Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ჰელმუტ შმიდტი


ჰელმუტ შმიდტი
ჰელმუტ შმიდტი

სამშაბათს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა გერმანელი პოლიტიკოსი, დასავლეთ გერმანიის ყოფილი კანცლერი, ჰელმუტ შმიდტი. მას ომისშემდგომი ევროპის ინტეგრაციის ერთ-ერთ არქიტექტორსაც უწოდებდნენ.

შმიდტის გარდაცვალების ცნობის გავრცელებას მყისიერად მოჰყვა გამოხმაურება ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის ლიდერებისგან. ისინი შმიდტის განვლილ გზას იხსენებდნენ და გარდაცვლილ პოლიტიკოსს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ომისშემდგომი ევროპის ინტეგრაციის არქიტექტორს უწოდებდნენ.

შმიდტი მაშინდელი დასავლეთ გერმანიის, ანუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, მეორე მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობის ლიდერი იყო 1974-დან 1982 წლამდე. თანამდებობაზე ის ცივი ომის პიკის დროს მოვიდა, მას შემდეგ, რაც მის თანაპარტიელ ვილი ბრანდტს გადადგომა მოუწია იმის გამო, რომ მისი ახლო თანაშემწე კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანიის ჯაშუში აღმოჩნდა.

ამავე დროს, შმიდტს მოუხდა გამკლავება 1973-74 წლების ენერგეტიკული კრიზისის შედეგებთან, რომელიც გამოიწვია ნავთობზე ოპეკის მიერ დაწესებულმა ემბარგომ. მოგვიანებით, მისი მმართველობის დროს, დასავლეთ გერმანიის დემოკრატიას მწვავე საფრთხე შეექმნა RAF-ის - წითელი არმიის ფრაქციის - ურბანული პარტიზანების მიერ განხორციელებული თავდასხმების სახით.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ზიგმარ გაბრიელმა შმიდტის გარდაცვალების ცნობის გავრცელების შემდეგ ასე შეაფასა მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა: "გარდაიცვალა დიდი პატრიოტი, დიდი ევროპელი და დიდი სოციალ-დემოკრატი. ჰელმუტ შმიდტის ხსოვნა მნიშვნელოვნად გასცდება სოციალ-დემოკრატიულ პარტიას - ის ეხსომებათ როგორც პიროვნება, რომელმაც ჩვენი ქვეყანა თავდაჯერებით და რეალიზმის განცდით შეცვალა, რომელიც ენერგიულად მუშაობდა ევროპული მშვიდობის წესრიგისთვის და რომელიც ბოლო პერიოდამდე ბევრი პირის მრჩეველი იყო. მწამს, რომ მისი მემკვიდრეობა ევროპა იქნება“.

ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

კანცლერმა ანგელა მერკელმა შმიდტს საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი შემოქმედი უწოდა. მისი თქმით, შმიდტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დღემდე აქვს შედეგი მსოფლიოში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შმიდტს უწოდა გერმანიის დიდი სახელმწიფო მოღვაწე. „ის თავის ქვეყანას ძალიან რთულ დროს უძღვებოდა და მას გზა გაუხსნა ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდისკენ“, - განაცხადა ოლანდმა და დასძინა, რომ ევროპა ერთიანი ვალუტის - ევროს - არსებობას სწორედ შმიდტს უნდა უმადლოდეს.

განცხადება თეთრმა სახლმაც გაავრცელა. მისი თქმით, შმიდტი იყო „სტაბილური, მყარი ხმა მერყევ დროებაში. მას ფართოდ აფასებდნენ იმ პრინციპული მიდგომისთვის, რომელიც ვითარების დათბობის მიმართ გამოავლინა, როცა, ამავე დროს, ასევე მტკიცედ იდგა აგრესიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ“.

გერმანიის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შმიდტს ინფექცია შეხვდა მას შემდეგ, რაც ორი თვის წინ ოპერაცია გაიკეთა, ფეხიდან თრომბის ამოღების მიზნით. ის თავის მშობლიურ ქალაქში - ჰამბურგში - გარდაიცვალა.

შმიდტი, რომელიც სიგარეტის გაბმული მოწევით იყო ცნობილი, 90 წლის ასაკშიც აქტიურ ფიგურად რჩებოდა საზოგადოებრივ ასპარეზზე. მას ხშირად იწვევდნენ სატელევიზიო გადაცემებში, რომლებშიც მსოფლიოს საკითხები და გეოპოლიტიკური პრობლემატიკა განიხილებოდა. ბევრის აზრით, გერმანიის მოქალაქეების თვალში მან ხანდაზმულ ასაკში უფრო მეტი პატივისცემა მოიპოვა, ვიდრე ქვეყნის ლიდერად ყოფნის დროს.

შმიდტი მკაცრად აკრიტიკებდა როგორც ნატოს, ისე ევროკავშირის გაფართოების იდეას უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების გზით. მიმდინარე წლის აპრილში გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველ არხთან ინტერვიუში მან ამ იდეას „სისულელე“ და „გეოპოლიტიკური ბავშვური თამაში“ უწოდა. შარშან გაზეთ „ბილდის“ კორესპონდენტთან საუბარში მან ისიც თქვა, ნატო თავდაცვითი კავშირია და არა მსოფლიოს გარდასაქმნელად შექმნილი კავშირიო.

ევროპის კავშირის მესვეურების მიმართ შმიდტი უაღრესად კრიტიკულად იყო განწყობილი და მათ არაშორსმჭვრეტელობაში ადანაშაულებდა. ისინი განდიდების მანიით არიან შეპყრობილი და არ ესმით, რომ მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე ვდგავართო. უკრაინასა და საქართველოში ჩვენ არაფერი გვესაქმებაო, უთხრა შმიდტმა იმავე „ბილდს“ ამ ერთი წლის წინათ.

ამავე დროს, შმიდტი გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ავტორიტეტიანი გაზეთის, „ცაიტის“, თანაგამომცემელი იყო.

მას ფართოდ აფასებდნენ იმ პრინციპული მიდგომისთვის, რომელიც ვითარების დათბობის მიმართ გამოავლინა, როცა, ამავე დროს, ასევე მტკიცედ იდგა აგრესიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის წინააღმდეგ...
ამონარიდი თეთრი სახლის განცხადებიდან

კანცლერობის პერიოდში შმიდტი ცდილობდა შემრიგებლური პოზიცია დაეკავებინა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ გერმანიის მიმართ. თავისი პოლიტიკა მან დააფუძნა ბრანდტის „ოსტპოლიტიკის“ პარადიგმას, რომელიც ნობელის სამშვიდობო პრემიით იყო დაჯილდოებული. ამავე დროს, ის ცდილობდა დასავლეთ გერმანიის პოზიციების გაძლიერებას ნატოსა და ევროკავშირში.

შმიდტის პოლიტიკურ კარიერას ყველაზე დიდი გამოწვევა შეუქმნა ულტრამემარცხენე წითელი არმიის ფრაქციამ, RAF-მა, რომელიც თავს ესხმოდა პოლიტიკის და ბიზნესის წარმომადგენლებს, კლავდა და იტაცებდა მათ. ამ ძალადობამ პიკს მიაღწია 1977 წელს, „გერმანიის შემოდგომად“ წოდებულ პერიოდში.

შმიდტმა RAF-თან მტკიცე პოზიცია დაიკავა, კომპრომისზე უარი თქვა და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს დაპატიმრებული პარტიზანების გათავისუფლების თაობაზე. ამან კიდევ უფრო განამტკიცა მისი, როგორც ძლიერი ლიდერის, რეპუტაცია. RAF-ის თავდასხმები გაგრძელდა, მაგრამ არა უწინდელი სიმძლავრით. ორი ათწლეულის განმავლობაში ისინი შემცირდა და შეწყდა.

შმიდტი შეცვალა კონსერვატორმა კანცლერმა ჰელმუტ კოლმა, რომელმაც 1990 წელს გერმანიის გაერთიანებას უხელმძღვანელა.

შმიდტი 1918 წელს ჰამბურგში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომში ის ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცად მსახურობდა. ამ გამოცდილებამ ის ევროპის ინტეგრაციისა და კონტინენტზე მშვიდობის დამყარების აუცილებლობაში დაარწმუნა, ისევე როგორც აშშ-სთან მყარი პარტნიორობის დამყარების აუცილებლობაში, რათა მოსკოვიდან მომავალი ცივი ომის საფრთხე მოგერიებული ყოფილიყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG