Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 7 დეკემბერი


დღევანდელ პრესაში ერთ-ერთი მთავარი თემა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებული ე.წ. ”ავტომატების საქმეა”: ”რეზონანსი” – ”თავდაცვის სამინისტროდან 12 მილიონი გაქრა”; ”ახალი თაობა” – ”50 ევროიან ავტომატებს სახელმწიფო 290 ევროდ ყიდულობდა”; ”არსენალი” – ”500 დოლარიანი ”კალაშნიკოვები” რეზერვისთვის თუ ჯართისთვის?”. ჟურნალ ”არსენალის” სტატიის ავტორი წერს: ”საერთოდ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ძალზე არასახარბიელო ვითარებაა - ერთდროულად მიმოქცევაშია ათამდე სხვადასხვა კალიბრისა და ტიპის ვაზნა, რაც ძალზე ართულებს საბრძოლო დანაყოფების ლოჯისტიკურ მომსახურებას”.

”არსენალშივე” დღეს ქვეყნდება ინტერვიუ დეპუტატ ირაკლი სესიაშვილთან, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 19 წლის ასაკიდან დაწყების ინიციატივაზე ლაპარაკობს.

დღევანდელ ”ვერსიაში” წაიკითხავთ, რომ გაზეთის ინფორმაციით, ”სააკაშვილი იმ ელჩების გამოწვევას არ აპირებს, ვინც დღემდე თანამდებობაზე რჩება. გიგა ბოკერია ტაქტიკას ცვლის, მეტიც, პოლიტიკურ შანტაჟზე გადადის - კულუარული ინფორმაციით, იგი უკვე უშვებს მესიჯებს იმის შესახებ, რომ იგი მზად არის გამოიწვიონ ელჩები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ბიძინა ივანიშვილი პატიმრობაში მყოფ მათი გუნდის წევრებს გაათავისუფლებს. მათ შორის კი, უპირველეს ყოვლისა, ბაჩანა ახალაია იქნება”.

პოლიტმატიმრებისა და პოლიტდევნილების სია მისი დამტკიცების შემდეგაც რჩება განსჯა-შეფასების საგნად. ამ თემაზე ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში უმცირესობის წევრი გივი თარგამაძეც ლაპარაკობს: ”მე თუ მკითხავთ, ეგ სიები უნდა დახიო და გადაყარო! ვინ დააწესა, რომ ეკა ბესელია და ნანა კაკაბაძე, რომელსაც რაღაც ”ენჯეო” აქვს, რაღაც სტატუსებს ადგენდნენ?!”. გივი თარგამაძე ინტერვიუს დასასრულს აცხადებს: ”ჩვენ ზღვარს არაფერში გადავალთ, ოღონდ, როგორც კი საფრთხე შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი დღის წესრიგი იმავე წამს შეიცვლება. რა თქმა უნდა, მიხსენებენ ფრაზას ”სულს ამოგხდით”, მე კი ვამბობ - არ დავუშვებ პრორუსული ძალების რევანშს, არ დავუშვებ რუსთაველზე რუსეთის დროშის ფრიალს, სულს ამოგხდით!”.

პოლიტპატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების სიის შეფასებაში გივი თარგამაძის შეფასებას ეხმიანება დღევანდელი ”იუკენდის” ავტორის შეფასებაც: ”მოკლედ, რეგლამენტის დარღვევით მივიღეთ კაკაბაძე-ბესელიას კლიენტებისა და ნაცნობ-მეგობრების გამამართლებელი სია, რომელსაც დაემატა კახი კალაძის და სხვა მეოცნებე მინისტრების ახლობლები და ამას შეეწირა საქართველოს უსაფრთხოება და იმიჯი”.

”რატომ არ აღირსეს ოქრუაშვილს პოლიტდევნილობა?” – ეს ”ახალი თაობის” სათაურია. წერილი ასე სრულდება: ”ისე, მართლაც გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდა ოქრო ამ სიაში. მას, შესაძლოა, ბევრი ცოდვა აქვს, მაგრამ ისეთიც არაფერი. სხვა თუ არაფერი, პოლიტდევნილად კოკოითის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯემალ ქარქუსოვი აღიარეს. ამ ფონზე ოქრუაშვილი ნამდვილ ფრთიან ანგელოზად გამოიყურება”.

”გამგეობები პროტესტის ალყაში” – ”რეზონანსი” წერს ამ თემაზე. გაზეთისთვის ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორ ეკა გიგაურს უთქვამს: ”რა თქმა უნდა, ის, რომ გარეთ აქცია მიმდინარეობს, ეს წნეხია, მაგრამ ასევე არის ამ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებაც. თუმცა, თუკი ეს ზღვარს გადადის და ხდება შევარდნა, ეს სწორი არ არის და ხელისუფლებამ ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რომ ეს არ მოხდეს”.

”რეზონანსშივე”, ინტერვიუ დემურ გიორხელიძესთან: ”საზოგადოებას დღეს უზარმაზარი მოლოდინი აქვს. ეს დამაფიქრებელია. მერწმუნეთ, არც ერთი ქართველი არ ფიქრობს, რატომ არ მოგვიტანა ბიძინა ივანიშვილმა ერთ თვეში კეთილდღეობაო. მაგრამ ხალხი სამართლიანობას ელის. ელის, რომ დაუსაქმებელ სახელმწიფოში ადამიანების დასაქმების იმედი გაჩნდება, მოისპობა ასაკობრივი და პარტიული სეგრეგაცია, ვინაიდან დემოკრატიული საზოგადოებისთვის ეს არადამახასიათებელი და სამარცხვინო საქციელია”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG