Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 20 სექტემბერი


”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს გლდანის №8 საპყრობილის ყოფილ თანამშრომელ ვლადიმერ ბედუკაძესთან, რომელსაც ბრიუსელში დაუკავშირდა. რესპონდენტი ამბობს: ”მე ამ ვიდეოს ფარული და ღია მეთოდებით ვიღებდი ციხის დირექტორის მითითებით. დავალება მოდიოდა ახალაიასგან, კადრები მიდიოდა ზემოთ, ამაზე ისინი ხალისობდნენ და ქვედა რგოლები ამით უფროსებთან თავს იწონებდნენ. ეს ფირები მიდიოდა როგორც ახალაიასთან, ასევე სააკაშვილთან. მეტიც, ახალაია თვითონ აჩვენებდა ამ ფირებს და იმის დემონსტრირებას ახდენდა, როგორი მაგარი ბიჭია. ციხიდან გამოვიტანე ”დაბრაკული” ფირები, რომელიც ჩვენების ღირსი არ გახდა ე.წ. მაღალი საზოგადოებისთვის”. ბედუკაძე ”ალიას” ეუბნება, რომ არ აპირებდა ფირის ”გამოაშკარავებას, რადგან წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები იყო ჩასატარებელი. უცხოელების მოთხოვნა იყო, ვიდრე ბელგიაში არ ჩამოვიყვანდი ოჯახს, ამ ფირის აფიშირებისგან თავი შემეკავებინა, მაგრამ, როგორც კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ის ცრუ კადრები, როცა ორი ზედამხედველი ურტყამს ორ პატიმარს, ეს არის დადგმული სპექტაკლი, ექსტრემალურ ვითარებაში შემდეგ ჩვენი კადრებიც დაიდო”. ვლადიმერ ბედუკაძე თვლის, რომ ფირები უფრო ადრე, თუნდაც ერთი წლის წინ რომ გამოემზეურებინა, ისე გააქრობდნენ, კაციშვილი ვერ იპოვიდა.

”რეზონანსის” სათაური - ”წამება და არჩევნები”. ავტორი წერს: ”პროტესტმა არნახული მასშტაბები მიიღო და აღშფოთებამ ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ ხელისუფლების თავგადაკლული მომხრეები ან საერთოდ ემალებოდნენ მიკროფონს, ანაც უჩვეულო ”მორიდებით” საუბრობდნენ თავიანთ ”აღშფოთებაზე”. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ის წევრები, რომლებიც არ დაიმალნენ (8 წევრიდან ორი), იფიცებიან, რომ პატიმრების წამებაზე არც ერთი ”სიგნალი” არ მიუღიათ”. ”რეზონანსის” მეორე სტატიაში დაზუსტებულია, რომ კომიტეტის წევრებიდან პატიმრებისადმი მოპყრობის თაობაზე კარგად არის ცნობილი დიმიტრი ლორთქიფანიძის პოზიცია. სხვა წევრებიდან კი ”რეზონანსმა” ეკა ხერხეულიძესთან, ემზარ გელაშვილთან და ნაული ჯანაშიასთან გასაუბრება შეძლო. ისინი აცხადებენ, რომ პატიმრებს მათთან წამების ფაქტებზე არ დაუჩივლიათ და თუკი ასეთი განცხადებები იყო, ისინი არ დადასტურებულა.

”მარტო მინისტრია ნაძირალა თუ პრეზიდენტიც?” – ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი სვამს ამ შეკითხვას სტატიის სათაურშივე. ეს არის შეხმიანება პრეზიდენტის 2003 წელს წარმოთქმულ სიტყვებზე, რომელიც მას ”ფეისბუკზე” შეახსენეს, როცა ის რიგითი პოლიციელის მიერ ჩადენილი უკანონობის შემთხვევაში პასუხისმგებლობის და ნაძირლობის იერარქიაზე ლაპარაკობდა.

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ბათიაშვილი ამბობს: ”ჩვენ ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, აი, ასეთ განუკითხაობამდე და ასეთ ფაშიზმამდე, რა თქმა უნდა, მიგვიყვანა, სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ევროპული ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების ხელის გადასმის პოლიტიკამ ამ ხელისუფლების ქმედებებზე. მათი მხრიდან ყველაფერზე თვალის დახუჭვამ. აი, ეს არის მთავარი მიზეზი”. ირაკლი ბათიაშვილი ამავე ინტერვიუში შენიშნავს:”მე დარწმუნებული ვარ, შტეფან ფიულე და კიდევ სხვები, რომლებიც ”ქართულ ოცნებას” და ოპოზიციას უყენებდა ულტიმატუმს, რომ ამ შემთხვევაში შეგხვდები და იმ შემთხვევაში ვერ შეგხვდები, დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ვიდეომასალა მაგიდაზე უდევთ და ნანახიც აქვთ და ახლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იმიტომ, რომ მათ ულტიმატუმები უნდა წამოეყენებინათ სააკაშვილისათვის და მისი რეჟიმისთვის და თანაც დიდი ხნის წინ და არა ოპოზიციისათვის”.

”24 საათი” რამდენიმე სტატიით ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს. სათაურებია: ”საგანგებო მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში”, ”პროტესტის დღე” და ”ხელისუფლება აღიარებს პრობლემის სისტემურობას”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG