Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 3 დეკემბერი


ჟურნალებით დავიწყებ. დღეს ”ლიბერალი” და ”ტაბულა” გამოვიდა. მათში ბევრი საინტერესო პუბლიკაციაა, თუმცა თავად ჟურნალების არჩევანზე გავამახვილებ ყურადღებას: ”ლიბერალის” გარეკანი - ”6500 პატიმრით ნაკლები”, ”ტაბულის” გარეკანი - ”ჩამსხვრეული ფანჯრები”. ორივე სტატია მოსალოდნელ ამნისტიას ეძღვნება.

”ლიბერალის” ავტორი სასჯელაღსრულების მინისტრის დათვლას ეყრდნობა, როცა 6500 პატიმრის მოსალოდნელ გათავისუფლებაზე წერს. ამავე სტატიაში წაიკითხავთ: ”ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ჩნდება, ამნისტიით გათავისუფლებული პატიმრების მომავალია. რა სერვისები დახვდებათ საზოგადოებაში რესოციალიზაციისთვის, უცნობია - ეს არც ამნისტიის კანონპროექტში წერია და არც განხილვის საგანი გამხდარა”.

”ტაბულის” სტატიის ავტორი წერს: ”იმის გათვალისწინებით, რომ ამნისტია ეხება დანაშაულთა ერთობლიობას და, ამავე დროს, განახევრებას ექვემდებარება სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვადაზე ადრე საპატიმროებიდან გათავისუფლდება დაახლოებით 14000-მდე მსჯავრდებული”.

გაზეთებს რაც შეეხება, ვანო მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებულ ამბავზე წერს ”ახალი თაობა” სტატიაში ”რატომ ვერ გაბედეს ვანო მერაბიშვილის დაჭერა”. ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან. ის ამბობს: ”ჩემი აზრით, ეს იქნებოდა სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია ვანო მერაბიშვილის და მისი გუნდის მხრიდან იმისათვის, რომ ის არ გაეშვათ ოფიციალური სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში და შემდეგ ამაზე ატეხილიყო საერთაშორისო სკანდალი”.

მსგავს მოსაზრებას გამოთქვამს ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი: ”ორი რეაქცია უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან: ერთი, რომ დაეკავებინათ ვანო მერაბიშვილი, რასაც მოჰყვებოდა დიდი ხმაური, რომ ახალმა ხელისუფლებამ ჩაშალა პრეზიდენტის ვიზიტი, პარტიის გენერალური მდივანი დააკავა, ამ ინციდენტით აჭრელდებოდა დასავლეთის მედია; მეორე გზა იყო ის, რაც გააკეთეს - გაუშვეს”.

”კვირის ქრონიკაში” ქვეყნდება ინტერვიუ ორგანიზაცია ”ჩემი საქართველოს” თავმჯდომარე ელისო კილაძესთან. ის ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაში ექსპერტ გია ხუხაშვილის როლზე ლაპარაკობს.

”ვერსიაში” კი, სათაურით ”გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილის რუხი კარდინალი!”, გია ხუხაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ”მე არ ვაპირებ თავის მართლებას - არაფერში ჩავრეულვარ, არც არავინ დამინიშნავს!”, - აცხადებს ხუხაშვილი და ამავე ინტერვიუში ამბობს, რომ რამდენიმე ადამიანი მის დემონიზაციას ცდილობს, თუმცა მოტივები მისთვის უცნობია.

”ვერსია” დღეს ბაჩო ახალაიას მეუღლესთან ინტერვიუსაც აქვეყნებს. ანა ნადარეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრი” შეუქმნია. ნადარეიშვილი მისი ოჯახის მიმართ ”მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნაზე” ლაპარაკობს. ”სამეგრელოში ყველამ იცის, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში როლანდ ახალაიას ზუგდიდმა რეალურად გამოუცხადა ნდობა”.

”რეზონანსი/მთელი კვირა” თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს აქვეყნებს. საქართველოს დასავლელი მეგობრების იმ ნაწილზე, ვინც კრიტიკულად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ალასანია ამბობს: ”მათ ამ ყველაფრის დაჯერება უჭირთ და ადამიანურად უნდა გავიგოთ. ანუ, მათაც სახის შენარჩუნება სჭირდებათ და როდესაც მათთვის ნაცნობი ადამიანების მომხრეების, საჯარო მოხელეების აბსოლუტურად ობიექტური დაპატიმრება დაიწყო, მათი გაღიზიანებანარევი წუხილი გადმოითარგმნა სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებაში”.

”პატიმრობაში მყოფი სამხედრო მაღალჩინოსნები - კობა ოთანაძე, გიორგი ვაშაკიძე და გია უჩავა ხელს ადებენ!” - ეს ”ასავალ-დასავალის” მთავარი სათაურია. პატიმრობაში მყოფი გიორგი ვაშაკიძე - გიორგი ბარამიძეს, გია უჩავა კი დათა ახალაიას წამებაში ადანაშაულებენ. კობა ოთანაძე მთავარ პროკურორს დაკითხვას სთხოვს. ”ასავალ-დასავალში” კობა ოთანაძის ძმის მონათხრობიც ქვეყნდება და მის ადვოკატთან ინტერვიუც. ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძე ამბობს: ”გია კრიალაშვილის, კობა ოთანაძის და ლევან ამირიძის ლიკვიდაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები: ვანო მერაბიშვილი, გივი თარგამაძე, ბაჩო ახალაია...”. ადვოკატის თქმით, ”ზოგიერთი ექიმის ვაჟკაცობა რომ არა, ოთანაძე და ამირიძე დღეს ცოცხლები არ იქნებოდნენ”.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ბადრი ღვინჯილია კი ”კვირის პალიტრას” უამბობს 2011 წელს მისი უსაფუძვლო დაკავებისა და სასტიკი წამების შესახებ. ”კვირის პალიტრა” დღეს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმეში ახალი მტკიცებულებების შესახებაც წერს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG