Accessibility links

„საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ – გამოფენა ბორდოში


„საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ - გამოფენის ერთი კუთხე

გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“, რომელსაც საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის მუზეუმი მასპინძლობს, მრავალი თვალსაზრისით არის საყურადღებო და გამორჩეული. დავიწყოთ იმით, რომ იმაზე გაცილებით უფრო ადრე ფუნქციონირებდა, ვიდრე მას ოფიციალურად გახსნიდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ორი დღის წინ, 13 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა: „ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში, გაიხსნება გამოფენა „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“. მომდევნო დღეს კი – 14 სექტემბერს მან ოფიციალურად გახსნა გამოფენა ბორდოს ღვინის მუზეუმში: „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“. როგორც ვთქვით, ოფიციალურად გახსნა,– თორემ გამოფენა მანამდეც მასპინძლობდა დამთვალიერებელს. მუზეუმის ვებსაიტზეც შეგიძლიათ ნახოთ, რომ ის 2017 წლის 31 ივლისიდან 5 ნოემბრამდე სთავაზობს დაინტერესებულ პირებს ექსპოზიციას საქართველოს მეღვინეობის ტრადიციებზე. ბორდოს მუზეუმი 5 სექტემბერს დავათვალიერე.

Direct link

2016 წლის მაისში, როცა გავრცელდა ცნობა საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის – მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმის გახსნის შესახებ – ალბათ, მარტო მე არ ვიყავი, ვინც იფიქრა: ნუთუ ბორდოში ასეთი მუზეუმი აქამდე არ არსებობდა-მეთქი? თუ საქართველო ღვინის აკვნად ითვლება, ბორდოს, ალბათ, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიოში მეღვინეობის ეპიცენტრი! მისი სახელიც კი ღვინის ასოციაციას იწვევს, ბორდო მასპინძლობს მსოფლიოში ღვინის მთავარ გამოფენა „ვინექსპოს“, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ბორდოს მახლობლად მდებარე რეგიონებში, მათ შორის, სან ემილიონსა და პომეროლში, აყენებენ სხვადასხვა ღვინოს, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და საუკეთესოა.

მაშ, რატომ არ ჰქონდა ბორდოს ღვინის დიდი მუზეუმი – ცენტრი 2016 წლამდე? ვკითხე ოლივიე კოლეკს, მუზეუმის დამფუძნებელი ორგანიზაციის, „ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორს.

„კარგი შეკითხვაა... იმის თქმა შემიძლია, რომ მომწიფდა დრო ქალაქ ბორდოში ასეთი მუზეუმის შესაქმნელად. უნდა ითქვას, რომ ამ პროექტის იდეა ჯერ კიდევ 15 წლის წინ ჩაისახა – მუზეუმის შექმნის სურვილი გამოთქვა ბორდოს მერმა, ალენ ჟუპემ. მაგრამ პროექტის განხორციელება ვერ ხერხდებოდა – დაფინანსების სირთულის გამო“ – დაფინანსების პრობლემა, რომელზეც ოლივიე კოლეკმა ისაუბრა, საბედნიეროდ, მოგვარდა. დღეს მუზეუმისთვის განკუთვნილი თანხების 80%-ს ქალაქის, სახელმწიფოს, ევროკავშირის ბიუჯეტებიდან იღებენ, ხოლო 20%-ს კერძო სექტორიდან. 2016 წლის 31 მაისს ბორდოში ღვინის ცივილიზაციის მუზეუმის გახსნას ესწრებოდა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი. რით არის გამორჩეული, განსაკუთრებული ბორდოს ღვინის მუზეუმი?

ოლივიე კოლეკი
ოლივიე კოლეკი

ეს არის უნიკალური მუზეუმი, თანამედროვე მუზეუმი , „ახალი თაობის მუზეუმი“. არა ვართ მუზეუმი ტრადიციული გაგებით, არა გვაქვს კოლექცია და დამთვალიერებლის მიმართ მიდგომა –ეს განსაკუთრებით მუდმივ გამოფენას ეხება – განსხვავდება ტრადიციული მუზეუმებისაგან, ემყარება ახალ ტექნოლოგიებს, ძირითადად, ინტერაქტიულია. ვფიქრობ, ეს არის „ახალი მუზეუმი მომავლისათვის“ – ახალ მუზეუმში მომავლისათვის, როგორც მას ოლივიე კოლეკი აღწერს, შეგიძლია გადაუფრინო მეღვინეობის ტრადიციით ცნობილ რეგიონებს. ექსპოზიციის შესასვლელშივე აღმართულია დიდი ეკრანები, რომლებზეც ხედავ ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან გადაღებულ მშვენიერ ვენახებს! შეგიძლია მოუსმინო მეღვინეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან – საქართველოდან და შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ახალი ზელანდიიდან, შეიტყო როგორ და რამდენ ღვინოს აყენებენ მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში, როგორია ნიადაგის თავისებურებები და მეტეოროლოგიური პირობები. ბევრია მეღვინეობის ისტორიისადმი მიძღვნილი ინსტალაცია, მათ შორის, იხილავ მოკლე ფილმებს: როგორ აყენებდნენ ღვინოს ქვევრში ძველად ან ძველი ეგვიპტისა და საბერძნეთის რომელი ღვთაებები იყვნენ დაკავშირებული ღვინის კულტთან, როგორ აისახა ევროპის სახვით ხელოვნებაში ღვინის სმის ტრადიცია.

ღვინის მუზეუმში იმართება კონფერენციები, დეგუსტაციის გაკვეთილები, ფილმების ჩვენება, დროებითი გამოფენები. ამჟამად ყურადღების ცენტრში საქართველოა, როგორც პირველი მიწვეული ქვეყანა, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენების ციკლს ხსნის. საქართველოს სამი თვით ეთმობა საგანგებო საგამოფენო სივრცე, საქართველოზე პლაკატებით არის გაფორმებული მუზეუმის შესასვლელიც.

„საქართველო არის ღვინის ცივილიზაციის აკვანი და მოწვეული ქვეყნებისათვის განკუთვნილ პირველ გამოფენაზე საქართველოს მოწვევა იყო მკაფიო მესიჯი დამთვალიერებლებისათვის, ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო განზომილების მუზეუმი. ჩვენი მთავარი მიზანია, დამთვალიერებელს მივცეთ შესაძლებლობა, თავისთვის აღმოაჩინოს ღვინის კულტურები. და ვფიქრობ, საქართველო არის ღვინის კულტურის საუკეთესო მაგალითი – არამარტო მეღვინეობის ისტორიის, არამედ დღევანდელი მეღვინეობის გამოც. ვენახები ძალიან მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებულია ამ ქვეყანაში და ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოთი დაწყება“ – განმარტავს ოლივიე კოლეკი, ბორდოს ღვინის მუზეუმის დამფუძნებელი ორგანიზაციის, ღვინის კულტურისა და ცივილიზაციის ფონდის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, რომელსაც მუზეუმში საქართველოსთვის განკუთვნილ საგამოფენო დარბაზში ფიროსმანის ნახატთან ვესაუბრე.

ფონად განუწყვეტლივ ისმოდა ერთი სიმღერა – „შენ ხარ ვენახი“, თავისთავად, ულამაზესი საგალობელი, საუცხოო შესრულებით, ცხადია თემატურადაც სწორად შერჩეული – მაგრამ გაუთავებლად! იწყებოდა, მთავრდებოდა და ისევ იწყებოდა, მთელი ჩემი იქ ყოფნის განმავლობაში. არ ვიცი, ვინ და რატომ ჩათვალა, რომ თუნდაც მშვენიერების მონოტონურობა მოხიბლავდა ექსპოზიციის დასათვალიერებლად მისულ ადამიანს, ქართველს ან უცხოელს.

ექსპოზიციას, ჩემი შთაბეჭდილებით, აკლია ვიზუალური მრავალფეროვნებაც: მართალია, გამოფენილია საქართველოში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშები, ღვინის ჭურჭელი, მოწყობილია მარნის გამომსახველი მშვენიერი ინსტალაცია, მაგრამ უგულებელყოფილია ინტერაქტიულობა – და ეს ინტერაქტიული ინსტალაციებით მდიდარი მუზეუმის ფონზე. თუმცა, მთლიანობაში, გამოფენა ცხადია, მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანიც კი, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს გამოფენის დამთვალიერებლებიდან, ვისაც გამოველაპარაკე, არავის მანამდე არაფერი სმენოდა ქართულ ღვინოსა და მითუმეტეს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანას ღვინის დაყენების რვაათასწლიანი ისტორია აქვს და მეღვინეობის აკვნად ითვლება.

ბრიტანელი დამთვალიერებელი: „ეს იყო გამოფენის ყველაზე მოულოდნელი ნაწილი, კარგია, რომ შევიტყვეთ, აქ როცა შემოვედით! ქართულ ღვინოზე აქამდე არაფერი ვიცოდი. მსმენია საქართველოზე, ვიცი სად მდებარეობს, მაგრამ არ ვიცოდი, რომ უძველესი ადგილია, სადაც ღვინოს აყენებდნენ“.

რადიო „თავისუფლება“: „ახლა რა იცით საქართველოში მეღვინეობაზე?“

ბრიტანელი დამთვალიერებელი: „ახლა საქართველოში მომიწევს წასვლა, რომ ყველაფერი გავიგო“.

ფრანგი დამთვალიერებელი: „ღვინის ახალი რეგიონი აღმოვაჩინე! სახლში მაქვს წიგნი მსოფლიოს ღვინოებზე და არასოდეს წამიკითხავს ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეძღვნება. ახლა წავიკითხავ!“

კანადელი დამთვალიერებელი: „აქამდე არაფერი ვიცოდი –ქართულ კულტურაზე – არც კარგი, არც ცუდი. ეს არის დასაწყისი საქართველოს კულტურისა და ისტორიის გასაცნობად“.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ დამთვალიერებლები, რომელთაც ბორდოში, ღვინის მუზეუმში გამოველაპარაკე, ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში მოხვდნენ და გაკვირვებულნი დარჩნენ: როგორ მოხდა, რომ მეღვინეობის ასეთი ტრადიციების ქვეყანას დიდი, საერთაშორისო მნიშვნელობის მუზეუმი არა აქვსო?

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG