Accessibility links

ბოლო ნაბიჯი - ერთი გამარჯვება ან, სულაც, სასურველი ფრე - დააკლდა დარბაზის ფეხბურთში, ფუტსალში, საქართველოს ნაკრებს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ დასკვნით შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელები რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. პირველი თამაში რუმინეთში ფრედ - 2:2 - დასრულდა, რაც საპასუხო მატჩის წინ საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო, მაგრამ ამ დონეზე პირველად მოთამაშე გუნდი გაცილებით გამოცდილ მეტოქესთან ვერაფერს გახდა.

ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფამდე აქამდე არასოდეს მიუღწევია. დიდი ხნის განმავლობაში ევროპის საშუალო დონის ნაკრებებთან წარმატებაზე ფიქრიც კი არარეალური იყო.

„ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში წარმატების მიღწევის პოტენციალი საქართველოს ნაკრებს ადრეც ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არ იყო ის ყურადღება და სისტემური მიდგომა, რაც დღეს არის. ახლა გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, უფრო მიზანმიმართული დახმარებაა ფედერაციის მხრიდან საქართველოს ჩემპიონატისა და ნაკრების მიმართ. ასევე აღსანიშნავია ნაკრების იმ ფეხბურთელების დამსახურება, რომლებმაც, წლების განმავლობაში უყურადღებობის მიუხედავად, არ მიატოვეს საქმე და დღეს შრომა უფასდებათ", - გვითხრა სპორტული სააგენტო SBM-ის ხელმძღვანელმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზაალ ჩიტალაძემ.

საქართველოსა და რუმინეთის მატჩს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალეკო ძაბირაძეც დაესწრო, რომელიც წლების განმავლობაში ფუტსალის კლუბ „იბერია სტარის" სახელითაც გადიოდა ევროასპარეზზე.

წლების წინ ქართული ფუტსალი მხოლოდ „იბერია სტართან" ასოცირდებოდა - გუნდთან, რომელიც 2013 წელს ჩემპიონთა ლიგაზე ოთხთა ფინალამდე მივიდა, 2014 წელს კი ფინანსური პრობლემების გამო არსებობა შეწყვიტა.

ალეკო ძაბირაძემ თამაშის წინ რადიო თავისუფლებისთვის კომენტარი გააკეთა: „ყველა წარმატება, რაც საკლუბო დონეზე გვქონდა, „იბერია სტარს" უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, ეს გუნდი დაიშალა და ამ ეტაპზე საქართველოს ასეთი დონის კლუბი აღარ ჰყავს. იმედია, გამოჩნდებიან ინვესტორები, რომლებიც ამ საქმეში ფულს ჩადებენ და, შედეგად, საქართველოს ნაკრებიც აუცილებლად იხეირებს".

რუმინეთთან შეხვედრა ქართველმა ფუტსალელებმა კარგად დაიწყეს - სასტარტო ჩამორჩენის მიუხედავად, ცოტა ხანში 3:1 დაწინაურდნენ. გადაჭედილ ოლიმპიურ სასახლეში არსებული საოცარი მუხტის გათვალისწინებით, ეს ძალიან დიდი უპირატესობა იყო, მაგრამ...

ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებსაც ჩვენი იმედი ჰქონდათ. ჩვენ კი მათი გახარება ვერ შევძელით. მადლობა ყველა ფეხბურთელს. მათ ამ ბრძოლაში მართლა სული და გული ჩადეს...

რუმინეთმა პირველსავე ტაიმში შეძლო ანგარიშის გათანაბრება. შესვენების შემდეგ კი წინაც გავიდა და, საბოლოოდ, 7:4 მოიგო.

„პირდაპირ გეტყვით, რა დაგვაკლდა. დაგვაკლდა კუპატაძე კარგ ფორმაში. ერთ თამაშში რომ ამდენ გოლს გაუშვებ, მიზეზი შენს თავშიც უნდა ეძიო. მეორე მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ცოტა ადრიანად დავიწყეთ ზეიმი. ასეთი თამაშების გამოცდილება არ გვაქვს და საბოლოო გამარჯვება გაცილებით გამოცდილ მეტოქეს დარჩა", ამბობს ზვიად კუპატაძე, საქართველოს ნაკრების მეკარე.

ავთანდილ ასათიანი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ამბობს:

„ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებსაც ჩვენი იმედი ჰქონდათ. ჩვენ კი მათი გახარება ვერ შევძელით. მადლობა ყველა ფეხბურთელს. მათ ამ ბრძოლაში მართლა სული და გული ჩადეს. მიზანს გამოცდილების ნაკლებობის გამო ვერ მივაღწიეთ. ეს თამაში ისე გვიხაროდა და ისე ველოდით, როგორც პატარა ბავშვი თოვლის ბაბუას ელოდება. ჩვენს გასახდელში ახლა იმდენი ცრემლი და გულისტკივილია, რომ დარწმუნებული ვარ, ეს წაგება გუნდს კიდევ უფრო გააერთიანებს და გააძლიერებს".

ევროპის ჩემპიონატი 2018 წლის 30 იანვრიდან 10 თებერვლამდე სლოვენიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 12 ქვეყნის ნაკრები მიიღებს, მათ შორის რუმინეთიც, რომელმაც შეჯიბრების საგზური საქართველოს ნაკრების ძლევით მოიპოვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG