Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 16 აგვისტო


„ცამეტი კანდიდატი და არჩევნები სტუდენტური აქციის ფონზე“ - ამ სტატიით გამოეხმაურა დღევანდელი „რეზონანსი“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებს. ავტორი ლიდერი კანდიდატებისა და მოსალოდნელი პროცესების შესახებ წერს.

განათლების თემაზე სხვა პუბლიკაციასაც ნახავთ. „რეზონანსში“ ქვეყნდება შვეიცარიაში მყოფი ირმა მგელაძის მოსაზრება მასწავლებელთა ტესტირების შედეგების გასაჯაროების საკითხზე. „საჯაროობაზე პრეტენზია კარგია, მაგრამ გაცემულ ინფორმაციაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაციის წყაროდ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო გვევლინება. თუ ვამტკიცებთ, რომ მასწავლებელმა ფიზიკა არ იცის, მაშინ ამოვიღოთ ეს საგანი სწავლებიდან იქამდე, სანამ არ გვეყოლება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფიზიკის მასწავლებელი. იმ სიტუაციაშიკი, როდესა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები არ ჩანს, არ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას ის, რომ ქიმიის მასწავლებლები უფრო ცუდად იყვნენ მომზადებულნი, ვიდრე მათი მოსწავლეები“, - წერს „რეზონანსის“ ავტორი.

დღევანდელი პრესა ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ხარატიშვილის 15 აგვისტოს პრესკონფერენციას ეხმაურება. „24 საათი“ წერს: „პრეზიდენტობის მსურველთა სიას, შესაძლოა, ერთი კანდიდატი, ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი დაემატოს. გადაწყვეტილება დამუშავების პროცესშია, თუმცა პოლიტიკაში მოსვლა ხარატიშვილს უკვე მოფიქრებული აქვს. ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიზეზად მან ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა დაასახელა. აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა კი საკუთარი გამოცდილებისა და ენერგიის საზოგადოებისთვის გასაზიარებლად სურს“. „ალიას“ ავტორი მიმართავს ზურაბ ხარატიშვილს: „ბატონო ზურაბ, არსად დაკარგოთ ბაჩუკი ქარდავა და პაატა დავითაია, რომლებთან თანამშრომლობასაც არ გამორიცხავთ. მათ პოლიტიკაში სააკაშვილის იარლიყი ეკრათ შუბლზე, მოიაზრებოდნენ „ნაცების“ ყურმოჭრილ მონებად. თუმცა ,,თქვენც მათ მარაქაში არ იყავით? მოკლედ, გილოცავთ, პოლიტიკური მონების ქარავანში გაერთიანებას“.

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი სოსო მანჯავიძე „ალიას“ ეუბნება, „კოჰაბიტაციამ ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. იქმნება ძალაუფლების ვაკუუმი, იზრდება ხალხის უკმაყოფილებაო“.

მსგავს განცხადებას აკეთებს „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა მიქაია: „მინდა ახალმა ხელისუფლებამ კარგად გაიგოს, რომ საზოგადოება მიხეილ სააკაშვილთან, როლანდ ახალაიასთან, მეგის ქარდავასთან, ბაჩო და დათა ახალაიებთან, ბოკერია-უგულავებთან კოჰაბიტირებული ვერ იქნება. ცოტა ხნის წინ თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ კრიმინალებთან კოჰაბიტაცია შეუძლებელია. იმედია, ეს პროცესი მართლაც დასრულდება“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG