Accessibility links

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილება, ჩაიკეტოს სამეგრელოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ნაწილი. ორსანტია-ოტობაიისა და ხურჩა-ნაბაკევის ე. წ. გადასასვლელების ჩაკეტვას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა ექვსი სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ოთხის დახურვის გადაწყვეტილება 2016 წლის 26 დეკემბერს მიიღო. აფხაზეთის საბაჟო სამსახურის უფროსმა დაურ კობახიამ რუსულ მედიას განუცხადა, რომ ბოლო ორ გადასასვლელ პუნქტზე - ნაბაკევსა და ოტობაიაში - მიმოსვლა 5 მარტს ღამით შეწყდა, 6 მარტს კი, დილის ათ საათზე, გაიმართა პუნქტების დახურვის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც ადგილობრივი ადმინისტრაციის, სასაზღვრო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დაურ კობახიას თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა თავდაპირველად აპროტესტებდა გადასასვლელების გაუქმებას, მაგრამ ახსნა-განმარტებების შემდეგ მიხვდა, რომ პროტესტს აზრი არ აქვს და შეეგუა სიახლეს, თუმცა ის ფაქტი, რომ ე. წ. დაბალი ზონის მცხოვრებლებს ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა და ენგურის ცენტრალურ ხიდთან მისვლა მოუწევს, კვლავინდებურად დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

„თაგილონიდან ვარ და მომიწევს 30 კილომეტრის გავლა... არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება“, უთხრა საშუალო ასაკის კაცმა რადიო თავისუფლების ზუგდიდელ კორესპონდენტს, თამარ ზანთარაიას, რომლის ცნობით, განსაკუთრებით გაურთულდათ ცხოვრება იმათ, ვისაც ყოველდღიურად უწევდა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა. განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილის, ზურაბ ჯოლოგუას, განცხადებით, თუ ადრე აფხაზეთიდან 16 მოსწავლე გადმოდიოდა, ახლა ეს რიცხვი ცხრამდე შემცირდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს...

შექმნილი ვითარების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ შეშფოთება გამოთქვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას. ქართველმა დიპლომატმა ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებს უთხრა, რომ გადასასვლელი პუნქტების გაუქმება მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს მოიტანს. მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაა გაავრცელა:

„აღნიშნული გადაწყვეტილება უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ უფლებებს და ემსახურება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას“.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება უშუალოდ გადასასვლელების დახურვას, ამასთან დაკავშირებით განცხადებაში ვკითხულობთ:

“გადასასვლელების დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს. ამგვარი ქმედებები არა მხოლოდ ართულებს ადგილობრივთა ჰუმანიტარულ მდგომარეობას, არამედ ნიადაგს აცლის საზოგადოების ნდობასა და რწმენას და აზარალებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომელიც კონფლიქტისაგან დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველ მექანიზმადაა აღიარებული. შეერთებული შტატები მხარს უჭერს აღნიშნული გადასასვლელების გახსნას, რათა ბავშვებს სკოლაში სიარულის, ხოლო მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების, სავაჭრო საქმიანობის წარმართვის, ნათესავებთან მისვლისა და სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება მიეცეთ".

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა შეუვალია და არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას. საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ სოხუმი დამოუკიდებლად არ მოქმედებს. პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მორიგი ნაბიჯი, ჩამოაცილოს აფხაზეთი დანარჩენ საქართველოს.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ეს ნაბიჯები გამოძახილია იმ იმედების გაცრუებისა, რაც უკავშირდებოდა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. რუსეთი და რამდენიმე ქვეყანა აღმოჩნდა გამონაკლისი. ორმა ქვეყანამ აფხაზეთი დამოუკიდებლობის აღიარება უკანაც კი გაიწვია. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა სტატუს კვოს შეცვლას ცდილობს:

„ამ თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, ისინი ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ქართულ მხარესა და საერთაშორისო თანამეგობრობაზე, განსაკუთრებით კი ევროკავშირზე, იმ ფონზე, როცა საქართველომ მიიღო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს აფხაზეთსა და აფხაზეთის მოსახლეობას ისარგებლონ ამით. ისინი ცდილობენ, რომ ამით ზეწოლა მოახდინონ იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე, რომ ევროკავშირმა მათთვის დაუშვას გამონაკლისი, რომ აფხაზეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა იმოგზაურონ, მაგალითად, ევროკავშირში აფხაზეთის ე.წ. პასპორტებით“.

ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

შესაძლებელია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ გზით ცდილობდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევას და ერთ დროს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის - „ჩართულობა აღიარების გარეშე“ - გააქტიურებას რაიმე ფორმით, თუმცა როგორც უნდა იყოს, კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაზე ზემოქმედების საშუალებები შეზღუდული აქვს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას.

„სამწუხაროდ, ერთადერთი მექანიზმი არის ის, რომ ისევ საერთაშორისო საზოგადოებამ მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რადგანაც რუსეთი არის აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მფარველი, და აიძულოს რუსეთის ხელისუფლება, რომ გავლენა მოახდინოს სოხუმზე. საერთაშორისო თანამეგობრობა პირდაპირ ვერ ახდენს ზემოქმედებას, იმიტომ რომ არ ცნობს მას და ამ მხრივ შეზღუდულია. საქართველოს ხელისუფლებაც ზუსტად იგივე სიტუაციაშია. ამასთან, ვითარება რთულია გეოპოლიტიკური კონტექსტის გამოც - დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობები საკმაოდ პრობლემურია. ეს იციან სოხუმში და სარგებლობენ ამ სიტუაციით“, უთხრა კორნელი კაკაჩიამ რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG