Accessibility links

140 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დღის სინათლე იხილა ილია ჭავაჭავაძის „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ გაზეთ „ივერიის“ პირველმა ნომერმა, რომელიც, თავდაპირველად, კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით გამოდიოდა, მოგვიანებით კი, ჯერ ჟურნალად, შემდეგ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა. „ივერია“ დაიხურა ილიას გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1906 წელს. „ივერიამ“ დიდი როლი ითამაშა როგორც ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში, ასევე ევროპეიზმის იდეის დამკვიდრებაში. გასული საუკუნის 90-იან წლებში (1989-1997 წწ.) გაზეთის გამოცემა განაახლა „ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ“. უფრო მეტს იმაზე, თუ რა კვალი დააჩნია გაზეთმა „ივერიამ“ საქართველოს კულტურულსა და პოლიტიკურ ცხოვრებას?

ანტონ ვაჭარაძეს – საისტორიო ცენტრალური არქივის დირექტორს, „ივერიის“ პირველ ნომერთან ერთად შემოაქვს ის დოკუმენტები, რომელთა გარეშეც რუსეთის იმპერიაში შეუძლებელი იყო გაზეთის გამოცემა:

„ამ ნომერს წინ უძღოდა, რა თქმა უნდა, შეთანხმებები კავკასიის ცენზურის კომიტეტთან, რომელიც შემდეგ თავად ათანხმებდა მეფის ნაცვლის კანცელარიაში ილია ჭავჭავაძისა და სერგეი მესხის თხოვნას იმის თაობაზე, რომ მათ სურდათ ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის, „ივერიის“ დაარსება და გამოცემა. სხვათაშორის, 1 იანვრიდან ითხოვეს და ეს პროცესი ძალიან არ გაჭიანურებულა, სულ რაღაც, ორ თვეში მოახერხეს ის, რომ პირველი ნომერი გამოეცათ“.

„ივერიის“ პირველი ნომერი, ილია ჭავაჭავაძის წინასიტყვაობით, 1877 წლის 3 მარტს გამოვიდა. გაზეთის საცალო ფასი 15 კაპიკი იყო, ათი თვის გამოცემა კი 6 მანეთი ღირდა. ცენზურის კომიტეტსა და კავკასიის სამეფისნაცვლოს რედაქციისთვის განსაზღვრული ჰქონდათ თემები, რომლებიდანაც გაზეთის თანამშრომლებს არ უნდა გადაეხვიათ. მართალია, თემები მრავალფეროვანი იყო, მაგრამ ცენზურა სტატიების შინაარსსაც დეტალურად ჩხრეკდა.

„რა თქმა უნდა, რაც არ აწყობდათ, რასაც თვლიდნენ, რომ სახიფათო იყო და შეიცავდა მთავრობის წინააღმდეგ მოწოდებას (შეფარულს თუ ღიას) ან არ იყო ხელისუფლებისთვის მისაღები, ამ ყველაფერს ხაზავდნენ ან არ უქვეყნებდნენ, ან ავალებდნენ გადაკეთებას“, – უთხრა ანტონ ვაჭარაძემ რადიო „თავისუფლებას“.

თუმცა ილია ჭავჭავაძე და „ივერიის“ თანამშრომლები მაინც ახერხებდნენ ცენზურის გაცურებასა და გვერდის ავლას. გაზეთის რედაქცია და მაქსიმე შარაძის სტამბა განთავსებული იყო ილიას სახლში, სადაც ახლა მწერლის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია გახსნილი. აქვე იმართებოდა ცნობილი ხუთშაბათობები. ილიას ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის კურატორის, მზია ნადირაძის თქმით, იმ დროის საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკა მძვინვარებდა. შესაბამისად, საჭირო იყო რაღაც ძალა, რომელიც წინ აუღდგებოდა ცარიზმის პოლიტიკას:

„ასეთი იყო ქართული პრესა, რომელიც დაუპირისპირდა თავისუფლებით, ეროვნული თვითშეგნებისა და პატრიოტული გრძნობების გაღვივებით. ყოველივე ამის გამო, ქართული პრესა თვითმპყრობელობისთვის არასასურველ ძალად წარმოჩინდა და სიტყვა „საქართველოს“ ხმარებაც კი აიკრძალა“.

ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე

„ივერიის“ დაარსებას წინ უძღოდა ილიასავე „საქართველოს მოამბის“ დახურვა. ასევე დახურეს ე.წ. „მავნე მიმართულების“ სხვა გაზეთებიც, მათ შორის „იმედი“, ნიკო ნიკოლაძის „ობზორი“ და „დროება“. როგორც არტურ ლაისტი იხსენებდა, „დროების“ დახურვამ ააღელვა ყველა ქართველი მამულიშვილი, რომლებმაც გამართეს საგანგებო ბჭობა, რომლის შედეგადაც გადაწყდა, 1886 წლის 1 იანვრიდან „ივერია“ გამოსულიყო ყოველდღიურ გაზეთად, ილიას რედაქტორობით. როგორც მზია ნადირაძე ამბობს, ახალი წლის ღამეს, ილიასთან სახლში, სადაც რედაქცია იყო მოწყობილი, ორმოცამდე კაცი იყო შეკრებილი:

„ახალი წელი თენდება, თამადა არის რაფიელ ერისთავი. ასოთამწყობებს სტამბიდან, სარდაფიდან ამოაქვთ გაზეთის პირველი, ჯერ კიდევ თბილი ნომერი, რომელსაც მიართმევენ ილიას, ილია გადასცემს თამადას, თამადა მოითხოვს თასს. დიასახლისს, ოლღას გამოაქვს ვერცხლის თასი, მასში დებენ გაზეთს და ასხამენ ყვარლიდან ჩამოტანილ წითელ ღვინოს და თითო ყლუპით საღამოს ყველა მონაწილე დააგემოვნებს სტამბიდან ახალამოსულ გაზეთს, მისი შრიფტის საღებავით შეზავებულ ღვინოს, რომლითაც შესვეს მომავალი წლის სადღეგრძელო“.

ილიას სამუშაო მაგიდაზე დღესაც აწყვია მისი რედაქტორობით გამოსული „ივერიის“ ნომრები. როგორც მუზეუმების გაერთიანების კოლექციებისა და ფონდების მენეჯერი ნელი ბუმბეიშვილი გვიჩვენებს, აქვეა უიშვიათესი, სარეკლამო დანიშნულების საფერფლე:

„მასზე აღნიშნულია მისამართი: ნიკოლოზის ქუჩა N21, გაზეთის რედაქციის, ილია ჭავჭავაძის სახლის მისამართი, სადაც მდებარეობდა „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. საფერფლის დამამზადებელთ არ დავიწყებიათ რედაქციის ტელეფონის ნომერიც: 227, რომელზეც გაზეთის ხელისმომწერებს ადვილად შეეძლოთ დაერეკათ და დაკავშირებოდნენ რედაქციას“.

უკავშირდებოდნენ და აქტიურადაც კითხულობდნენ გაზეთს. ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის თქმით, „ივერიის“ აქტუალობას მისი შინაარსი და ენა განაპირობებდა.

„მოწოდებული იყო ეს გაზეთი, რომ ყოფილიყო გამწვდომი ყველა ქართველზე. ივანე კერესელიძის „ცისკარში“ ჯერ ისევ წერდნენ ლიტერატურული სტილით, რომელიც გაეგებარი იყო უბრალო ხალხისთვის, შეიძლება ტვინი მოეტეხათ. „ივერიაში“ კი ახალი ენა შექმნეს თერგდალეულებმა, ყველასთვის ხელმისაწვდომი. ეს იყო ერთგვარი საშუალო ენა – არც ვულგარული და არც ზედმეტად გართულებული, არქაული ფორმებით დატვირთული მაღალი სტილისა“, – უთხრა ლევან გიგინეიშვილმა რადიო „თავისუფლებას“.

ყველა ქართველისთვის გამოსულ გაზეთს მიზანიც განსაკუთრებული ჰქონდა. რუსეთის იმპერია მაქსიმალურად ეწინააღმდეგებოდა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას. „ივერიაც“ იმიტომ დაერქვა გაზეთს, რომ საქართველოს ხსენება აკრძალული იყო. არადა, ილია დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის იმპერია დაიქცეოდა და საქართველოც დადგებოდა ერად სხვა ერთა შორის:

„ილიას ჰქონდა ახალი პროექტი ქართველი ერისთვის, რომ ვართ არა მარტო კულტურული ერი იმპერიის შემადგენლობაში, არამედ ვართ ერი, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური პროგრამა აქვს. ილია ფიქრობდა, რომ, თანდათანობით, იმპერიები იშლება, ერი-სახელმწიფოები წარმოიშვება და ის იმედოვნებს, რომ საქართველოც დადგება ერთად სხვა ერთა შორის და, რომ რუსეთის იმპერიის დაქცევის შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. ამისთვის უნდა გავერთიანდეთ, უნდა მოხდეს ერთიანი მეტანარატივის ჩამოყალიბება, რომ „ივერიას“ წაიკითხავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ეს გააერთიანებს სხვადასხვა კუთხისა და წოდების ქართველებს. ისე, მანამდეც გამოდიოდა „საქართველოს მოამბე“ (სულ 12 ნომერი გამოვიდა), მაგრამ ცენზურამ აკრძალა. თვითონ სიტყვა „საქართველოს“ ხსენება აკრძალა, ამიტომ ჰქვია „ივერია“ და არა საქართველო, რომელიც სახიფათო სიტყვად ითვლებოდა რუსეთის იმპერიაში“.

საქართველომ რუსეთის იმპერიისგან თავი დაიხსნა გასული საუკუნის 90-იან წლებში და ამაში დიდი როლი ითამაშა როგორც ილიას „ივერიამ“, ასევე 1989 წელს ილია ჭავჭავაძის საზოგადოების მიერ აღდგენილმა ამავე სახელწოდების გაზეთმა, რომელიც, საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამარ ჩხეიძის თქმით, 1997 წლამდე გამოდიოდა.

„ჩვენი მთავარი მიზნები ემთხვეოდა ილიას მთავარ მიზნებს. მაშინაც საუბარი იყო ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებაზე, ენის დაცვაზე, ქვეყნის ნორმალურ-დემოკრატიულ განვითარებაზე და, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობაზე. გვინდოდა, რომ მსგავსი ფუნქცია შეგვესრულებინა და იგივე პრინციპებისთვის გვემსახურა. ილიას „ივერია“ ეხებოდა აბსოლუტურად ყველა საჭირბოროტო საკითხსა და სფეროს. ასევე მიგვაჩნდა ჩვენც, რომ ყველა სფეროს უნდა შევხებოდით, რაც მნივშენლოვანი იყო როგორც უშუალოდ იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არსებობდა საბჭოთა იმპერია, ასევე მოვმზადებულიყავით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის“, – უთხრა თამარ ჩხეიძემ რადიო „თავისუფლებას“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG