Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკრძალვის მიუხედავად, რუსეთმა რამდენიმე ამერიკელ მოქალაქეს გაშვილების პროცესი დაასრულებინა


პოლინა ამერიკელ ოჯახთან ერთად
პოლინა ამერიკელ ოჯახთან ერთად
რუსეთის კანონი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში ბავშვების შვილად აყვანას უკრძალავს, ძალაში 1 იანვარს შევიდა, თუმცა მოსკოვმა რამდენიმე ოჯახს უხმაუროდ მისცა შესაძლებლობა შვილად აყვანის დაწყებული პროცედურა ბოლომდე მიეყვანა. რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას რამდენიმე ათეული ოჯახი ელოდება.

ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილმა ანტიმაგნიტსკის კანონმა ამერიკელი კენდრა სკაგსი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. გაშვილების აკრძალვის კანონის ამოქმედებამდე კენდრა ორჯერ იყო რუსეთში თავისი მომავალი შვილის სანახავად, გავლილი ჰქონდა შვილად აყვანის ყველა სამართლებრივი პროცედურა და რჩებოდა მოლოდინის 30 დღე, რომლის შემდეგაც პოლინა აშშ-ში უნდა ჩაეყვანა, მაგრამ პირველი იანვრიდან ვითარება ბევრი ამერიკული ოჯახისათვის გაურკვეველი გახდა: იმის გამო, რომ ანტიმაგნიტსკის კანონის მიღების შემდეგ აიკრძალა რუსეთიდან ბავშვების გაშვილება, არავინ იცოდა ზუსტად, იმოქმედებდა თუ არა კანონი იმ სასამართლო პროცესებზე, რომლებიც გაშვილების თაობაზე უკვე დაწყებული იყო. იანვრის დასაწყისში კენდრა სკაგსმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი იმედები დღითი დღე კლებულობს, თუმცა 22 იანვარს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბოლომდე მივიდოდა გაშვილებაზე დაწყებული ყველა ის სასამართლო საქმე, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე იყო დაწყებული. კენდრა სკაგსის 5 წლის შვილი, პოლინა, ამერიკულად პოლი, უკვე აშშ-შია და მისი დედა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ უმკურნალოს ბავშვის „სპინა ბიფიდას“, ანუ ხერხემლის თანდაყოლილი ნაპრალს.

„როდესაც თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა, ჩვენ მას ვუთხარით, ეს ამერიკააო. იგი ტაშის ცემას მოჰყვა და იმეორებდა: „ამერიკა, ამერიკა!..“. ეს ნამდვილად შესანიშნავი იყო... მოსკოვის ბინაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, პოლი ფანჯრის რაფაზე იჯდა, უყურებდა მოძრაობას მოსკოვის ქუჩებში და უცბათ გვითხრა, „დაგენიძლავებით, რომ ნამდვილად არ მივდივარ ამერიკაში, დაგენიძლავები, რომ საავადმყოფოში მივდივარო“, რადგან საავადმყოფო იყო ერთადერთი ადგილი, სადაც იგი ოდესმე უდედმამოთა თავშესაფრიდან წაეყვანათ. და ეს იყო ნამდვილი ნუგეში, როდესაც პატარა გოგო მივახვედრეთ და დავანახვეთ, რომ ამერიკაში მიგვყავდა, სადაც ამჟამად ვიმყოფებით.“


მოსკოვში რუსეთის ტელევიზიების გადამღები ჯგუფები კვალდაკვალ დაჰყვებოდნენ სკაგსებსა და მათ ნაშვილებ გოგონას, პოლინას, რომელსაც დედა ინგლისურად თვლას ასწავლიდა.

პოლინა: „ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი“.
სკაგსი: „აი, ყოჩაღ“.

33 წლის არკანზასელი მასწავლებელი კენდრა სკაგსი და მისი ქმარი იანვრის ბოლოს რუსეთში მხოლოდ მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ მანამდე კიდევ ერთმა ამერიკულმა წყვილმა წარმატებით შეძლო შვილის დაბრუნება. "ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ოჯახი, რომელიც რუსეთის რეგიონალური სასამართლოებისაგან შვილად აყვანის უფლების მინიჭებას მოელის", - ამბობს კენდრა სკაგსი. ასეთ ოჯახებს შორის იყო 49 წლის კიმ სამერსი და მისი ქმარი, რომლებსაც დღე-დღეზე უნდა ეშვილებინათ უდედმამო ბავშვი, როდესაც ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონი ამოქმედდა.

კიმ სამერსმა ამას წინათ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ იგი რუსეთის კალუგის რაიონში ჩავიდოდა და თავისი ბიჭის გარეშე არ დაბრუნდებოდა აშშ-ში. თუმცა კიმს ამის გაკეთება არ დასჭირდა. ცოტა ხნის წინ კალუგის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა საჭირო დოკუმენტი მისცა, სულ ბოლოს კი თავისი 22 თვის შვილის, სტანისლავის, პასპორტიც მიიღო.

კიმ სამერსი და კენდრა სკაგსი სამშობლოში გამგზავრებამდე აშშ-ის საელჩოში შეიკრიბნენ იმ დანარჩენ 15 ოჯახთან ერთად, რომლებიც ბავშვების შვილად აყვანის პროცედურის დასრულებას ელოდებიან. კიმ სამერსი და კენდრა სკაგსი ამბობენ, რომ ისინი იმ ასობით ამერიკელ ოჯახთან ერთად გააგრძელებენ ბრძოლას, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოცემულმა გაშვილების აკრძალვის კანონმა იმ დროს მოუსწრო, როდესაც მათ უკვე დაწყებული ჰქონდათ შვილად აყვანის პროცედურა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ამერიკელ მოქალაქეებს სასამართლოსთან აშშ-ის საელჩომ უშუამდგომლა შვილად აყვანის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად. ასეთი შუამდგომლობა აშშ-ის საელჩოს შემდგომშიც მოუწევს, რადგან რუსეთის რამდენიმე რეგიონალურმა სასამართლომ შეაჩერა გაშვილების ადრე დაწყებული პროცედურა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG