Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 13 ნოემბერი


ნატოს გენერალური მდივნის 12 ნოემბრის განცხადებას საქართველოზე დღევანდელი ქართული პრესა ეხმაურება. ”დაკავებებმა რასმუსენი ”უკიდურესად შეაშფოთა”” - ასე ასათაურებს სტატიას ”24 საათი”. გაზეთში შუქდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრაც: ”საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილის პირველი ვიზიტი ბოლოდროინდელმა დაკავებებმა დაამძიმა. პრემიერს ორივე უმაღლესი რანგის შეხვედრაზე პირველი ოფიციალური ვიზიტის ადგილად ბრიუსელის არჩევა მოუწონეს, თუმცა შეხვედრებზე შერჩევითი სამართლის თემა მუსირებდაო”, - წერს ”24 საათის” ავტორი.

”რეზონანსი” ამავე თემაზე: ”ივანიშვილი რასმუსენის შეშფოთების განეიტრალებას შეეცდება”. გაზეთისთვის საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ზვიად კვაჭანტირაძეს უთქვამს: ”მას შემდეგ, რაც ბატონ რასმუსენს ექნება შეხვედრა საქართველოს ახალ ლიდერთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მას ექნება სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბევრს უნდოდა, რომ საქართველოს ახალი ლიდერის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის პირველ ვიზიტს ბრიუსელში ჩრდილებით ჩაევლო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დესტრუქციული ფორმები ვერ იმუშავებს. ჩვენს გზას ნატოსკენ ვერაფერი გადაეღობება”, - განუცხადებია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ”რეზონანსისთვის”.

დღევანდელი ”რეზონანსიდანვე” შეიტყობთ, რომ ”ერთი წლის შემდეგ დაახლოებით 300-350 ათას დასაქმებულს მაქსიმუმ 360 ლარი, საშემოსავლო გადასახადის სახით, უკან დაუბრუნდება. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება გაჩნდა. ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა, მათი აზრით, ჯობდა საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირებულიყო”.

კვლავ ნატოსა და თავდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებაზე: ”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან. ის აცხადებს, რომ ნატოსთან ურთიერთობა ახალი დინამიკით გრძელდება და, ივანიშვილის რასმუსენთან დაგეგმილი შეხვედრის გარდა, 15 ნოემბერს მისი და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან დაგეგმილ შეხვედრაზეც საუბრობს. ახლახან კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტის გადადების მიზეზს კი ასე განმარტავს: ”ეს გაურკვევლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩევნებში დამარცხებულმა პრეზიდენტმა გაუგებარი მიზეზით შეცვალა გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი. ეს ნატოსთვისაც მოულოდნელი იყო. რაც შეეხება ბატონ გიორგი კალანდაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეს არის გამოძიების საკითხი”.

”ბატონო რასმუსენ, მე მიჩნდება კითხვები თქვენი განცხადების შემდეგ” - ასე იწყება შალვა ოგბაიძის მიმართვის ტექსტი, რომელსაც ”ახალი თაობა” აქვეყნებს და ჩამოთვლილი 5 შეკითხვიდან პირველი ასეთია: ”ამ წუთშიც კი, სხვა უკანონო პატიმრებთან ერთად, ციხიდან გათავისუფლებას და რეაბილიტაციას ელოდება ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” 42 წევრი, რომლებიც შარშან 26 მაისს (უმეტესი ნაწილი კი 26 მაისამდე) დააპატიმრეს სწორედ პოლიტიკური აქტივობის გამო. რატომ მაშინ არ გამოხატეთ შეშფოთება?”

”ახალი თაობის” კორესპონდენტი ბაჩო ახალაიას საქმეზე ირინა სარიშვილს ელაპარაკა: ”როგორც კი ჩვენ ერთ კონკრეტულ ადამიანამდე დავიყვანთ ამ ყველაფერს და თან სამი დაპატიმრებულიდან ორს შეღავათს გავუკეთებთ, ჩვენ ამ ადამიანებს ბევრად უკეთეს მდგომარეობას შევუქმნით, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. მე მგონი, საზოგადოების მხრიდან კონკრეტული რეაქციები სწორედ აქეთკენ მიდის”.

”ახალ თაობაში” დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს პატიმრობიდან გათავისუფლებულ, თავის დროზე კი იარაღის შენახვის, აჯანყებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმეში მსჯავრდებულ მაია თოფურიასთან. ის ამბობს, რომ პარტია ”სამართლიანობა” ”ვარდების რევოლუციიდან” ერთ თვეში დააფუძნეს: ”მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით გვინდოდა ხელისუფლების შეცვლა. ჩვენი პოლიტიკური მიმართულება იყო ნეიტრალიტეტი და ნორმალური ურთიერთობა როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთანაც”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG