Accessibility links

მიმდინარე წლის დასრულებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. ინტერნეტში ბევრი ამბობს, რომ 2016 წელს თამამად შეიძლება ვუწოდოთ წელი, რომელიც სიკვდილთან უპირობოდ დამარცხდა. ემოციურ და მხატვრულ მეტაფორებს საამისო საბაბიც აქვს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ, გვიან ღამით გავრცელებული ინფორმაციით ბრიტანელი მუსიკოსის, ჯორჯ მაიკლის, გარდაცვალების შესახებ.

„25 დეკემბრის დილით 53 წლის ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, ჯორჯ მაიკლი, თავის სახლში „მშვიდად გარდაიცვალა“. სწორედ ამ სიტყვებით ამცნეს მისი გარდაცვლება მსოფლიოს. ჯორჯ მაიკლის მენეჯერის, მაიკლ ლიპმანის, თქმით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა. პოლიცია ჯერჯერობით ვერ ხსნის მის გარდაცვალებას, თუმცა ამ ამბავში საეჭვოსაც ვერაფერს ხედავს.

ჯორჯ მაიკლის სრული სახელი და გვარია ჯორჯოს კირიაკოს პანაიოტუ. ის დაიბადა 1963 წელს ლონდონის ჩრდილოეთში მცხოვრებ ბერძნულ-ბრიტანულ ოჯახში. მისი მუსიკალური კარიერა დაიწყო 1981 წლიდან, როდესაც ახლო მეგობარ ენდრიუ რიჯლისთან ერთად ჩამოაყალიბა დუეტი, სახელწოდებით „Wham“. ბრიტანულ მუსიკალუ ჩარტებში მალევ გახდა ცნობილი მათი ერთ-ერთი პირველი სიმღერა, სახელწოდებით “Young Guns (Go For it)”.

1987 წლიდან ჯორჯ მაიკლი გვევლინება როგორც სოლომუსიკოსი. ამ წელს მან ორგზის მიიღო „გრემი“, პრესტიჟული მუსიკალური პრემია, ერთხელ R&B მუსიკის ჟანრში არეტა ფრანკლინთან ერთად შესრულებული სიმღერისთვის I knew you were waiting და მეორედ - ამავე წელს გამოშვებული ალბომისთვის - „Faith”. ჟურნალ „Rolling Stone“-ის ინფორმაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამ ალბომის 25 მილიონი ასლი გაიყიდა.

„სოლოკარიერის დასაწყისში ჯორჯ მაიკლი უფრო მოწიფულ და გამბედავ მუსიკოსად მოგვევლინა და სიმღერით “I want your sex” თავის მთავარ გამოწვევად ტაბუდადებული თემები აქცია, ისევ როგორც მადონამ და პრინცმა“, - წერს „როლინგ სტოუნი“ ჯორჯ მაიკლისადმი მიძღვნილ წერილში, რომელიც 26 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„ის გახსნილი, მომხიბლავი და გულწრფელი მოსაუბრეა...ამაში დასარწმუნებლად დიდი დრო არ გჭირდება, რადგან იცის, რომ ეს საქმეს წაადგება. უწოდეთ მას თვითკმაყოფილი, თუკი ძალიან მოგწონთ, და თუ ეს არ მოგწონთ, - ქედმაღალი“ - ეს კიდევ ერთი ამონარიდია 1988 წელს მის შესახებ დაწერილი ვრცელი წერილიდან, რომლის ავტორი სტივ ფონდი გახლავთ.

იმიჯი, როგორც ის საზოგადოებამ გაიცნო, ურთიერთსაწიანააღმდეგო დამოკიდებულებებს იწვევდა ხოლმე სექსუალური სკანდალებისა და ნარკოტიკების გამო. 1990-იანი წლების ბოლოს კი მან პირდაპირ უპასუხა კითხვებს, რომლებიც მის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით არსებობდა: ტელევიზიით ამცნო საზოგადოებას თავისი ჰომოსექსუალობის შესახებ.

მისი მუსიკალური ბიოგრაფია მოიცავს ერთობლივ პერფორმანსებს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: ელტონ ჯონი, უიტნი ჰიუსტონი, არეტა ფრანკლინი და სხვები. მას ეკუთვნის ათამდე მუსიკალური ალბომი, გამორჩეული ლაივ-კონცერტები და მუსიკალური ვიდეოები, რომელმაც 1980-იანი და 1990-იანი წლების ერთგვარი ვიზუალური მეხსიერება შექმნა.

იმ რამდენიმე გამოხმაურებიდან, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, გაგაცნობთ ბრიტანული მუსიკალური როკჯგუფ „ქუინის“ გიტარისტის, ბრაიან მეის, წერილს. მან ჯორჯ მაიკლთან ერთად მიიღო მონაწილეობა 1992 წელს ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ კონცერტში:

„სიტყვები არ მყოფნის. ამ სასტიკმა წელმა ამდენი კარგი ადამიანი წაიყვანა, თანაც ასე ახალგაზრდა ასაკში. და ჯორჯი? ეს კეთილშობილი ბიჭი? მისი ყველა ნიჭი? ვერც კი ჩამოვთვლი... მშვიდად განისვენე, ჯორჯ, იმღერე ფრედსა და ანგელოზებთან ერთად“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG