Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 4 იანვარი


ეყოლება თუ არა ”ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა და რა გზებითაა შესაძლებელი პრეზიდენტის განეიტრალება - ამ საკითხზე სასაუბროდ გაზეთმა ”ახალმა თაობამ ” თავის ფურცლებზე მიიწვია გელა სალუაშვილი, თავმჯდომარე ორგანიზაციისა ”სამართლიანობის აღდგენის კავშირი, ხმა ერისა”. იგი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საშუალებას თავად კონსტიტუცია იძლევა, ყოველგვარი კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე. ოღონდ ამისთვის საჭიროა პარლამენტმა მიიღოს სპეციალური დადგენილება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით. გელა სალუაშვილის განმარტებით, 90 ხმა საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდეს.

”ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტის ღირსებას იცავდნენ, გვერდზე არიან გაწეულნი” - ასე ფიქრობს ”ქართული აკადემიის” თავმჯდომარე თემურ ნანეიშვილი. გაზეთ ”ახალ თაობასთან” საუბარში იგი ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სფეროში ბოლო დროს ბევრი ისეთი ადამიანის აქტიური ჩართულობა შეინიშნება, რომლებიც ”ნაციონალურ მოძრაობას” ედგნენ გვერდში და განათლებისა და მეცნიერების სისტემის ნგრევის პროცესში მონაწილეობდნენ. თემურ ნანეიშვილი კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა სვამს შეკითხვებს;” სად იყვნენ ისინი მაშინ, როდესაც უნივერსიტეტს პატრული შეუსიეს? სად იყვნენ მაშინ, როდესაც პროფესორებს ხულიგნობის მუხლით ასამართლებდნენ? რაც შეეხება გია დვალის მიერ წარდგენილ კონცეფციას, მას თემურ ნანეიშვილი დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ მეცნიერების ორგანიზება მას და მის კოლეგებსაც ასევე წარმოედგინათ, თუმცა არსად მათი ხსენება არ არის. ინტერვიუდან ირკვევა, რომ ”ქართული აკადემია” მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კრიტიკული შეფასებისგან ჯერ თავს იკავებს და თავის მოსაზრებებს 100 დღიანი პირობითი მორატორიუმის დასრულების შემდეგ გამოთქვამს.

მეცნიერებისა და განათლების სფეროს რეფორმირების საკითხს დღეს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკაც” განიხილავს. გაზეთში გამოქვეყნებული ერთ-ერთი საავტორო სტატიის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში ფასიანი სწავლების შემოღებაა მთავარი მიზეზი განათლების დონის დაცემისა საქართველოში. გაზეთში ვკითხულობთ, რომ როდესაც უნივერსიტეტი სტუდენტის კმაყოფაზეა, ერთადერთი, რასაც იგი სტუდენტს არ აპატიებს, სწავლის ფულის გადაუხდელობაა. განათლების გადარჩენისთვის, ვკითხულობთ სტატიაში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თუნდაც ორიოდე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის არსებობა და რამდენიმე სახელმწიფო საშუალო სკოლის აღდგენა.

”ხელისუფლება შეიცვალა, მეწარმეებისადმი მიდგომა კი ძველებური დარჩა?!” კითხულობს გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” კიდევ ერთი ავტორი. იგი ამბობს, რომ ბევრი მეწარმე უკმაყოფილოა საგადასახადო ინსპექტორებისა, რომლებიც ძველი, ნაცადი ჩასაფრების მეთოდით კვლავაც წერენ 500 ლარიან ჯარიმებს. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ მრავალი მეწარმე მზად არის მაღალი ფიქსირებული გადასახადი გადაიხადოს, ვიდრე მათ ჩასაფრებითა და მიუღებელი მეთოდებით მოექცნენ.
XS
SM
MD
LG