. წლების წინ, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე... ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები ერთობლივად ვსწავლობდით მოლდოვეთში არსებულ ტერიტორიულ კონფლიქტს... მის გამომწვევ მიზეზებს და ერთად ვეძებდით გამოსავლის გზებს... აღნიშნული პროექტის ქვეტექსტი ალბათ, ყველასთვის ნათელია... აღარ ჩავუღრმავდები... უბრალოდ, ის მინდოდა მეთქვა, რომ ალისა იქ გავიცანი და პირველი კითხვა რაც დამისვა იყო: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“. როცა ჩემს გაოცებულ სახეს შეხედა, მითხრა: ვხუმრობო. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში არაერთხელ გამჩენია კითხვა: რას გულისხმობდა ალისა ზღვის ფერში?... მხოლოდ დამშვიდობების დღეს გავბედე მეკითხა... დღემდე ამაყი ვარ იმით, რომ ალისამ გამანდო მისი ოცნებები, გრძნობები, ინტერესი...
ის, სოხუმის მახლობლად ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ცხოვრობს... და ზუსტად ისევე სტკივა, ისევე უხარია, ოცნებობს თუ დარდობს, როგორც მე... მე, რომელიც ბათუმში, ერთ პატარა სახლში, ლამაზ ქუჩაზე, მოლივლივე ზღვის სანაპიროზე ვცხოვრობ...
ომის, ქაღალდების, საქმეების, მოლაპარაკებების, კონფლიქტების, ბიუჯეტის, სტრატეგიების, კანონების, სხვა სიტყვებისა თუ ცნებების ქვეშ არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი რამ, ეს - ადამიანები, ადამიანური ისტორიები, გრძნობები, ემოციები, მიზნები და ოცნებებია. საუკეთესო საშუალება კომუნიკაციის, სიძლიერის, ერთობის, განვითარების, წარმატების...
მას შემდეგ, ვაკვირდები ტალღებს ინტერესით... წელიწადის ყოველ დროს... თითქოსდა ვამოწმებ, თითქოსდა მეშინია რამე არ გამომეპაროს... ვაითუ ვერ დავიჭირო ფერთა გრადაცია... არადა, ალისა ელოდება პასუხს კითხვაზე: „ზღვა ბათუმშიც მუდამ შავია? თუ ხანდახან ლურჯი, ცისფერი ან მოვარდისფრო?“’

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG