Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იზრდება სურსათის ფასები


ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში საქართველოში სურსათის ზოგიერთ სახეობაზე ფასების ზრდა შეინიშნება. პროდუქტების ნაწილის ღირებულების ზრდა კახეთში დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ დაიწყო, ნაწილის გაძვირება კი საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს მოჰყვა. მსოფლიოში ხორბლისა და ნავთობპროდუქტების გაძვირების შემდეგ ფასმა შაქარზეც მოიმატა. საინტერესოა, როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოს ფასების ინდექსსა და ინფლაციაზე.

კახეთში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა, რამაც ხილსა და ბოსტნეულზე ფასების მატება გამოიწვია. ამჟამად ფასები სტაბილურია, თუმცა ის, დაახლოებით, 10 პროცენტით მაღალია, ვიდრე იყო ერთი თვის წინ, ივლისის შუა რიცხვებში. გაძვირება ძირითადად შეეხო ატამს და საზამთროს. ბაზრების ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, სტიქიის შემდგომ ხილ-ბოსტნეული საშუალოდ 5-10 თეთრით გაძვირდა და ეს ფასები შენარჩუნებული რჩება.

თუ ხილ-ბოსტნეულის გაძვირება კახეთში მოსავლის განადგურებას მოჰყვა, პურის ფქვილის ფასის მატება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებამ გამოიწვია. ამის მიზეზი კი ხორბლის მწარმოებელ ძირითად ქვეყნებში გვალვის შედეგად მოსავლიანობის შემცირებაა.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგაძის განცხადებით, გვალვებამდე ხორბლის ძირითადი მომწოდებელი რუსეთი იყო, მაგრამ ივლისის დასაწყისში რუსული ხორბალი საგრძნობლად გაძვირდა და ქართულმა კომპანიებმა ხორბლის მარაგი ყაზახეთში შეიძინეს:

„ყაზახეთში შედარებით იაფი იყო ხორბალი და მათ ძალაუნებურად უნდა გაეთავისუფლებინათ თავიანთი შესანახი მეურნეობები იმისათვის, რომ ახალი ხორბალი, რომელიც სექტემბერში მოდის, დაებინავებინათ. ამ დროს მოხდა საკმაოდ ნორმალურ ფასად ხორბლის შემოტანა საქართველოში, დაბინავება, და ახლა ჩვენი წისქვილკომბინატები ყაზახეთიდან შემოტანილი ხორბლით მუშაობენ, ანუ ფქვილის ბაზარზე სტაბილურობაა.”
ივლისის პირველი რიცხვებიდან იწყებს საერთაშორისო ფასები მატებას და წლევანდელი წელი არ არის გამონაკლისი ...
ვანო მთვრალაშვილი

ხორბლით მომარაგების სტაბილურობას ისიც განაპირობებს, რომ ყაზახეთმა გადაწყვიტა საკუთარი ხორბლის ექსპორტირება მხოლოდ საქართველოს გავლით განახორციელოს.

ასევე გარე ფაქტორებს - მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებას -უკავშირდება მიმდინარე კვირაში საქართველოში საწვავის ფასის 5 თეთრით გაზრდა. ამ გაძვირების მიზეზებს განმარტავს ”ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი:

"ივლისის პირველი რიცხვებიდან იწყებს საერთაშორისო ფასები მატებას და წლევანდელი წელი არ არის გამონაკლისი. ეს განპირობებულია ტურისტულ სეზონთან დაკავშირებული მოთხოვნილების ზრდით."

ვანო მთვრალაშვილის ამ არგუმენტებს ოპონირებას უწევს საზოგადოებრივი მოძრაობა «პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს», თუმცა ეკონომისტები განმარტავენ, რომ საწვავის ბაზარი მოთხოვნილების ზრდაზე რეაგირებს.

ნავთობის გარდა, მსოფლიო ბაზარზე სასურსათო პროდუქციის გაძვირებაც შეიმჩნევა. კერძოდ, საგრძნობლად მოიმატა შაქრის ფასმა. გაეროს სასურსათო ორგანიზაცია «ფაოს» მონაცემებით, შაქრის და სხვა სასურსათო პროდუქციის ღირებულება ჯერ კიდევ რჩება უფრო ნაკლები, ვიდრე ეს იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. უფრო მეტიც, მსოფლიო ბაზარზე გარკვეული პროდუქციის გაიაფებაც შეიმჩნევა, მაგალითად - ღორის ხორცისა და ზოგადად ხორცის პროდუქტების.

„სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ექსპერტი შოთა მურღულია განმარტავს, რომ, გარე და შიდა ფაქტორების მიუხედავად, რაც სასურსათო პროდუქციის ნაწილის გაძვირებას იწვევს, მაინც შესაძლებელია ინფლაციური პროცესების რეგულირება:

"თუ კარგად დაიჭერს ქვეყანა ეგრეთ წოდებულ ფულის მასას, მაშინ ინფლაცია არ მოხდება..."
სავარაუდოდ, ალბათ წლის ბოლომდეც იქნება ინფლაცია ...
ზაზა ჭელიძე

შოთა მურღულია ფულის მასის ზრდის საფრთხეს იმ წინასაარჩევნო აქტივობებში ხედავ, რომლებიც დამატებითი სახსრების ხარჯვას უკავშირდება.

ეს პროცესები ჯერჯერობით არ ასახულა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსში - ინფლაციის მაჩვენებლებში. საქსტატმა ბოლო კვლევა ივლისის შუა რიცხვებში ჩაატარა - მაშინ, როდესაც ფასები ძირითადად ჯერ კიდევ უცვლელი იყო. ამ სამსახურის უფროსის ზაზა ჭელიძის განცხადებით, სურსათის გაძვირება აგვისტოს თვის მაჩვენებლებზე აისახება:

„სავარაუდოდ, ალბათ წლის ბოლომდეც იქნება ინფლაცია...»

ეკონომიკის ექსპერტები მცირე ინფლაციაში საფრთხეს ვერ ხედავენ - ისეთში, როგორიც, მაგალითად, ახლა აღინიშნება, როდესაც წლიური საშუალო ინფლაცია 1 პროცენტის ფარგლებშია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აზრით, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის 5-6 პროცენტიანი ინფლაცია ნორმალურ მდგომარეობად ითვლება.
XS
SM
MD
LG